თუ ლიფტში არ იყო გამოკიდებული, ჩემი ძმას უჩვეულო არაფერი სჭირდა. ერთ შაბათ-კვირას მე და ჩემი ცოლი ბავშვებთან ერთად ნიუ-ჯერსიში ვესტუმრეთ. მას ავადმყოფობის ნიშნები არ ეტყობოდა. ფობიის შესახებ არაფერი მიკითხავს. ჩვენ უკან, ნიუ-იორკში კვირა საღამოს დავბრუნდით. ჯორჯ ვაშინგტონის ხიდთან ჭექა-ქუხილი ატყდა, ხოლო როცა ხიდზე გადავდიოდით, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, რომ  საჭე ძლივს დავიმორჩილე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ხიდის მთელი გიგანტური კონსტრუქცია აქეთ-იქით ქანაობდა. შუამდე რომ მივედით, ვიგრძენი, ხიდი როგორ ჩაიზნიქა და ჩამოშლა დაიწყო. უნდა ვაღიარო, ვერაფერს ვხედავდი ისეთს, რაც რეალურ კატასტროფას მოასწავებდა, მაგრამ რატომღაც ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სადაცაა ხიდი გაწყდებოდა და კვირა საღამოს ნიუ-იორკისკენ დაძრული ურიცხვი მანქანა პირდაპირ მდინარის მღვრიე წყალში ჩასრიალდებოდა. ჩემს წარმოდგენაში  თავზარდამცემი უბედურება დავხატე. ფეხებში ძალა ისე გამომეცალა, რომ უკვე აღარ ვიცოდი, მუხრუჭზე ფეხის დაჭერას მოვახერხებდი თუ არა. მერე სუნთქვაც შემეკრა. პირი ძალიან ფართოდ გავაღე და ჰაერი ძლივს ჩავისუნთქე. როგორც ჩანს, წნევაც დამეცა, რადგან თვალებში თანდათან დამიბნელდა კიდეც. კარგა ხანია, შევამჩნიე, რომ შიშს თავისი ფაზები აქვს და როცა კულმინაციას აღწევს, არ ვიცი, სხეული თუ სული, თავის დასაცავად, ახალ ძალებს იკრეფს. როცა ხიდის შუაგულს გავცდით, ნელ-ნელა დავმშვიდდი და გული მომეცა.ჩემი ცოლი და ბავშვები ქარიშხალს შეჰხაროდნენ და როგორც ჩანს, ჩემი პანიკა არც კი შეუმჩნევიათ. მე კი ერთდროულად ორი რამის მეშინოდა –  ხიდი არ ჩავარდნილიყო და ცოლი და ბავშვები ჩემი პანიკის შეტევით არ დამეფრთხო. წინა დღეების გახსენებას შევეცადე, ვიხსენებდი ყველა შეხვედრას, საუბარს, მოვლენას. ვცდილობდი,ჩემი შიშის გამომწვევი მიზეზისთვის მიმეკვლია. ვერ ვხვდებოდი, საიდან უნდა ამკვიატებოდა აზრი, რომ ვაშინგტონის ხიდს ქარი წაიღებდა. გონებაში ყველა წუთი გულდასმით გადავჩხრიკე, მაგრამ საეჭვო ვერაფერი გავიხსენე. პირიქით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის შაბათი-კვირა ყველამ  შესანიშნავად გავატარეთ ერთად.

იმ დღეებში ოლბანიში მომიწია წასვლა.  მშვიდი და ნათელი ამინდი იდგა, მაგრამ ვაშინგტონის ხიდზე განცდილი შიში მტკივნეულად მახსოვდა და ამიტომ, მდინარის ნაპირს  გავუყევი და შემოსავლელ გზას დავადექი. სადღაც ტროასთან, პატარა ძველ ხიდს მივადექი, რომელსაც, დარწმუნებული ვიყავი, უსიამოვნებების გარეშე გადავივლიდი. რა გამოვიდა? ზედმეტი თხუთმეტი თუ ოცი მილი  იმისთვის გავიარე, რომ  თვალისთვის უჩინარი სულელური დაბრკოლებები თავიდან ამეცილებინა.

უკან იგივე გზით დავბრუნდი, მეორე დილით კი ოჯახის ექიმთან წავედი მიღებაზე და ახლადშეძენილი ხიდის ფობიის შესახებ ვუამბე. მას გაეცინა.

„თქვენგან ამას არ მოველოდი! თავი ხელში უნდა აიყვანოთ!“ მითხრა.

„მხოლოდ მე კი არ ვარ ასე. დედაჩემს თვითმფრინავის ეშინია.“ ვუთხარი მე. „ჩემ ძმას კი ლიფტის.“

„დედათქვენმა სამოცდაათს გადააბიჯა,“ მიპასუხა ექიმმა, „ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალია, ვინც კი ოდესმე მინახავს. დედა აქ არაფერ შუაშია. შიშს უნდა მოერიოთ, სულ ესაა.“

რადგან სხვა ვერაფერი მირჩია, ვთხოვე ისეთ ექიმთან გავეგზავნე, რომელიც ფსიქოანალიზის სეანსებს ჩამიტარებდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახის ექიმს ფსიქოანალიზისამედიცინო სფეროდ საერთოდ არ მიაჩნდა და ამიტომ,მკაცრად გამაფრთხილა, რომ ფსიქოთერაპევტთან საკმაოდ დიდ დროსა და ფულს სულ ტყუილად გავფლანგავდი. თუმცა, მას შემდეგ, რაც მას მისი პირდაპირი მოვალეობა – პაციენტების დახმარება შევახსენე, ერთი ფსიქოანალიტიკოსის მისამართი და ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა, რომელმაც დიდი გულმოდგინებით ამიხსნა, რომ ხიდების ფობია ჩემში ღრმად ფესვგადგმული ტკივილის ზედაპირულ გამოვლინებას წარმოადგენდა და ზუსტი მიზეზების გამოსავლენად მკურნალობის სრული კურსის გავლა დამჭირდებოდა. რადგან მე არც დრო მქონდა, არც ფული, და რაც მთავარია, არც რწმენა, რომ საკუთარი თავი მისთვის გადამებარებინა, ვუთხარი, რომ თავად შევეცდებოდი, ჩემს აკვიატებას გავმკლავებოდი.

ცხადია, არსებობს რეალური და მოჩვენებითი ტკივილები. ჩემი ტკივილი უდავოდ მოჩვენებითი იყო, მაგრამ როგორ უნდა დამერწმუნებინა ამაში ჩემი სხეული, მთელი ჩემი ორგანიზმი? ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ყველაფერი გადავიტანე, ძლიერი დარტყმებიც და უსაზღვრო ბედნიერებაც, მაგრამ არ მჯეროდა, რომ  შიში წარსულში განცდილი ემოციების გამო დამეწყო.ვერაფრით ვერ დავეთანხმე  აზრს, რომ გაუგებარი, სადღაც ჩამალული ემოციები მართავდა ჩემ ცხოვრებას და ამიტომ, ოჯახის ექიმის რჩევის გათვალისწინებით,გადავწყვიტე, საკუთარი თავის მიმართ მეტი სიმკაცრე გამომეჩინა. რამდენიმე დღის შემდეგ აიდლუაილდის აეროპორტში საკუთარი მანქანით გავემგზავრე და გზაში, ტრაიბოროს ხიდზე, ლამის გონება დავკარგე. აეროპორტში მისვლისთანავე ყავა შევუკვეთე, მაგრამ ხელები ისე მიკანკალებდა, რომ მთელი ყავა დახლზე დავღვარე. ჩემს გვერდით ვიღაცამ მხიარულად შენიშნა, რომ დილას ასე ის ადამიანი იწყებს, რომელმაც ღამით კარგად მოილხინაო. როგორ უნდა მეთქვა, რომ წუხელ წვეთიც არ დამილევია და ადრე დავწექი.. და რომ უბრალოდ ხიდზე გავლა მშლიდა ჭკუიდან.

იმ საღამოს ლოს-ანჟელესში გავფრინდი. როცა დავეშვით, ჩემ საათზე პირველი ხდებოდა, კალიფორნიაში კი ათი საათი იყო. დაქანცული ვიყავი და სასტუმრომდე, სადაც ყოველთვის ვჩერდები ხოლმე, ტაქსით მივედი. დავწექი, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. ჩემი ფანჯრის წინ პროჟექტორის შუქით განათებული ქალის მონუმენტური ფიგურა ხალხს ლას-ვეგასის ღამის კლუბში ეპატიჟებოდა.  ღამის 2 საათზე სინათლე კი ჩაქრა, მაგრამ ქალს ბზრიალი არ შეუწყვეტია. როგორც წესი, ქალი ოცდაოთხი საათი ტრიალებდა, ის არასოდეს მინახავს გაჩერებული, და უცებ რატომღაც დავინტერესდი, როდის ზეთავდნენ ან რეცხავდნენ. მის მიმართ თანაგრძნობით ავივსე, რადგან ვერც ის ისვენებდა და უცებ თავში გამიელვა, დედა თუ ყავდა, ან ოჯახი? დედა მანდვილად მსახიობი იქნებოდა, მამა კი სულიერად გატეხილი კაცი, უფრო, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი. ქუჩის გადაღმა რესტორნიდან მთვრალი ქალი გამოიყვანეს და ტაქსში ძლივს ჩასვეს. ქალმა ორჯერ წაიფორხილა და ლამის დაეცა. ეს სურათი – ჩახჩახა სინათლე, რესტორნის ფართოდ გაღებული კარი, ღამე, მთვრალი ქალი და მისი მზრუნველი თანამგზავრი მაფორიაქებდა და მარტოობის განცდას მიმძაფრებდა. მერე სანსეტ ბულვარიდან ორი მანქანა ღმუილით გამოვარდა და ჩემი ფანჯრების წინ შუქნიშანზე გაჩერდა. თითოეულიდან სამ-სამი კაცი გადმოხტა და ერთმანეთს დაეძგერა. მეჩვენებოდა, რომ ძვლების მტვრევის ხმა მესმოდა. მწვანე აინთო თუ არა, ყველანი ისევ მანქანებში ჩახტნენ და ადგილს მოწყდნენ. ის ჩხუბიც, თვითმფრინავიდან დანახული ციალის არ იყოს, ახალი უცხო სამყაროს ნიშანი უნდა ყოფილიყო, ამჯერად სისასტიკისა და ქაოსის გამოხატულებით. შემდეგ გამახსენდა, რომ დილით სან-ფრანცისკოს ბეი ბრიჯი უნდა გადამევლოდა ჩემს თავს შევახსენე, ტაქსი ამეყვანა, ხოლო დაქირავებული მანქანა კი სასტუმროს გარაჟში დამეტოვებინა. კიდევ ერთხელ შევეცადე, გამომეკვლია ჩემი შიშის მიზეზი. მაინც, საიდან უნდა მომეტანა, რომ ხიდი ჩავარდებოდა? რამე სექსუალური ხასიათის დარღვევა ხომ არ მქონდა? ქარაფშუტა და უზრუნველი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ, იქნებ სწორედ ამ ქარაფშუტობაში იმალებოდა საიდუმლო, რომელსაც  მხოლოდ პროფესიონალი თუ ახდიდა ფარდას? იქნებ ჩემი სწრაფვა ცხოვრებისეული სიამის მიმართ მხოლოდ სინდისის ხმის უგულველეყოფა  იყო და ამით ვცდილობდი, ჩემი ცხოვრების რეალურად მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თვალი ამერიდებინა?  ჩემი ხანშიშესული, წითელი ხავერდის ფორმაში გამოკვართული, ყინულზე მობზრიალე დედიკოს მიმართ საბედისწერო გიჟური ვნების ჩახშობას ხომ არ ვცდილობდი?

 

1 2 3