ჯონ ჩივერი

თქვენ, ალბათ ნანახი გაქვთ,  როგორ ბზრიალებს სამოცდაათი წლის დედაჩემი როკფელერის ცენტრში ყინულის მოედანზე. მას წითელი მოკლე ხავედრის საციგურაო ფორმა და ხორცისფერი ტრიკო აცვია, თეთრი თმა წითელი ლენტით აქვს შეკრული, სათვალე უკეთია  და რომელიღაც მწვრთნელთან ერთად ვალსს ცეკვავს. თავისი ასაკის მიუხედავად, დედა საკმაოდ გრაციოზულად მოძრაობს. ყინულზე სრიალში ისეთი გასაბრაზებელი ალბათ არაფერია, მაგრამ მე საშინლად ვბრაზობ და ვცდილობ, ზამთარში იმ უბანში არ მოვხვდე, ლანჩზე კი ყინულის მოედნის რესტორნებში საერთოდ აღარ დავდივარ. ერთხელ, როცა შემთხვევით საციგურაო მოედნთან გავიარე, უცნობმა ბიჭმა მკლავში ხელი ჩამავლო და დედაჩემზე სიცილით მიმანიშნა: „ერთი იმ ბებრუხანას შეხედე, რა ამბავშია!“ მაშინ სირცხვილისგან კინაღამ მოვკვდი. მეორე მხრივ კი, მესმის, მადლობელი უნდა ვიყო, რომ ჩემი ხანდაზმული დედა თავს ირთობს და ტვირთად არ მაწევს, მაგრამ მე მადლობელი მაშინ ვიქნებოდი, მის გართობას კონსპირაციული სახე რომ ჰქონოდა. როცა ვხედავ, კოხტა ჭაღარაქ ალები როგორ შეჰხარიან ქრიზანთემებს, ან როგორ ეპატიჟებიან ერთმანეთს ჩაიზე, ყოველთვის თეატრის მეგარდერობე გოგონასავით გამოპრანჭული დედაჩემი მახსენდება და თვალწინ მიდგება, რა თავდავიწყებით ბზრიალებს დაქირავებული მეწყვილისმკლავებში მომწყვდეული. და მერე სად? მსოფლიოში სიდიდით მესამე ქალაქის შუაგულში!

დედამ ყინულზე სრიალი ჯერ კიდევ ნიუ ინგლანდში, მის მშობლიურ პაწაწინა სოფელ სენტ ბოტოლფში დაიწყო. ყინულზე ვალსის ცეკვა  წარსულზე მისმიჯაჭვულობას გამოხატავს და რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო უმძაფრდება სურვილი, თავისი ახალგაზრდობისდროინდელ პროვინციულ სამყაროს შეერწყას. ალბათ უკვე მიხვდებოდით: ის ჯანმრთელობას ნამდვილად არ უჩივის, ხოლო ცვლილებებს კეთილი თვალით არ უყურებს. ერთ ზაფხულს თავისი ტოლედოელი მეგობრების მოსანახულებლად თვითმფრინავის ბილეთები ვუყიდე დაგამგზავრების დღეს ნიუარკის აეროპორტში წავიყვანე. დედა მოციმციმე რეკლამებმა, სარკისებურმა ჭერმა, ტანგოს მუსიკის ფონზე მიმდინარე განშორების  მტკივნეულმა და სენტიმენტალურმა სცენებმა ააფორიაქა. მისი რეისი ერთი საათით გადაიდო და ჩვენ მოსაცდელ დარბაზში დავსხედით. სავარაუდოდ, დედაჩემმა სენტ ბოტოლფის რკინიგზის სადგურთან შედარებით იქ ვერაფერი საინტერესო და თვალწარმტაცი ვერ აღმოაჩინა და მოიწყინა. სულ რამდენიმე წუთში მას ჩემს თვალწინ თითქოს წლები მოემატა – სახე დაეღარა და მოხუცივით მოიკუნტა,ნახევარ საათში კი სუნთქვა გაურთულდა, ხელები გულზე დაიწყო, ციებიანივით აკანკალდა და სახეზე წითლად გამოაყარა.  მე შევეცადე თავი ისე დამეჭირა, თითქოს ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ ბოლოს, როცა, როგორც იქნა, რეისზე ჩასხდომა გამოაცხადეს, სკამიდან წამოვარდა და აკივლდა: „სახლში წამიყვანე! თუ სიკვდილი მიწერია, იმ მფრინავ მანქანაში რატომ უნდა მოვკვდე!“ მე ბილეთი დავაბრუნე და დედა სახლში მივიყვანე, ხოლო მისი ისტერიკის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს. მისმა ჭირვეულობამ ან, თუ გნებავთ, ნევროტულმა შიშმა ავიაკატასტროფების მიმართ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი: გავაცნობიერე, დროსთან ერთად როგორ მატულობდა იმ საფრთხეების რიცხვი, რომელიც დედას აზრით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებოდა: წყალქვეშა რიფები, მტაცებელი ცხოველები, რომლებიც სწორედ მის გამოჩენას ელოდებოდნენ! მის გარშემო სამყარო თანდათან ფართოვდებოდა და ამ გაფართოებასთან ერთად მისთვის სულ უფრო და უფრო  გაუგებარი და მიუღებელი ხდებოდა.

მე იმ დროს საკმაოდ ხშირად მიწევდა ფრენა. სამსახურის საქმეებზე ხან რომში ამოვყოფდი თავს, ხან ნიუ-იორკში, ხან სან-ფრანცისკოში და ხანაც ლოს ანჟელესში. ერთი ქალაქიდან მეორეში ლამის ყოველ თვე გადავდიოდი. ფრენა მიყვარდა. მომწონდა მაღალ სიმაღლეზე ცის ლურჯი ფერით ტკბობა. როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მივფრინავდი, ვაკვირდებოდი, როგორ მიაბიჯებდა ღამე მთელ კონტინენტზე, ამ დროს წარმოვიდგენდი, როგორ ალაგებდნენ ქალები სუფრას ვახშმის მერე გარდენ სითიში მაშინ, როცა ჩემი საათი კალიფორნიული დროით ოთხს აჩვენებდა და ჩვენი სტიუარდესა კი სადაცაა, სასმელს მეორედ ჩამოატარებდა. ფრენის მიწურულს, როგორც წესი, თვითმფრინავში ჰაერი იხუთება, შენ იღლები და ღიზიანდები. ამ დროს აღმოაჩენ, რომ თურმე სავარძლის ოქროსფერი ნაქარგი ლოყას გიკაწრავს და წუთით გეჩვენება, რომ დაგივიწყეს, უპატრონოდ მიგაგდეს და ბავშვივით იბუტები. დედამიწაზე ყველა უცხო ხდება შენთვის და გგონია, რომ მთელი სამყარო მტრად მოგეკიდა. ბუნებრივია, თვითმფრინავში  ერთი-ორმგზავრსაც გაიცნობ, მათ შორის სასიამოვნო მოსაუბრეებიც აღმოჩნდებიან და მომაბეზრებელი ადამიანებიც. მიზეზები კი, რის გამოც ადამიანი თვითმფრინავში ჯდება და ასეთი მანძილით შორდება დედამიწას, საკმაოდ მიწიური და მოკრძალებულია. აი, მაგალითად, იმ ხანშიშესული ქალმა ჩრდილო პოლუსს მხოლოდ იმიტომ უნდა გადაუფრინოს, რომ პარიზში თავის დას ერთი ქილა ლაბა წაუღოს. მის გვერდით კაცი რომ ზის, ის ხელოვნური ტყავის ლანჩებს ყიდის.

ერთ უკუნ ღამეს, როცა დასავლეთისკენ მივფრინავდით და ლოს ანჟელესამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, ხოლო დაშვება დაწყებული ჯერ კიდევ  არ გვქონდა და დედამიწიდან ისევ იმ სიმაღლეზე ვიყავით, სადაც სახლის, ადამიანებისა და ქალაქების შეგრძნებას კარგავ, ილუმინატორიდან დედამიწაზე მკრთალი ციალი შევნიშნე. ასეთი შუქი ზღვისპირს მიყვება ხოლმე, მაგრამ იმ განედზე წყლის ნაპირის არსებობა გამორიცხული იყო და მაშინ მივხვდი, რომ ვერასოდეს გავიგებდი, რას ნიშნავდა იმ ლიცლიცა სინათლის გამოჩენა – უდაბნოს კიდეს, კლდის პირს თუ გზას მთებში. იმ სიმაღლიდან და იმ სიჩქარით გადაადგილებისას დანახული მისტიური სინათლე თითქოს უცხო სამყაროს მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, რომელიც  ჩემს სრულ უსუსურობაზე მიმანიშნებდა, იმაზე, რომ არავითარი შანსი არ მქონდა გამერკვია, რა ხდებოდა ჩემს ცხვირწინ და ამასთან ერთად, მახსენებდა, რომ წარმავალ სამყაროს მივეკუთვნებოდი. მახსოვს, სასიამოვნო შეგრძნება იყო, ყოველგვარი მწარე განცდის გარეშე. თითქოს ისეთი მნიშვნელოვანი მისტიური მოვლენის მომსწრე გავხდი, რომელიც ალბათ ჩემ შვილებამდეც მიაღწევდა, ხოლო ისინი კი ნამდვილად შეძლებდნენ საიდუმლოს ამოხსნას.

როგორც უკვე ვთქვი, ფრენა მიყვარდა და დედაჩემივით კანკალი არ მეწყებოდა. ჩემმა უფროსმა ძმამ, მისმა განსაკუთრებულად საყვარელმა შვილმა მემკვიდრეობით დედის სიმტკიცე, სიჯიუტე,  სადილის ვერცხლეული და გარკვეულ დონეზე, ექსცენტრიული ხასიათიც მიიღო. ერთ საღამოს ჩემმა ძმამ დამირეკა და ჩემთან ერთად სადილობის სურვილი გამოთქვა. დიდი ხანი იყო, რაც ერთმანეთი არ გვენახა და მე დიდი სიხარულით მივიწვიე ჩემთან. რვის ნახევარზე მან დამირეკა და ქვემოთ ჩასვლა მთხოვა. თავიდან ვიფიქრე, ჩემთვის რაღაცის თქმა პირადად უნდოდა, მაგრამ როდესაც ჩავედი, ის ლიფტში შემოვიდა. ჩვენ მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობთ. როგორც კი ლიფტი დაიძრა, ჩემ ძმას პანიკის იგივე სიმპტომები დაეწყო, რაც დედას აეროპორტში.  შუბლზე ოფლმა დაასხა და დიდი ხნის ნარბენივით ქოშინი აუტყდა. „რა ჯანდაბა მოგივიდა?“ ვკითხე მე. „ლიფტის მეშინია.“ საწყლად ამოხდა. „კი მაგრამ, რისი უნდა გეშინოდეს?“ „მეშინია, რომ მთელი სახლი ჩამოიქცევა.“

გამეცინა. ახლა მგონია, რომ სასტიკად გამომივიდა, მაგრამ მაშინ ძალიან მხიარული სანახავი იყო, როგორ სჯეროდა, რომ ნიუ-იორკში შენობები ჩამოიქცეოდა და სათამაშო კეგლებივით ერთმანეთს მიეჯახებოდა. ჩემსა და ჩემ ძმას შორის ყოველთვის იგრძნობოდა ერთგვარი ეჭვიანობა თუ შური. სულ მეგონა, რომ მას ჩემზე უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდა, და ამიტომ, ჩემზე უკეთესად ცხოვრობდა და დამამცირებელ მდგომარეობაში მისი ხილვა, მართალია, არ მიხაროდა, მაგრამ გულზე კი მელამუნებოდა. როგორც ჩანს, ქვეცნობიერ შეჯიბრში, რაც ჩვენი ურთიერთობის წარმართველ ძალას წარმოადგენდა, იმ დღეს საკმაოდ დავწინაურდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის დედასთვის გამორჩეული შვილი იყო, მაგრამ როცა ლიფტში მის ტანჯვას ვუმზერდი, მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა თავში – იმას უბრალოდ, შიშს აყოლილი ჩემი საწყალი ძმა ერქვა. როგორც იქნა, მეთერთმეტე სართულამდე ავაღწიეთ. ჩემი ძმა ლიფტიდან გამოვიდა და სულის მოსათქმელად დერეფანში გაჩერდა. იქ გავიგე,  დიდი ხანია,  ლიფტის შიში დასჩემებოდა. ფსიქიატრთანაც უვლია, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. როცა სახლში შევედით, ჩემ ძმას სახეზე ფერი კი დაუბრუნდა და თითქოს შიშმაც გადაუარა, მაგრამ შევნიშნე, რომ ფანჯრებთან მისვლას ერიდებოდა. წასვლისას გარეთ ლიფტამდე გავყევი, მაინტერესებდა, რას იზამდა. როცა ლიფტის კარი გაიღო, მომიბრუნდა და მითხრა: „მგონი, ჯობია, კიბით ჩავიდე.“  ორივე ნელ-ნელა ჩავუყევით კიბეს. ის მოაჯირს ეჭიდებოდა. ქვემოთ დამემშვიდობა და  სახლში ლიფტით ავედი. ჩემ ცოლს ჩემი ძმის ფობიის შესახებ ვუამბე და ისიც ვუთხარი, მას ჰგონია,ნიუ-იორკში შენობები ჩამოიქცევა-მეთქი. ჩემ ცოლს ჩემი ძმა შეეცოდა, ისევე, როგორც მე, მაგრამ ამავდროულად, მისი აკვიატება ორივეს გამაოგნებლად და სასაცილოდ გვეჩვენებოდა.

თუმცა, სასაცილო იყო მაშინ და არა ერთი თვის შემდეგ, როდესაც კომპანიის ოფისი, სადაც ჩემი ძმა მუშაობდა, ორმოცდამეთორმეტე სართულზე გადავიდა და მას სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია. ზუსტად არ ვიცი, საამისოდ რა მიზეზი დაასახელა. ექვსი თვე დასჭირდა ახალი სამსახურის მოსაძებნად, რომლის ოფისი მესამე სართულზე მდებარეობდა. მახსოვს, ერთხელ ჩემ ძმას ზამთრის საღამოს ბინდბუნდში მოვკარი თვალი: ინტელიგენტური გარეგნობის, ცივილიზებული, კარგად ჩაცმული მამაკაცი, მედისონ ავენიუსა და ორმოცდამეცხრამეტე ქუჩის გზაჯვარედინზე იდგა და მწვანე შუქს ელოდებოდა. ნეტავ, მასთან ერთად რამდენი მისი მსგავსი უცნაური, თავისი შიშის ტყვეობაში მოქცეული ადამიანი ელოდებოდა მწვანე შუქს ქუჩის მეორე მხარეს გადასასვლელად, ვინც ხალხის მასას ალბათ მოვარდნილ ღვარცოფად აღიქვამდა, ხოლო ტაქსის მძღოლს, რომელიც მათ გზაჯვარდინზე უახლოვდებოდა, სიკვდილის ანგელოზად.

 

1 2 3