***

„იყო შარლ ბოდლერი: „მწარე და ძვირფასი…“ და მან შემოგვთავაზა ოპოზიცია: მოდერნი/ანტიკურობა. პოსტმოდერნმა ანტიკურობა ლამის თავიდან ბოლომდე განდევნა რეზერვაციაში; ბოდლერის დროს კი ანტიკურობა, თუნდაც კულტურულ-აკადემიური ოფიციოზის ჩარჩოებში, ეტყობა, მაინც თავისებური რეალობა იყო. ასეთი რეალობა ჩვენთვის რახანია, მოდერნია; წარსულში გადაბარგებული, მაგრამ მაინ – რეალობაა… „ბოროტების ყვავილების“ ავტორს აქვს ესეთი ესსე: „le peinture de vie moderne” („მხატვარი თანამედროვე ცხოვრებაში“), ვინმე ბ-ნ გ-ს რომ ეძღვნება. ბოდლერის სიცოცხლეში ერთობ პოპულარული ყოფილა ეს გიუი – ზედმეტი ფული როგორც კი გაუჩნდებოდა, მის
ლითოგრაფიებში ხარჯავდა თურმე პოეტი. ეჰ, დღეს ვიღას ახსოვს გიუი, თუმცა ფაქტია, რომ ბოდლერის ფავორიტი მხატვარი ყოფილა… რაც მთავარია – რისთვისაც გავიხსენე ეს მივიწყებული ოსტატი – ბოდლერმა მისი მხატვრობის კვალობაზე გაშალა არტისტული მოდერნიზმის ერთგვარი კონცეფცია. მაინც, რაში ხედავდა ბოდლერი გიუის ოპუსების ღირებულებას? იმხნად გავრცელებული, ანტიკურობის „რეპროდუქციებისგან“ განსხვავებით, პოეტს (და კრიტიკოსს) იზიდავდა მხატვრის მსუბუქი ჩანახატები – croquis, წამიერი გაელვებანი რომ იყო აღბეჭდილი; ნაპოლეონ III-ის საფრანგეთის ყოველდღიურობისა თუ ფიესტათა გაელვებანი… უწინაც, XVIII საუკუნეში, იყო ამგვარი „მანერა“ გავრცელებული, ოღონდ, მოუხელთებელი ხნიერებით აღსავსე ეს მყისიერება და სწრაფმავლობა, თანაც, მარადიული ჰარმონიის ნიშით შემოსილი – სწორედ გიუის ლითოგრაფიებში განჭვრიტა ბოდლერმა. დიახაც, ეს ოპუსები დააიმედებს პოეტს, რომ თანამედროვეობაც შეიძლება გახდეს ანტიკურობის ღირსი და სადარისი. ამ კონტექსტში ბინარული წყვილი მოდერნი VS ანტიკურობა იმ „რეჟიმში“ მუშაობს, რომ ანტიკურობას კი არ უნდა ჩაენაცვლოს თანამედროვეობა, არამედ გახდეს მის სწორფერი; წარმავალი და ტრანზიტული უნდა იქცეს მარადიულისა და ფუნდამენტურის კორელატურად. და მაინც, ბოდლერი ჯერ კიდევ მერყეობს: მოდერნსა და ანტიკურობას ხან კონტროვერსიად განიხილავს, ხანაც სიმეტრიულ დიადად მოიაზრებს. უცნაური (იქნებ საცნაური?) ისაა, რომ საკუთრივ პოსტმოდერნში ესახებათ მოდერნი მეორე ანტიკურობად. ეს ექსკურსი იმისთვის დამჭირდა, რათა ბოდლერის ნააზრევიდან ამომეღო ძირეული პოეტოლოგიური ესენცია: „მისტერიული სილამაზე“. „საიდუმლო სილამაზეა“ ის ესენციაც, რომლის გაზავებითაც შეიძლება „გავიგოთ“ ჩვენი მხატვრის ოლფაქტორული (სენტი)მენტალობა. „საიდუმლო სილამაზეა“ ანტიკურობის ესენციალიც… რაც შეეხება ანტიკურობა II-ს, სულაც არაა აუცილებელი, მან თანამედროვეობის ხომალდიდან „პირველი“ გააძევოს; პირიქით: ახლა უფროო აშკარაა, რომ საკუთრივ მოდერნს ხელეწიფებოდა, ხელახლა აღმოეჩინა ანტიკურობა; და, გარკვეულწილად, აღმოაჩინა კიდეც, თუნდაც მეორეხარისხოვანი ატრიბუტიკის ანდა კონსტრუქციულსტრუქტურული ინვარიანტების სახით. თუმცა, ყველაფერი ეს მაინც „ზედაპირია“. ძირეული, რაც მოდერნმა „ააღორძინა“, ეს იყო ელადის ატმოსფერო და ელემენტარულად, ლიბერალური ხელოვნების აურად აქცია. მოდერნული სნობიზმი და ელიტარიზმი პოსტმოდერნში ეგალიტარიზმად და პლებეურობად „იკითხება“. ამას განიცდის მოდერნის ადეპტი არტისტი და ცდილობს, ანტიკური სამოსი „მოდურივით“ მოირგოს ტანზე და ისე აიტანოს „სხვისი“ პოსტმოდერნული მეტასტაზებით გამოწვეული ტკივილები.

***

„არის რაღაც ანტიკური“ მის არომატულ სამყაროშიც… თუნდაც იმის გამო, რომ გამოთქმა – „არომატთა ქვეყანა“ – ბერძნულ წარმოდგენებს უკავშირდება და მარსელ დეტიენის წიგნს – „ადონისის ბაღებს“ თუ დავიმოწმებ (და დავიგემოვნებ), არაბეთის ნახევარკუნძულთან ასოცირდება. მაინცდამაინც არაბეთზე რა მოგახსენოთ და, ჩემს აწინდელ ინვენციათა პროტაგონისტის ფერწერული ტოპოსებიც არომატთა კუნძულები და ნახევარკუნძულებია; არომატთა „უცხო სამოთხეები“… ამ კოლორისტულ-ლუმინარისტულ პარადიზებში comme on le parle, საშვი მარტოოდენ ზიარებულ პარფიუმ-ესთეტებს თუ ეძლევათ.ჩვენი „ავტორის“ მეზო თუ ტრანსფიგურატიულ ოპუსებშიც სამოთხისეული წარმომავლობის, ნექტარითა და ამბროზიით დამთვრალი პერსონაჟები ბარბაცებენ, ვიბრირებენ, ლივლივებენ… მათი „მუშკ-ამბრით დაზელილ ტანის“ (ტიციან ტაბიძე) ფერწერულ ქსოვილში კი მარტოოდენ ნელსურნელება კი არა, შიგადაშიგ, ოფლის სუნიც რომ ახლავს, ძვირფას თვალთა ელვარება გამოკრთის. .. ასე ლაღობენ სარდიონი და ზურმუხტი, ლალი და საფირონი, აშმა და ბივრითი… მერე ასოციაციურად იღვიძებენ „არ ნუვოსეული“ დიაცები: სალომეა და სულამითი, კლეოპატრა და იდითი, ლორელეი და დანაია… ეს, როგორც ვალერი ბრიუსოვი იტყოდა, „გვირგვინოსანი ჰეტერები“… სხვა ნარატივია „ვნების ტეხა“ (გრ. რობაქიძე)…მერმე ამ ეროტიკული სიზმრისგან გამოღვიძება, საკუთარ თავში ჩაძირული ექსტაზის – ვნების პათოსად და დრამატულ ენერგიად გადმოღვრა… ამ ქალთა სილამაზე სულაც არაა აღსავსე „დემონური არევ-დარევით“; არაა საშიში და შემაშფოთებელი; მათი ეროტიკა გულზე არ გადის და როგორც გალაკტიონი იტყვის თავის ერთ ესსეში, ისინი ამ ვნებას არ ჭეჭყენ თავიანთი ფეხსაცმლის ქუსლებით… ასეთ დიაცთა „ტანის ენა“, ამჯერად ჰელენ სიქსს თუ დავესესხები, არ გვევლინება რევოლუციური აღსარების ფორმად, რომლის ტრანსგრესიული ენაც დაემუქრებოდა პატრიარქალურ ჰეგემონიას, გააშიშვლებდა მას და განუცხადებდა: „დაე, ძრწოდნენ ღვთისმოსავნი, ჩვენ მათ ჩვენსავე ტანს წარვუდგენთ“. ეს ქალები არც ისტერიულნი არიან… მათი სიშიშვლე რადიკალურ-დეკონსტრუქტივისტული პროტესტის ფორმად არ გადაიქცევა; ისიც ნიშანდობლივია, რომ „ტანთმეტყველება“ ამ დიაცებისა, როგორც უდრტვინველი დისკურსი მასკულინი ავტორის „ფემინისტური“ ფერ-წერის ნაკვალევშიც ვლინდება, თუმცა, ეს ნაწერი პრინციპულად განსხვავდება l’ecriture feminine -ს პოეტიკისგან, საკუთრივ ქალურისტერიული ტანის რეანიმაცია რომ გულისხმობს, ხოლო დეფორმაციის მიღმა დეფექტური „სხვაგვარობის“ რეპრეზენტაციას მოასწავებს. რიჩარდ ბარტონს უთქვამს, მსახიობი მამაკაცი მუდამ ოდნავ უფრო ნაკლებია, ვიდრე საკუთრივ მამაკაციო… რეპრეზენტაციის დისკურსი, ეტყობა, რაღაცას აკლებს მასკულინურ თვისობრიობას, თუმცა, ამავდროულად, ამძაფრებს მამრული „თვითობის“ ძალადობრივ ინტენციას. მეტიც, ანდრეა დვორკინის კონცეფციით, ძალადობის სუბიექტი და კულტურის სუბიექტი ერთ პუნქტში იყრიან თავს; და სწორედ ესაა „მამრული თვითობა“. შალვას ფერწერულ ენაში, მიუხედავად მისი „ლანდებთან ლაციცისა“, უწინარეს ყოვლისა, მამაკაცური ძალაუფლება იგრძნობა; და ესაა „თვითობის“ პირველი მეტაფიზიკური მტკიცებულება. ამ გაგებით, იგი ტიპური ფალოცენტრისტული ორიენტაციის მხატვარია – ანტიპოსტმოდერნისტი! ასეა თუ ისე, „შალვას ნანახი ხატი“ ქალისა, ანუ მისი ნა-ყოფიერი, ფერტილური („ფერწერული ტილოს“ სიმპოზიტი არ გეგონოთ!) მდედრები, „რძის ნიღბებით“ ვუალირებული ნიუები, რაღაც ბუდუარულ სივრცეში რომ ნებივრობენ, შეზრდილნიც არიან ამ ტოპოსებთან, მათ არომატიზირებულ(დის) კონტინუუმში გაზავებულნი, ზანტად გამდინარე დროსთან უნისონში იმყოფებიან… ასეთი ფერწერითაც შეიძლება შევი(მე)ცნოთ, რომ „წუთისოფელი მხოლოდ ქიმიზმია და ყნოსვაა ტანებისა… სული წვალების აორთქლებაა, იდეა – წვის ასხივოსნება“(კოსტ. კაპანელი). „Тело есть начало духа. Корень духа. А дух есть знак тела“. ეს უკვე როზანოვია; ვასილი როზანოვი… სული, როგორც ტანის სუნი, მართლაცდა, მოსწრებული ოლფაქტორული კალამბურია. და ეს ამულეტიც გულმოწყალედ მინდა, ვაჩუქო ჩვენს მხატვარს.

***

ჩვენი ყოველდღიურობა „სიშიშვლის თეატრია“… და მხატვარიც „სხეულის ისტორიას“, როგორც დემარკაციის ნარატივს, ისე წარმოგვიდგენს. ასეთი მარკერებია: წინდები, ქამარი, ხელთათმანი, სამაჯური… ისინი მაცდურად აღნიშნავენ ქალის ტოტალური სხეულის ეროტიულობას. შეღებილი ტუჩები თუ მაკიაჟიც მდედრის ტანის სტრუქტურული რეფლექსიის ინსტრუმენტებია. შეღებილი ბაგენი უკვე აღარ გამოსცემენ სიტყვას: ნახევრადღია ტუჩების ფუნქცია აღარაა არც მეტყველება, არც ჭამა, არც ღებინება, არც კოცნა… ასე იკავებს „შთანთქმა/ამონთხევის“ ადგილს ეროტიკულ-კულტურული ფუნქცია. ცხადია, ფერწერულ კომპოზიციაში სხეულებრივ მანკიერებად გვევლინება განათების პარტიტურა, ლუმიარისტული ინსცენირება… ვირტუალური რამპის შუქზე ეს დიაცები მით უფრო მაცდურად გამოიყურებიან. ყოველ სიტუაციაში საქმე გვაქვს ქალური ერექციის ნაირსახეობასთან; ერექციისა, რომლითაც ხდება მამაკკაცური ხვაშიადის „დაჭერა“. სტრუქტურათა ამგვარი მედიაციით კი ეს ხვაშიადი კარგავს თავის აბსოლუტურობას და გარიგების საგნად, ფალიურ ნიშანთა თუ ღირებულებათა ბარტერად წარმოგვიდგება. ესაა ეროტიული სიამოვნების გაცვლა, სექსუალური ნდომის „პოლიტეკონომიის“ პარადიგმული სიტუაცია. იგივე ითქმის თვალებზე ჩამოშვებულ თმებზე და, საერთოდ, თვალთა ნებისმიერ ხელოვნურ გაფორმებაზე, როგორც მზერის ვუალირებასა და კასტრაციის ექსპრესიულ ნიშნებზე… მხატვარი „ზუსტად“ მონიშნავს სიმბოლური გაცვლის პრივილეგირებულ ადგილებს და ეროტიკული სიგნიფიკაციის პროცესში რთავს ქალის ტანის როგორც „წმინდა“, ისე „უწმინდურ“ ნაწილებს; საგანგებოდ ზრუნავს ეროტიკულ მიზანსცენაზე, როგორც ფალიურ სიმულაციასა და კასტრაციის განმეორებად, პერვერსირებად სანახაობაზე. რაც შეეხება მამრებს, ისინი დემარკაციას, როგორც ფალიური დერივაციის „მუშაობას“, ნაკლებად ეპუებიან და ფეტიშ-ობიექტებსაც ნაკლებად წარმოადგენენ. ასეა თუ ისე, მხატვრის ოპუსებში სხეული თუ სხეულის ფრაგმენტი მუდამ მკაცრ ეროტიკულ დისციპლინას ემორჩილება და nude-look-ის (სიშიშვლის იმიტირებადი ტანისამოსის) ფერწერული დესკრიფციის შემთხვევაში ე.წ. „მეორადი სიშიშვლის“ რეპრეზენტაციას მოასწავებენ.

 

1 2 3 4 5