ახლა, ცოტა ხნით დავივიწყოთ მდედრი და ელემენტარული ინფანტილური დიქოტომია გავიხსენოთ: „კარგი სუნი/ცუდი სუნი“. შალვას ოპუსების თვალიერებისას ანუ ოპტიკური დაგემოვნებისას, მეტისმეტად კარგი სუნი გცემს; მათრობელა სურნელი… ამ აკურატულ სურათებში ქრომატულ თუ ფაქტურულტექსტულურ არომატთა მთელი ორკესტრობაა ჩართული: ფერი სურნელითაა ჩანაცვლებული, სურნელი კი – ფერით… ეტიენ ჟილსონი წერდა, მხატვარი იმით კი არ ფასდება, რა იცის, არამედ იმით, რისი გაკეთება შეუძლიაო… მატუაშვილი, „კულტურინდუსტრიის“ მამითადში ჩაბმულ ანგაჟირებულ სოციალურ არტისტთაგან განსხვავებით, ჯიუტად, ისევ „ძველმოდურ“ არტეფაქტთა რეწვითაა დაკავებული. და ეს პროცესი მისთვის – პალიტრის მომზადებით დაწყებული, პალიტრისავე გაწმენდით დამთავრებული – მთელი რიტუალია. ასეთ მხატვარზე ვერ იტყვი, ერთი ამოსუნთქვით წერსო; და მიუხედავად ამისა, დისკრეტული (წყვეტილი) „ტაქტებით“ და ზოგჯერ პუანტებით დაწერილი სურათები მაინც ერთი ამო-სუნთქვით აღიქმება… ეს ყველაფერი (და ყველა სუნი) გიბიძგებს, ამ იშვიათად გამრჯე ოსტატის პოსტსიმბოლისტურ ოპუსებს, კლასიკური სინთეზური ფერწერისა და მისი კამერული რეტროსპექტივიზმის შლეიფი რომ „დასდევს“, არა მხოლოდ ვუყუროთ, არამედ ვიყნოსოთ კიდეც – მარტოოდენ თვალით, ანდა თვალ-ყურით კი არა, „ცხვირითაც“ დავაგემოვნოთ და ამგვარ ესთეტიკურ რეჟიმში ვეზიაროთ მის აურას. ასეთი ფერწერის მაყურებელი თავადაც იწყებს მხატვრის ჟესტების გამეორებას; მხატვრისა, რომელიც ტკბება რა ფერწერით, ისეთივე გონებით აღიქვამს სუნებს, როგორც ეროსში ჩაძირული ადამიანი – ტანისმიერ „სისველეებს“. ამაზე წერდა ჩვენი დროების ერთი რუსი მხატვარი: „Запахам живописец относится страстно, как любовник к телестним субстратам – поту, вагинальным сокам, сперме, моче. Это – один из важнеищих аспектов удовольствия, приносимого современной живописью.“ ჩვენი ავტორი ამგვარ სუბსტრატებზე არ რეფლექტირებს; მით უფრო, არ ეპატირებს; და ეს ეროტიკული ალქიმიაც არაცნობიერში აქვს განდევნილი… და მაინც, მთლი ეს ოლფაქტორული (თუ ოლფაქტურული) ფსიქოანალიტიკა, საბოლოო ჯამში, ხედვით გვეძლევა; და ეს ბუნებრივიცაა: შემთხვევით ხომ არ ვიტყვით ხოლმე – „შეხედე, რა სუნი აქვს?!“ ამას ჯერ კიდევ ნეტარმა აუგუსტინემ მიაპყრო ყურადღება: „concupiscentia oculorum“. დიახაც, „sed etiam, vide quid oleat“ – შეხედეთ, რა სუნი აქვს ამ სურათებსაც; რა გამაბრუებელი სურნელი… შეხედეთ და დატკბით!

***

დიმიტრი ლიხაჩოვს ერთგან ჩაუნიშნავს ნაბოკოვის ერთობ ზუსტი მოსაზრება კარგი სტილის ზემოქმედების შესახებ, აფორიზმივით რომ იკითხება: „не столько грамматически, столько ароматически“. არომატი, გარკვეულწილად, გრამატიკაზე მეტია; და ენაც ამგვარი სურნელებით გვესალბუნება… დიახ, ენას თავისი სურნელი აქვს… და სურნელსაც აქვს თავის ენა; თავისი დისკურსი… სურნელი მთელი სამყაროა. სურნელთა სამყარო – ჩვენგან წარმავალი, მოუხელთებელი ქვეყნიერებაა.
ჩვენ ხომ ყოველწამს ვეთხოვებით „უთვალავი ფერით“ მოძღვნილ, ცოცხალ, მფეთქავ, პულსირებად სინამდვილეს; და ამასთანავე ვეთხოვებით საკუთარ თავსაც, საკუთარ მუნყოფნასაც; წარ-სულისათვის (და წარ-სუნი-სათვის) ნაანდერძევ ყოველდღიურობას… ცხადია, „სუნებში“ მარტო „პარფიუმები“ არ იგულისხმება. როლან ბარტისათვის მოგონებათა არომატულ გზამკვლევად მუნიციპალური ბიბლიოთეკა იქცა, როდესაც ის სვეტონიუსისა და მარციალეს მიხედვით სწავლობდა სქესობრივ ცხოვრებას; ქაღალდის მტვრისა და წებოს „სუნი“ დაილექა ბოსიერის სახელოსნოში, პიანინოებს რომ არემონტებდნენ, ბაიონაში მოდუღებული კაკაოს სუნიც საბოლოოდ „დაბინავდა“ მოგონებებში… და საერთოდ, ჩემი ბავშვობის სუნი, მანდალას ეს ჩაკეტილი სამყარო – „პაწია ბაიონას“ გარშემო იყოო თავმოყრილი – იგონებს ბარტი. ჩვენს ვირტუალურ მედიარეალობაში არომატმა, როგორც ასეთმა, რახანია დაკარგა უწინდელი სიწმინდე; კლოდ ლევი-სტოსისა არ იყოს, არომატს ახლა „სიბრიყვის სუნი“ ასდის… „ქსელური თამაშების“ აბლაბუდაში გახვეულნი, ინფორმაციის ნაკადს სურნელის, ამ უკვე შემთხვევითი და სადღაც, პერიფერიაში მოსროლილი კუნძულიდან მომდინარე არხით აწ აღარ ველით… ადამიანმა დაკარგა ის, რაც შეინარჩუნა ძაღლმა. ვიაჩესლავ ივანოვისეულ „სპილოს ძვლის კოშკში“, ნიკოლაი ბერდიაევის სიმბოლოდ, სწორედ ძაღლია მოხმობილი; და ეს ის ბერდიაევია, მთალი სამყარო სუნთა სიმფონიად რომ სურდა გარდაესახა. სიმფონია – ერთი და, სუნთა ერთგვარი გამოფენაც შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა; თუმცა ბაზელში ხომ მოაწყვეს ასეთი ექსპოზიცია?! წეღან სუნთა სიმფონია ვახსენე და ახლაღა გამახსენდა პოლ ვალერი, რომელიც წერდა: „ჩვენ არ შეგვიძლია, და, მაშასადამე, არც ვიცით სურნელთა ურთიერთდაკავშირება. ოჰ, რა მუსიკა შეიქმნებოდა!“ ცოტა ქვემოთ კი „ზღვის სასაფლაოს“ ავტორი იტყვის: „სურნელთა თანმიმდევრული მწკრივი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ აზრების თანმიმდევრულ მწკრივს იწვევს, მაგრამ ბგერათა თანმიმდევრული მწკრივი შეიძლება აღნიშნავდეს რაიმე ახალ არსს, ვინაიდან შეიძლება შეესიტყვისებოდეს ამა თუ იმ რთულ მოქმედებას“. აი, რატომ არ მიაჩნდა ამ საოცარ ესთეტს (და არა „ესთეტიკოსს“), რომ განკერძოებული ბგერა, საერთოდ, უფრო მეტად არარაა, ვიდრე განკერძოებული სურნელი. ჩვენი მხატვარიც, არა იმდენად განკერძოებულ ფერს, რამდენადაც განკერძოებულ სურნელს უფრო ენდობა; სურნელთა თანმიმდევრულ მწკრივს უფრო ასახავენ მისი თაიგულები, ვიდრე ფერთა მწკრივს, ფერტა რიგს, ფერთა ჯარს („რკალად ხრის…“ ).

***

„Старая литература существует в новой литературе как-бы без прописи“ – წერდა ვიქტორ შკლოვსკი. „ძველი ოსტატების“ ტეხნეც „ჩაუწურავად“ არსებობს „ ახალ ფერწერაში“.
მთავარია, არ გეშინოდეს „სხვისით“ საზრდოობის, მით უფრო, რომ „არაფერია უფრო ორიგინალური, უფრო ჩვენეული, ვიდრე ის, რომ სხვებისგან ვსაზრდოობთ. ოღონდ საჭიროა მისი მონელება. ლომი კარგად ასიმილირებული ვერძისგან არის შექმნილი“. ესეც ვალერია! რაც შეეხება „ახალ ფერწერას“, ისიც ხომ ძველდება?! მთავარია, სურნელი შეინარჩუნოს… და ჰერბარიუმად არ იქცეს. ყოველ შემთხვევაში, „ახალი ფერწერითაც“ შეიძლება არომატთა დაგემოვნება; დაგემოვნება და მისი რეპრეზენტაცია… ეს არომატი ხანდახან სურათის ნარატივადაც შეიძლება მოგვევლინოს; ოლფაქტორულ-დეზედორანტულ ნარატივად… ასეთი ლატენტური ნარატივით გვიტყუებენ შალვას ოპუსებიც; თუმცა, ეს ნარატივი თვით ამ ოპუსებში სულაც არაა გაშლილი და თემატიზირებული – ამ „ ყვავილებს“ წყალი ჩვენ უნდა დავუსხათ და გავახაროთ… მაინც, რა საოცარი რამაა ეს „სუნი“; სუნი და სურნელი… სუნს ენდობა და ძალიანაც ენდობა ადამიანი; სუნში არ ეგულება უნდობლობის ისეთი ფილტრი, აუდიო თუ ვიზუალურ „ნეთვორკებს“ რომ ახლავს… ადამიანს შეუძლია, დახუჭოს თვალები, დაიცვას ყურები, მაგრამ ძნელია, ძნელი კი არა, შეუძლებელი, დანებდეს არომატს… ყბადაღებული ზიუსკინდისა არ იყოს, არომატი სუნთქვის ძმაა; ადამიანი კი მოკვდება, თუ არ ისუნთქა. ერთი კია: სუნ-თქვის (და სუნ-თქმის) მართვაა ძნელი, რაც თავად სუნთა ფიზიკური „სისუსტიდანაც“ მომდინარეობს; სუნი რომ გამანძლებისას იოლად ინთქმევა – გზას ვერ უძლებს; და მეორეც, თავის ერთგვარობას კარგავს – „სხვასთან“ შეზავებისას ნადგურდება, ანდა ახალ სუნს წარმოშობს. ახლა წარმომიდგენია, როგორ „თხზავდა“ ახალ-ახალ სუნებს ჰენრიხ ბროკარი; პარფიუმერი, ხელოვნების ნიმუშებს რომ აგროვებდა (და ალბათ, ბროკერობდა კიდეც!). და კიდევ: გავიხსენოთ, როგორ ლამობდა მარსელ პრუსტი თავისი ხსოვნის- სუნითა და გემოთი სტრუქტურირებას; და ეს იყო დროისა და სივრცის მიღმა გა-დარჩენილი ინფორმაციის ერთადერთი „მატერიალური მატარებელი“, ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც შეეძლო, ცხოვრების ნებისმიერ გაელვებაში წარსული აწმყოსთან დაეკავშირებინა. ესეც პირველადი გრძნობადი საკითხი, პროტოინდივიდუალურიცა და ასუბიექტურიც, შემოქმედი ხსოვნის ძირითად მტვირთველად რომ გვევლინება. ახლა კი ერთად შევხედოთ, რა გემო აქვს ჩვენი ნახევრადვირტუალური ავტორის ფერწერას. უბრალოდ, შევხედოთ…

 

1 2 3 4 5