„მე – ვარდის სურნელი “
კონდილიაკი
„სუნებს ვინცა ფლობს, ადამიანთა გულებსაც ის ფლობს “
პ . ზიუსკინდი – „პარფიუმერი “

 

პრელუდია

 

1993 წელს ვენეციის 45-ე ბიენალეზე ერნსტ იუნგერს თავად აკილე ბონიტო ოლივამ გადასცა „ოქროს ლომი“ – „Gran premio punti cardinali del l’arte“. იუნგერმა საგანგებოდ გამოფენის კატალოგისთვის დაწერა „პროგნოზები“. მთავარი პროგნოზი ასეთი იყო: XXI საუკუნე ტიტანთა ბატონობისა და ხელოვნების დაისის საუკუნე იქნება. ჰიოლდერლინის კვალობაზე 98 წლის პოეტიც დარწმუნებულია „ღმერთების დაბრუნებაში“. ხელოვნებამ შეინახოს ცოდნა ამ „დაბრუნების“ შესახებ. და ესაა სამყაროს გადარჩენის ეთიკური ამოცანა. ტექნიკის ექსპანსია – ვიდეო იქნება ეს, ლაზერი თუ კომპიუტერი – ენათა ბაბილონურ აღრევას უქადის სამყაროს. პლანეტარულ „მსოფლიო სახელმწიფოში“ მომძლავრებულ მასებს მცირე ელიტები გაუმკლავდებიან; ელიტები – ხელოვნებასაც და ენასაც ახალი ფორმით რომ აღჭურვავენ… „ღმერთების გარეშე კულტურა არ არსებობს“. მაგრამ სანამ ღმერთები ხელახლა იზეიმებენ თავიანთ ტრიუმფს, ჩვეულებრივმა მხატვრებმა პატიოსანმა და გამრჯე ოსტატებმაც შეიძლება იკისრონ მათი სიმულაკრების გათამაშება; გათამაშება – თუნდაც კვაზირიტუალური ესენციების დამზადებით… ერთიცაა: დიდსულოვნად უნდა ვაცალოთ ხელგამრჯე მხატვრებს, დატკბნენ თავიანთი „ძალმოსილებით“; ეგ კი არა, იქით უნდა შევუძახოთ: „Eritis-sicit-Deus“! „გახდით, როგორც ღმერთები“!

***

მხატვრობას რახანია აკლია მუშა მხატვრები; მუყაითი ოსტატები – მუშის გეშტალტით… ოსტატები, რომლებიც ლამისაა, მეთოდურად აღწევენ „სიცარიელის აუცილებელ ხარისხს“… სიცარიელესაც სჭირდება ორგანიზება, ანუ ერთგვარი რედუქცია-დაცარიელების უკიდურეს ზღვარამდე დაყვანა… ასე მიიღწევა კარგად დალაგებული და ტემპერირებული სიცარიელე; წესრიგი, რომელიც არა მხოლოდ მიეახლება ნიჰილიზმს, არამედ მის სტილსაც კი მოასწავებს… ქაოსი ხელს უშლის ნიჰილიზმს, მიაღწიოს თავის საკუთრივ არსობრივ გარკვეულობას. არადა, დინამიურ, ხდომილობებით დაყურსულსა და წმინდა ფუნქციონალობამდე რედუცირებულ სამყაროში, შარბათივით მათრობელა ჰედონიზმის გვერდით, მართლაც რომ „სიფხიზლე, ჰიგიენა და უმკაცრესი წესრიგი“ მეფობს… ასეთი ჰიგიენით გვხიბლავს მხატვარი, რომლის მორიგ პერსონაჟად ქცევა ამ ტექსტში განმიზრახავს;

თუმცა, ჯერ ნუ ვიჩქარებთ… ანდა, ვიჩქაროთ ნელა… მის არტისტულ „ავტორიზაციას“ კიდევ მოვასწრებთ… თავისი წიგნის – „მუშა. ბატონობა და გეშტალტი“ – 59-ე პარაგრაფში იგივე იუნგერი ლაპარაკობს რა კულტურული პროპაგანდის მუზეუმურ ამაოებაზე, ამასაც იტყვის: სამუზეუმო მოღვაწეობა სხვა არაფერია, თუ არა ბიურგერული უსაფრთხოების ერთი უკანასკნელ ოაზისთაგანიო… მუზეუმს, დიახაც, შვენის კონსერვატორი მხატვრის ნამუშაკევი; გამრჯე მხატვრის გეშტალტის რეპრეზენტაცია უბრალო საქმე არაა. და საერთოდ, „მუშა მხატვრის“ კონსერვატიზმი შეიძლება აღმოჩნდეს მაშველი რგოლი ხელოვნების ლიბერტარიანული „იდეალებით“ იმედგაცრუებათა მორევში; ეგ კი არა, „სწორად გაგებულ“ კონსერვატიზმს, შესაძლოა, გაცილებით მეტი კრიტიკული პათოსი აღმოაჩნდეს, ვიდრე რაგინდარა რადიკალურ კრიტიკას… ასეც შეგვეძლო გვეთქვა: „წინ, კონსერვატიზმისაკენ!“ და ამითაც შეიძლება განიარაღდეს არადიალექტიკურ ტერმინთა რეპრესიული აპარატი… „წინ, კონსერვატიზმისკენ!“ – ანუ „ისევ და ისევ, ჰუსერლიანული „უკან, საგნებისაკენ!“ არადა, კონსერვატიზმის ახალი ფორმატი მით უფრო ძნელი და ჭირვეული პრაქსისია; პრაქსისიცა და პოიესისიც… და რაც ასევე არსებითია: განათლებული კონსერვატიზმია ღირებული და არა ობსკურანტულის კონსერვატიზმი! და ეს თეზისიც ცოცხალ ესთეზისს ერითმება… განათლებულმა კონსერვატიზმმა უკეთ უწყის, რომ სილამაზე და ჰარმონია ახლა უკვე მშვენიერების იდეის მატერიალური ხორცშესხმა კი არა, თავად პოსტმოდერნული სუბვერსიის ლოგიკური გამოხატულებაა. ასეა, სილამაზის პოსტთანამედროვე კულტი გვეძლევა, როგორც რეალური გამოცდილების ტრავმატული ბირთვის დამცავი ონტოლოგიური შრე; და რაც უფრო ჯიუტად ლამობს თანამედროვე მხატვარი, გააკეთოს (sic) ლამაზი და სრულყოფილი არტეფაქტი, მით უფრო რწმუნდება მყარი, სტაბილური და პოზიტიური ღირებულებების დეფიციტში… მოკლედ, კულტურული კრიტიკის სახეობად დღეს საკუთრივ განათლებული კონსერვატიზმი შეიძლება მოგვევლინოს. და კიდევ, სახვით (უკეთ – ვიზუალურ) ხელოვნებათა ამ ორი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპების გვერდით, მესამე – ტრადიციის კონსერვატიზმია გატრუნული; ეს უკვე შკოლარულად თუ აკადემიურად ჩანერგილი კონსერვატიზმია! ნეოკონსერვატიზმის მატრიცა ესთეზიოლოგიურ პარადიგმათა „გადატვირთვის“ რაღაც ნანოტექნოლოგიურ სისტემას უნდა გულისხმობდეს და ნამდვილი მუშა მხატვრის გეშტალტსაც ამდენადვე უნდა მოასწავებდეს… ეს უკვე a la იუნგერიანული პროგნოზია!

 

„სუნი, საზოგადოდ, მდედრის “….

„რა თვალი აქვს?!“ – ჩვეულებისამებრ ასე ვიტყვით ხოლმე კარგ მხატვარზე… თუმცა, ალბათ, არავინ იტყვის, რა ყური აქვსო… მით უფრო, წარმოუდგენელია, მხატვარსა და, საზოგადოდ, არტისტზე თქვან, „რა ცხვირი აქვს?!“ პირსახეს მხატვრისას, წინამდებარე ტექსტში რომ მინდა ვათამაშო მთავარი როლი, ცხვირი, როგორც ასეთი, ერთობ პროპორციულად „აზის“… აი, მისი ოპუსების აღქმისას კი, დიახაც, „ცხვირი“, ანუ ესთეტიკური ყნოსვის მეტაორგანო გეცემათ თვალში. ყოველ შემთხვევაში, თქვენს მონამორჩილს მის სურათებში ფერზე არანაკლებ სუნი მიზიდავს.
არის რაღაც ალქიმიურიც მის ფერწერაში; და ეს „ალქიმიურობა“ უცნაურად შეზავებულა იმ პარფიუმერულ სიმპათიურობასთან, დიახაც, თვალში კი არა, ცხვირში რომ გეცემა. სუნის შეგრძნება გემოს შეგრძნების ანალოგიურიაო – ამას ჯერ კიდევ არისტოტელე შენიშნავდა. სახელდობრ, გემოს რაც შეეხება, ეს ერთგვარი ტაქტილური შეგრძნებაა და ნიჭიერი და უნიჭო ადამიანებიც, შეგრძნების ამ ორგანოთი განირჩევიანო – განაგრძობს დიდი სტაგირელი. და საერთოდ, მკვრივი სხეულის ადამიანები არ გამოირჩევიან ნიჭიერებით, სუსტი აღნაგობის მქონენი კი, პირიქით, ნიჭიერები არიანო – ამასაც „სულის შესახებ“ ტრაქტატის ავტორი წერდა. უნდა დავუჯეროთ! თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ჭარბწონიანი ადაიანები კვებისას გაცილებით ორიენტურებულნი არიან სუნზე, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანები; საკმარისია, მათ საკვებს სუნი „მოვაცილოთ“, რომ ისინი წონაში კლებას იწყებენ. სხვა საქმეა, რომ სუნი ადამიანის შემოქმედებით უნარებზეც ზემოქმედებს. სხვათა შორის, სუნის მომავალი რევოლუცია, იმედია, აუცილებლად მოითხოვს პოლიტიკურ ოლფაქტოროლოგთა სპეციალიზაციას, ელექტორატს რომ დაგეშავენ, თუმცა, გემოვნებიანი ამომრჩეველი ისედაც უნდა გრძნობდეს, რომელ პარტიას რისი სუნი ასდის. სანამ კალამი უკანმოუხედავად არ გამიქცევია, სჯობს, პოლიტიკურ დიატრიბას მოვეშვა და ისევ მხატვრობას მივხედო. ვის მხატვრობას? მოდი, ჯერჯერობით, ნუ დავაზუსტებთ – გზადაგზა მივყვეთ სუნის „კვალს“ და ვნახოთ, ვისთან მიგვიყვანს… ეგებ, კონკრეტულად არც არავისთან არ მიგვიყვანოს და დარჩეს ასე – ანონიმურად; თუმცა აკი ვთქვი, ამ ტექსტსაც ჰყავს თავისი მოდელი, როგორც პერსონაჟი. ვნახოთ, როგორ მოირგებს (და შეირგებს) ამ როლს… მახლას, ფერწერული ტილოს სუნი, ანდა უკეთესი იქნებოდა თუ ვიტყოდი, სურნელი – ის არომატია, რომელიც მიბიძგებს, გავჰყვე მის მის ნაკვალევს და თავისებური ოდოროლოგიური ექსპერტიზაც ამ კვლევაზევე ჩავუტარო. და საერთოდ, ეტყობა, არტკრიტიკამ, როგორც „გემოვნების კრიტიკამ“, თუნდაც „ესთეზიოლოგიური კრიმინალისტიკის“ ერთგვარმა დარგმაც, შესაბამისად, უნდა განავითაროს ყნოსვითი რევოლუცია – რეფლექსიის „უნარ-ჩვევები“ (როგორ შემაძულეს ეს სიტყვა!). მე ახლა, რატომღაც, ვაჟა-ფშაველას ერთი მოთხრობა მახსენდება, ჯერ კიდევ ბავშვობაში წაკითხული თხზულება – „შალვას ნანახი ხატი“; გამოცემაც მახსოვს: 1961 წელს გამოცემული სქელტანიანი ერთტომეული, ყდაზე – ლადო გრიგოლიასეული ვაჟას პროფილით… აი, ხომ ხედავთ, თითქმის გამოვტყდი, ამ ესეს მოდელსაც შალვა ჰქვია, გვარად მატუაშვილია… და ეტყობა, მასაც ჩარჩა ბავშვობაში ნანახი ხატი; მდედრის ხატი… მდედრი და მდედრის სუნი… „სუნი – საზოგადოდ მდედრის“ – ანუ არაცნობიერში დანდევნილი და შემდგომ ფერწერაში რეაბილიტირებული ხატი…

 

1 2 3 4 5