A Pure Formality

ჩვენს სიაში მარტივად შეიძლებოდა მოხვედრილიყო რომან პოლანსკის ფილმები, მაგალითად „როზმარის ბავშვი“, შემაძრწოლებელი დასასრულით, როდესაც იმის გვეშინია, რასაც არც კი გვიჩვენებს რეჟისორი, თუმცა პოლანსკი სიაში არა რეჟისორის, არამედ მსახიობის მაპლუაში მოხვდა. „წმინდა ფორმალობა“ ჯუზეპე ტორნატორეს ფილმია, რომელშიც ჟერარ დეპარდიეს პერსონაჟი, ერთ სუსხიან საღამოს, პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდება ისე, რომ მეხსიერებაში სერიოზული ჩავარდნები აქვს და არც რაიმე საიდენტიფიკაციო საბუთი ახლავს თან. გამომძიებელი (პოლანსკი) ცდილობს გაავლოს კავშირის ხაზები ამავე დღის მომხდარ მკვლელობასა და უეცრად გამოჩენილ (გზა და გონებაარეულ) დეპარდიეს გმირ ონოფს შორის. საბოლოოდ კი ირკვევა, რომ ონოფმა თავი მოიკლა, პოლიციის განყოფილება კი სინამდვილეში გარდაცვლილი ადამიანების სულების თვითგამორკვევის ადგილია.

Jacob’s Ladder

„იაკობის კიბე“ ერთ-ერთი საუკეთესო ლავკრაფტისეული ფილმია, რომელიც ლავკრაფტის მიხედვით არ გადაღებულა. ტიტულოვანი გმირი ვიეტნამის ვეტერანია, რომელიც ომის აგონიას და შვილის გარდაცვალებას ერთბაშად ცდილობს რომ გაუმკლავდეს, თუმცა მის ცნობიერ ლანდებსა და რეალობას შორის სადემარკაციო ხაზის გავლება სულ უფრო რთული საქმე ხდება. მას შემდეგ რაც დიდი ინტერესით და ძრწოლვით იხილავთ იაკობის საზარელ ისტორიებს, სადაც მონსტრებით დაწყებული, შეუცნობელი შიშით დამთავრებული, ყველაფერი უზომოდ დაგამძიმებთ. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ნანახი პერსონაჟის სიკვდილისწინა ზმანებები იყო, მას არც ბრძოლის ველისგან გამოუღწევია და საშუალებაც არ ქონია, რომ გამოვლილი ტრაგიზმები დაევიწყებინა. ძირითადად მსგავსი ფინალები, სადაც ვიგებთ, რომ ყველაფერი ან სიზმარი ან წარმოსახვის ნაწილი იყო, იაფფასიანი სიუჟტური მანევრივით აღიქმება, თუმცა „იაკობის კიბე“ ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია.

The Village

რეჟისორ ემ ნაით შამალანის მთავარი სავიზიტო ბარათი, სწორედ მოულოდნელი დასასრულებია. ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება ის სასოწარკვეთა, რომელიც „მეექვსე გრძნობის“ დასასრულს ვიგრძენით, როდესაც პირველად ბავშვობაში ვიხილეთ ის და გავიგეთ, რომ ბრიუს უილისი მოჩვენება ყოფილა. და მსგავსი დასამახსოვრებელი ფინალები ბევრია ინდოელი რეჟისორის კარიერაში, იქნება ეს „ნიშნები“ თუ „გაუტეხელი“, მაგრამ სიაში საპატიო ადგილს „სოფელი“ იკავებს, სადაც სიუჟეტი მეცხრამეტე საუკუნის მივარდნილ სოფელში ვითარდება. იქ მონსტრები ბინადრობენ და ტყეში შესვლა მოსახლეობას ეკრძალება. თუმცა ბოლოს აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში მოქმედება თანამედროვე ამერიკაში ვითარდება, უბრალოდ სოფლის მაცხოვრებლებს უხუცესები ტოტალიტარული კონტროლის ქვეშ ამყოფებენ და უმალავენ მოდერნულ სამყაროს. და ამის რეალიზაცია ერთდროულად ძალიან შემაშფოთებელი და შემდეგ უკვე – სასაცილოა.

 

1 2 3 4