დილის სამ საათზე სასტუმროს ფანჯრიდან სანსეტ ბულვარს გავცქეროდი და უცებ გონება გამინათდა. მივხვდი, რომ ჩემში ჩაბუდებული  სასოწარკვეთილება მუდმივად ცვალებადი სამყაროს მიმართ ხიდის ფობიის სახით გამობრწყინდა. ეს საკმაოდ უცნაურად მეჩვენა, რადგან მე უშიშრად დავდიოდი კლივლენდისა და ტოლედოს გარეუბნებში, სადაც „პოლონური ჰოთ დოგები“ და „ბუფალო ბურგერები“ჩაისახა და სადაც მეორადი მანქანების სასაფლაოებისა და ერთნაირი შენობების გარდა არაფერია. შემიძლია განვაცხადო, რომ ჰოლივუდის  ბულვარზე კვირა საღამოს გასეირნება ჩემი საყვარელი გასართობია და ამას გარდა, ყოველთვის აღფრთოვანებით შევხაროდი მზის ჩასვლას დოჰენის ბულვარზე გაფიჩხულ პალმებს შორის, რომლებიც გავარვარებული ცის ფონზე ძუნძგლიან ცოცხებს წააგავდნენ. არასოდეს შემპარვია ეჭვი დულუთისა და ისტ სენეკას მომხიბლველობაში, და სულ მიმაჩნდა, რომ თუ ვინმეს ქალაქი არ მოსწონს, შეუძლია, საერთოდ არ დაათვალიეროს. განსაკუთრებულ აღშფოთებას ჩემში არც სან-ფრანცისკოსა და პალო-ალტოს შემაერთებელი საზიზღარი გზა იწვევდა, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ეს ადგილი წარმოადგენს პატიოსანი ქალებისა და მამაკაცების მცდელობას,სადმე როგორმე საკუთარი საცხოვრებელი მოიწყონ და დაფუძდნენ. იგივე ჭრილში განვიხილავდი სან-პედროსა და მთელ სანაპირო ზოლსაც. სამყაროს მიმართ სწორედ ასეთი შემგუებლობისა და უშფოთველობის გამო,ჩემი ახლადშეძენილი ფობია ხიდების მიმართ ჩემ ხასიათს არ ეთანხმებოდა.ალბათ, სიმართლე იმაშია, რომ გულის სიღრმეში მე მძულს ჩვენი ავტობანები და ბუფალო ბურგერები, სამშობლოდან გაძევებული პალმის ხეები და მონოტონური არქიტექტურა დეპრესიაში მაგდებს, ხოლო მატარებლებში უწყვეტი მუსიკა ნერვებს მიწიწკნის. საშინლად განვიცდი ჩვეული ლანშაფტის ცვლილებას, ჩემი მეგობრების ხელმოცარულობა და განუწყვეტელი ლოთობა კი სულის სიღრმეში მთრგუნავს. სასოწარკვეთილება მიპყრობს, როცა თაღლითურ გარიგებებს დებენ, რასაც ლამის ყოველდღიურად ვაწყდები. ისე მოხდა, რომ სწორედ ხიდის ქიმზე გავაცნობიერე ჩემში ღრმად ჩამარხული მწვავე დამოკიდებულება  გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ და  ჩემი დაუოკებელი სწრაფვა ნათელი, მარტივი, მშვიდობიანი ცხოვრებისადმი. კარგად ვიცოდი, სანსეტ ბულვარის შეცვლა ჩემს ძალებს აღემატებოდა, თუმცა, ისიც მესმოდა, რომ ვიდრე მას ვერ შევცვლიდი, მანქანით ხიდს ვერ გადავივლიდი. რა უნდა მექნა? სენტ ბოტოლფში მშობლიურ ფესვებს დავბრუნებოდი, ძველი პიჯაკი ჩამეცვა და მეხანძრეებთან კრიბიჯი მეთამაშა? იქ ნამდვილად მოვიპოვებდი სულიერ სიმშვიდეს, რადგან სოფელში მხოლოდ ერთი ხიდია, მდინარე კი ისეთი ვიწროა, რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე ქვას სულ იოლად გადაისვრი.

სან-ფრანცისკოდან შაბათს დავბრუნდი. სახლში კათოლიკური სკოლიდან შაბათ-კვირის შინ გასატარებლად ჩამოსული ჩემი გოგონა დამხვდა. მან მთხოვა, კვირა დილით უკან, ჯერსიში, სკოლაში წამეყვანა, სურდა, დილის ცხრა საათზე მესას დასწრებოდა. შვიდს ოდნავ გადაცილებული იყო, როცა გავემგზავრეთ. გზაში ვლაპარაკობდით, ვიცინოდითდა ჯორჯ ვაშინგტონის ხიდს ისე  მივადექით, რომ ჩემი სუსტი წერტილი არ გამხსენებია. თუმცა, ყველაფერი ერთბაშად, წინასწარი შემზადების გარეშე დამეწყო: ფეხები წამერთვა, სული შემეხუთა და თვალებზე ლიბრი გადამეფარა. გადავწყვიტე, ჩემი ქალიშვილისთვის არავითარ შემთხვევაში არ მეგრძნობინებინა, რა ცუდად ვიყავი. ძალა მოვიკრიფე და სკოლამდე დროულად მივიყვანე, გამოვემშვიდობე და უკან წამოვედი. ვაშინგტონის ხიდის მეორედ გადავლა არც მიფიქრია, ამიტომ ჩრდილოეთისკენ წავედი. გეგმაში მქონდა ნაიაკამდე მისვლა და ტაპან ზის ხიდით ჰუდსონის გადაჭრა. როგორც მახსოვდა, ეს ხიდი მკვეთრად არ მაღლდებოდა და ორივე ნაპირზე მყარად იყო ჩამაგრებული. როდესაც დასავლეთის გზას დავადექი, ვიფიქრე, რომ ჟანგბადი იყო ის, რაც ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და მანქანის ყველა მინა დავუშვი. სუფთა ჰაერმა ცოტათი მიშველა, მაგრამ მხოლოდ  წამიერად. თანდათან ისევ ვკარგავდი რეალობის შეგრძნებას. გზა და მანქანა სიზმარივით მეჩვენებოდა. იქვე ახლოს ჩემი მეგობრები კი ცხოვრობდნენ, მაგრამ რადგან ჯერ დილის ცხრა საათი იყო, ძალიან მერიდებოდა ასე ადრე ვინმესთან დარეკვა, დალევის საბაბით სტუმრად მისვლა და თანაც იმის ახსნა, რომ ხიდების შიში დამჩემდა. უცებ მივხვდი, რომ ვინმესთან დალაპარაკება მჭირდებოდა და გასამართ სადგურთან გავჩერდი. მანქანაში საწვავი ჩავასხი, მაგრამ იქაური თანამშრომელი, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო და ლაკონურად მპასუხობდა, მე კი ვერ განვუმარტავდი, რომ მასთან საუბარი სიცოცხლისკენ მიმაბრუნებდა. მერე, როცა ხიდს მივუახლოვდი, იმაზე დავიწყე ტვინის ჭლეტა, რა ალტერნატივა მქონდა, თუ ამ ხიდს ვერ გადავივლიდი. რა თქმა უნდა, შემეძლო,  ცოლისთვის დამერეკა და ჩემი იქიდან როგორმე წამოყვანა მეთხოვა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში საკუთარი თავის რწმენას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ამით მის თვალში ისე დავმცირდებოდი, რომ ჩვენი ქორწინება უდაოდ საგრძნობლად შეირყეოდა. ასევე, შეიძლებოდა, გარაჟში დამერეკა და მძღოლის გამოგზავნა მეთხოვა ან უბრალოდ, გავჩერებულიყავი და ბარის გახსნისთვის დამეცადა, ცოტაოდენი ვისკი რომ გადამეკრა. მაგრამ, ბედი არ გინდა! ფული თან არ აღმომაჩნდა,  ბოლო გროშები ბენზინში გადავიხადე! რა უნდა მექნა, შემოვბრუნდი და ხიდისკენ დავიძარი.

ხიდზე ავედი თუ არა, ყველა სიმპტომმა ერთდროულად იჩინა თავი, ოღონდ ამჯერად, გაცილებით მძიმედ, ვიდრე ოდესმე. ფილტვებში ჰაერის ნასახი აღარ მქონდა, თითქოს ვიღაცამ სული შეუბერა და გამოაძევაო, წონასწორობას ვეღარ ვიცავდი და მანქანა ერთი ზოლიდან მეორეში გადამყავდა. მეტი გზა არ მქონდა, მანქანა გავაჩერე და ხელის მუხრუჭი ამოვწიე. უსუსურობის შეგრძნება მანადგურებდა. ცალმხრივი სიყვარულით გატანჯული ან მომაკვდინებელი ავადმყოფობით გაწამებული ან დაუსრულებელი ლოთობით დაბეჩავებულიც კი არ ვიქნებოდი ისეთი საცოდავი, როგორც ახლა. ჩემი ძმის სახე დამიდგა თვალწინ, როცა ლიფტით ადიოდა – უბედური და გაოფლილი. გამახსენდა დედა, მისი წითელი ხავერდის ფორმა და მოხდენილად აწეული ფეხი, როცა სრიალის დროს მწვრთნელის მკლავებზე დაყრდნობილი ცეკვის ილეთებს ასრულებდა და მივხვდი, რომ ჩვენ სამივე რომელიღაც ძალიან მწარე, უბადრუკი ტრაგედიის გმირები ვართ, თითოეულს ჩვენი ტვირთის სიმძიმე გვანადგურებს და ადამიანებისგან ჩვენი უბედურება გამოგვარჩევს. ჰო, უნდა შევგუებოდი, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა და არასოდეს დამიბრუნდებოდა ის, რაც მანამდე მატკბობდა – ლურჯი ცა, მხნეობა, ხალისი, სამყაროს შეცნობის ნიჭი. აშკარა იყო, სულ მალე ცხოვრებას სადღაც სოფლის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში დავასრულებდი განწირული ყვირილით, რომ მსოფლიოში ყველა ხიდი იშლება.

მოულოდნელად, ვიღაც ახალგაზრდა გოგომ გამოაღო ჩემი მანქანის კარი და ჩაჯდა. „არ მეგონა, თუ ვინმე ხიდზე გამიჩერებდა.“ მითხრა. ხელში ხის ოთხკუთხედი ჩემოდანი და… ვიცი, არ დამიჯერებთ – ცელოფანშემოხვეული პატარა არფა ეჭირა. ყავისფერი, შიგადაშიგ ქერაგარეული საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა მხრებზე ეყარა. სახე მრგვალი და მხიარული ჰქონდა.

„შემხვედრი მანქანებით დადიხართ?“ ვკითხე.

„დიახ.“

„მერე,საშიში არ არისთქვენი ასაკის გოგონასთვის?“

„არა. სრულებითაც არა.“

„ბევრს მოგზაურობთ?“

„სულ. მომღერალი ვარ, კაფეებშიც ვუკრავ.“

„რას მღერით?“

„რა ვიცი, უმთავრესად ფოლკს. და ძველ სტილსაც – პერსელს და დაულენდს, მაგრამ ძირითადად, ფოლკს.

„‘I gave my love a cherry that had no stone,’წაიმღერა და მართლა ლამაზი ხმა ჰქონდა.

„I gave my love a chicken chat had no bone

I told my love a story that had no end

I gave my love a baby with no cry in’.”

ვიდრე ხიდს გადავივლიდით, სულ მღეროდა და მომეჩვენა, რომ ხიდი წარმოადგენდა გასაოგნებლად გონივრულ, გამძლე, და თქვენ წარმოიდგინეთ, თვალწარმტაც კონსტრუქციას, რომელიც ნიჭიერმა ადამიანებმა სპეციალურად ჩემთვის ცხოვრების მოგზაურობის გასამარტივებლად ააგეს.  ხიდს  ქვემოთ ჰუდსონის მდორე  წყალი ბრწყინავდა.  ყველაფერი დაბრუნდა! გამბედაობაც -საკუთარი თავის რწმენა ისე მომიზღვავდა, რომ ვგრძნობდი, ლურჯ ცასაც კი შევწვდებოდი, – ამაღლებული განწყობაც, ხალისიც! ხიდზე მივდიოდით, გოგონა კი შეუჩერებლად მღეროდა. მდინარის დასავლეთ სანაპიროზე მან მადლობა გადამიხადა, დამემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა. მე ადგილამდე მიყვანა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა – უბრალოდ თავი გაიქნია და წავიდა. მე კი,  გზა გავნაგრძე  და აღტაცებით ვათვალიერებდი  ფერფლიდან აღმდგარ მშვენიერ სამყაროს. სახლში მისვლისთანავე, სურვილმა ამიტანა, ჩემი ძმისთვის დამერეკა,  რაც შემემთხვა, ყველაფერი მომეთხრო და მეხარებინა, რომ სადღაც ლიფტის ანგელოზიც არსებობდა და ერთ დღეს მასთან აუცილებლად მივიდოდა, მაგრამ არფამ გადამაფიქრებინა. შემეშინდა, რომ არფას გაგონებაზე ჩემი ძმა სასაცილოდ ამიგდებდა, ან  შესაძლოა, ისიც ეფიქრა, რომ ჭკუიდან შევცდი. ამიტომ დარეკვა გადავიფიქრე.

ნეტავ შემძლებოდა მეთქვა, რომ ბედი მწყალობს და დარწმუნებული ვარ, გასაჭირში მხსნელს აუცილებლად გამომიგზავნის.  თუმცა, მაინც არ მინდა ბედი გამოვცადო და ჯორჯ ვაშინგტონის ხიდს ვერიდები. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ტრიბოროსა და ტაპან ზის ხიდებს სულ იოლად გავდივარ. ჩემ ძმას უწინდებურად შიშის ზარს სცემს ლიფტი, დედაჩემი კი, მიუხედავად იმისა, რომ მუხლებს თითქმის ვეღარ ხრის, მაინც ბზრიალებს, ბზიალებს და ბზრიალებს.

 

 

ინგლისურიდან თარგმნა  დალილა გოგიამ

1 2 3