მზისგან განშორებული, განწვალებული და სიღრმისათვის განწირული, მზისკენვე ამოწვერილ, უფესვო, მაგრამ ხაზგასმულად ზედაპირულ მცენარედ ამოიზარდა, რათა ხელახლა და სამარადჟამოდ ეზიაროს ნათელს. ამიერიდან არომატული ნივთიერება, სახელდობრ, ლადანი, ფლობს პრეროგატივას, გაათანაბროს ზენა და ქვენა, წარხოცოს ზღვარი სიღრმესა და სიმაღლეს შორის; ამოძირკვოს და ფესვს ჩაუნაცვლოს თავად მცენარე; ღვთაებრივი მიზიდულობის ერთადერთ წყაროდ კი არომატი დაგვისახოს. არომატის და-სახვა სულ „სხვა“ დისკურსია! ასე წარმოგვიდგება სუნი; სურნელი… ასე წარმოგვიდგენენ ღვთაებათა მიმზიდველ არომატებს… და, მგონი, ჩვენი პოსტკრიტიკული მითის „კულტურული გმირიც“ უნდა ფლობდეს ღმერთების თუ არა, ოლფაქტორულად დაგეშილი მაყურებლის მიმზიდველი „არომატის“ დამზადების საიდუმლოს მაინც… მთავარია, ამ სურნელს მალე არ გაუვიდეს ძალა!..

 

Appendix

არიან მხატვრები, რომლებიც პორტრეტზე მუშაობისას მოდელთან ფერწერულ „ფლირტს“ არანაკლებ დროს ანდომებენ, ვიდრე თავად პორტრეტირების აქტს. შევსწრებივარ, როგორი მაზოხისტური (ვ)ნებით აჭიანურებს ამ პროცესს შალვა მატუაშვილიც… მამა პაველ ფლორენსკის მიაჩნდა, რომ ზეთის ფერწერამ ევროპული კულტურის ერთგვარი სუბსტიტუტის როლი იკისრა და ამდენადვე მოგვევლინა თავისებურ ტექნოლოგიურ მითოლოგემად; სამყაროს მხატვრული პროექციისა და მისი თვისებრივად ახალი დროითსივრცული მოდელირების ორგანონად; შესაძლებლის ფილოსოფიის რაღაც ახალ არტისტულ მოდალობად… ამას რაღაც საცეცებით გრძნობს შალვა მატუაშვილიც. ასეთი მხატვრებისთვის ფერწერა აბსოლუტურად თვითკმარი ტეხნეა. არის ამგვარ პოზიციაში რაღაც კლასიკურად „კულტურული“ და ნონკლასიკურად „უკულტურო“! ასეთ მხატვრებს „დროსთან შეამხანაგება“ უჭირთ. არც მითისა და ხელოვნების სინთეზის კუსტარული ფილოსოფოსობით არიან დაკავებულნი, მით უფრო, აჟიტირებულნი. ასე „ბნედითი ბნედა“ ჩვენს მხატვარსაც ფერწერისადმი მიჯნურობა სულაც არა ჰგონია. ამ ტიპის ხელგამრჯე ოსტატს სადღაც სწამს, რომ მითი და დიფერენცირებული არტდისკურსი (აღ)არასოდეს გადააწყდებიან ერთმანეთს. ხელოვნების მოვლინება ხომ თავადაა ნიშანი მითოლოგიური სამყაროს გადაშენებისა – აქ, ჰერაკლიტესი არ იყოს, ცეცხლი ცოცხლობს მიწის სიკვდილით! ცეცხლზე გამახსენდა: ჩვენი ოსტატი არც ცეცხლოვან ექსტაზს ელტვის. მიწის კაცი უფროა. თანაც, კაციშვილი ვერ მიხვდება, როდის აგდებს თესლს მიწაში… და მაინც, მითი თავისებურად ფეთქავს მის არტისტულ ნოეზისში. ესაა მითი, როგორც ხელოვნების „სხვა“! ხელოვნება და მითი, ისევე როგორც ცეცხლი და მიწა, მის სურათებშიც ერთმანეთს ავსებენ; დებივით არიან… როგორც ო. მანდელშტამი იტყოდა, „сестры – тяжесть и нежность“. ამ მხატვრის ნატურაშიც უცნაურად თანაარსებობენ სიმძიმე და სინაზე. მისეულ პორტრეტებში ასევე ავსებენ ერთიმეორეს რაღაც იუნგიანური „ნიღაბი“ და „თვითობა“. უცნაური ისაა, რომ პირველ მათგანს „persona“ ჰქვია. დიახ, ნიღაბი ესაა „პერსონა“. ოღონდ, ეს უსულგულო, ცარიელი და უშინაარსო საშუალოობა, ჰაიდეგერისეულ „Mam“-თანაც რომ ასოცირდება, ამ რიგიან მხატვართან ესთეტიზირებულ შეფერილობას, თუნდაც ფერუმარილს, ანდა მაკიაჟურ ფაქტურასაც იძენს. ეს ის „მაკიაჟია“ – 1859 წლიდან მოკიდებული, ბოდლერი რომ სისტემატურად იყენებს და ხელოვნური და სპექტაკულირებული სილამაზის დერივატად მოიხმობს. ფერწერულ პორტრეტთან მისასვლელი გზები პერმანენტულად იმეორებს ევოლუციის ციკლს: საკრალურსა და კარნავალურ ნიღაბსაც, ბიუსტსაც, მონეტასაც… თამაშს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ავცდებით – ადამიანმა ხომ მას შემდეგ განიზრახა პორტრეტის, როგორც ასეთის, გადმოღებ(ვ)ა, რაც მიეჩვია „მეორე“ ადამიანად თამაშს; „სხვად“ გადაქცევას. მოკლედ, პორტრეტი ნიღბის აღების (protrato; ritrato) ფენომენოლოგიას ემყარება და ერთი და იმავე ინტენციის- ბაძვითი გარდასახვის შედეგია. ფსიქოანალიტიკურად, ნიღაბი ისაა, რაც უნდა ჩამოიხსნას, რათა ადამიანი იქცეს იმად, რაც არის. აი, ხელოვნებაში კი, კერძოდ, ,,პორტრეტის ხელოვნებაში, იმის წარმოჩენა, გნებავთ, გათამაშებაა არსებითი,თუ როგორ იქცევა „ნიღაბი“ „თვითობად“; და ეს „თვითობა“ როგორ განიცდის უნიღბოდ ყოფნას, როგორ იტანჯება უნიღბოდ, რაოდენ აშინებს ნიღბის დაკარგვის საფრთხე, როგორ კლავს ნიღბის (თუ ნიღბური მუნყოფნის) ნოსტალგია… როგორ უნდა დაუბრუნდეს ნიღბურ გაუცხოებას, ანდა როგორ შეერწყას შენიღბულ „სხვას“; თავის „სხვას“… მატუაშვილიც ბაძავს მოდელს; ნაბიჯ-ნაბიჯ, დინჯად, მოზომილად უახლოვდება ობიექტს; და მერე და მერე, ამ ობიექტში აღმოაჩენს სუბიექტს, რომლის ფერწერული ვალორიზავიით კიდეც „მოსავს“ და კიდეც „აშიშვლებს“, რაც სიუზან ზონტაგისეულ ბინომს თუ მოვიხმობთ, ჰერმენევტიკაზე მეტად ეროტიკის სფერო უფროა. რახან ზონტაგი ვახსენე, ისიც ვთქვათ, რომ ამგვარ ესთეტიკაში კემპის ელემენტიც შეინიშნება. კემპი კი ის ხელოვნებაა, რომელიც მიზნად ისახავს, იყოს სავსებით სერიოზული, მაგრამ ამგვარად მაინც არ აღიქმება, რადგანაც ის მუდამ „მეტისმეტია“. ეს უკვე გემოვნების საკითხია. თანაც, ერთია ვიზუალური გემოვნება და სულ სხვაა გემოვნება, რომელიც ეხება ადამიანებს. ერთია გემოვნება ხელოვნების სფეროში და მეორეა გემოვნება მორალის სფეროში. ასეა თუ ისე, კემპი ყველაფერს ციტაციის ბრჭყალებში აღიქვამს. არა ქალი, არამედ „ქალი“. აი, ცხოვრების, როგორც თეატრის მგრძნობელობითი სფეროს განვრცობა… კემპის ისტორია სნობური გემოვნების ნაწილიაო – ამასაც ზონტაგი იტყვის…

***

პორტრეტი მატუაშვილისთვისაც მოდელის სამომავლო ხატის წინასწარი მოგონებაა; მომავლისაკენ გამზერილი ინტენცია; პროპექტ(რ)ირებული ინტენცია… იმგვარი პორტრეტული იმიჯისა, დროში რომ უნდა მიიღოს მოდელმა; მიიღოს და მოირგოს, როგორც ზედროული ნიღაბი; შეეგუოს ამ ნიღბის ყოფიერებას, პრევენციულად შევიდეს „ონტოლოგიურ ასაკში“, განიმსჭვალოს ამ ასაკის მარადიული ხიბლითა და სევდით, თუნდაც, შიშით; მძრწოლავი თუ არა, მთრთოლავი განცდით მაინც იმისა, რომ ამქვეყნად ყოველივე წარმავალია, მიმდინარე და ხანიერი… და ამ ხანიერების მოხელთების ხელოვნებაცაა პორტრეტი, რომელიც იმანენტურად გულისხმობს სევდის ნოტას. ადამიანი ხომ, ნ. ბერდიაევისა არ იყოს, ის არსებულია, რომელიც განიცდის არა მხოლოდ შიშსა და ძრწოლას, არამედ სევდასაც, შიშისაგან განსხვავებით, ზევით რომ ისწრაფვის და ასე ავლენს ადამიანის უზენაეს ბუნებას. ზოგჯერ შალვა მატუაშვილსაც ავიწყდება მოდელი; და სურათიც ამ დროს იწყებს სუნთქვას;

ამ დროს იწყება ფერწერული გამოთქმის არტიკულაცია, ტილოს ფარული ვიბრაცია, ქრომატული ქსოვილის, მისი ტექსტურის ვიბრაცია… ამას ისევ მოჰყვება თვითფრუსტრაციის ციკლი, თვითკმარი კოლორისტული თამაში, საღებავით დაგემოვნება… ღია პუანტების ვიტალურ რიტმს დროებით უნდა შეელიო, რათა Impasto-ს ტექნიკამ ადგილი დაუთმოს ლისირებისა თუ ფლეიცირების ეტაპს… ვერც მისი პორტრეტული ოპუსების პარტიტურაში დააცალკევებ ლუნარიზმს, კოლორიზმსა და ქრომატიზმს; ისინი ცალ-ცალკე და ერთად გვესახებიან ფერწერულ კლავიატურად. მატუაშვილი არაა იმ ტიპის ფერმწერი, რომელთა „ორი-სამი მონასმიც“ უკვე სურათია. ასეთი მხატვრობა ფერისა და ფორმის გამოტანჯული ძიების ნაყოფია; მტკივნეული არტისტული მშობიარობის ნაყოფი… ამის მიზეზი არა მხოლოდ მისი ნონარტისტული ნატურის სიჯიუტეა, არამედ ამბიციური თვითმიზანიც, სახელდობრ: დაუბრუნდეს სურათს და სურათოვნებას; შექმნას „რეალური ფიქცია“; „შორეული“ მოგვიახლოვოს და „ახლობელი“ დაგვაშოროს, „თავისი“ განასხვავოს და „სხვისი“ გაითავისოს… ნათელი ჩააბნელოს და ბნელი გაანათოს; სიბრტყე აქციოს გამოსახულებად და გამოსახულება „გააბრტყელოს“… გრძნობს, უფრო ზუსტად, გამოცდილებით იცის, რომ არსებობს სურათის ორი სპეციფიკური ელემენტი, სიბრტყიდან გამოსახულებისაკენ „ტრანზიტს“ რომ მოასწავებს და იმავდროულად შეესაკუთრება სურათის რეალობასაც და მის ფიქციასაც, ფორმატსაც და „ჩარჩოსაც“… ფორმატი მისთვისაც ინსტრუმენტია, ოღონდ, არა არტისტული ტეხნეს უშუალო გამოხატულება. ის მარტოოდენ ირჩევს ფორმატს, თუმცა ეს ფორმატი, თავის მხრივ, სურათის შინაგანი სტრუქტურის „ჩარჩოცაა“, რეალური ჩარჩოს ფორმასაც რომ კარნახობს მხატვარს. ამასთან, არასოდეს ცვლის ფორმატს; მუშაობის პროცესში არ ცვლის… არც ჩამოჭრა უხდება ტილოს ნაწილისა და არც მიმატება, როგორც ამას ხშირად აკეთებდა გენიალური დიეგო (ცხადია, ველასკესი). Alla prima-თი შევნიშნავ: მიმსგავსების ჟინით აღვსილს, ზოგჯერ მასაც სძალავს ხოლმე თვითცენზურის მომენტი; და ამასობაში ავიწყდება, რომ პორტრეტში მთავარ როლს თავად პორტრეტული გამოსახულება კი არა, ცოცხალი ორიგნალი, სურათის მიღმა მდგომი რეალური მოდელი უნდა ასრულებდეს. რას იზამ – პორტრეტი ურთულესი ჟანრია; თუნდაც, ინტერპერსონალური რეცეფციის რაკურსში; და არცთუ იშვიათად, ისეც ხდება, რომ პორტრეტში, რომელიც არ პასუხობს ფიზიოგნომიკური მსგავსების მიზერულ კრიტერიუმს, თვით მოდელის, როგორც ადამიანის აღიარებაც უჭირთ. და მაინც, პორტრეტი (აკადემიკოსი ენგრი ფერწერის „საჯილდაო ქვად“ რომ მიიჩნევდა) არც ამ შემთხვევაშია მსგავსების ფოკუსირება. არტისტული ნება, რომელიც დრამატული ენერგეტიკის დეფიციტის გამო ჰედონისტურ მელოდრამატიზმამდეც შეიძლება მოეშვას, იდეალის სახით მაინც გულისხმობს ხოლმე ადამიანური ორგანიკის (და არა ორგანიზმის) ცოცხალი პულსაციის განვრცობას და არტისტულ რეზონანსს გამოსცემს მას შემდეგ, როცა მთავრდება ნატურული ილუზიონიზმი; როდესაც თვალნათლივი ხდება, რომ ხელოვნებაში, მათ შორის, პორტრეტის ხელოვნებაში, ნებისმიერი ილუზია, როგორც მსგავსების ცალმხრივად აღქმული და გაგებული სატყუარა, არსებობს მანამ, სანამ გვსურს მისი დაჯერება – ანუ „თავის მოტყუება“. აი, რატომაა ძნელი გადალახვა ამ საზღვრისა, რის მერეც ბევრი რამ უნდა ირწმუნო, ბევრი რამ უნდა დაიჯერო… თუნდაც ის, რომ მხოლოდ სხეულის ფერიკი არ არსებობს, არამედ ფერის სხეულიც; ონტოლოგიური ფერი… ფერი – აღვსილი არომატით, სურნელით; სუნით… სუნით – საზოგადოდ მდედრის…

 

 

1 2 3 4 5