ალვიდას შლეპიკასი ლიტველი პოეტი, პროზაიკოსი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტია. დაიბადა 1966 წლის 27 იანვარს ქალაქ მოლეტაიში (ვილნიუსის ჩრდილოეთით). 1988-1994 წლებში სწავლობდა ლიტვის მუსიკალურ აკადემიაში სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგაც ვილნიუსის მცირე თეატრში გაანაწილეს. თამაშობდა ლიტვის ნაციონალურ დრამატულ თეატრში, მუშაობდა ყოველკვირეული ლიტერატურული ჟურნალის („Literatūra ir menas“) რედაქტორად. ალვიდასი არაერთი მხატვრული ფილმის რეჟისორი თუ სცენარის ავტორია. აღსანიშნავია, რომ რაიმუნდას ბანიონისთან და მარინა კულუმბეგაშვილთან ერთად გადაიღო სერიალი „ღვინის გზა.“ პროექტი ლიტვურ-ქართულ ურთიერთობებს ეძღვნებოდა და მისი მიზანი თავისუფლებისათვის მებრძოლი ორი ქვეყნის ისტორიის წარმოჩენა გახლდათ (სცენარის ავტორი საქართველოს მხრიდან აკა მორჩლაძე იყო).

ალვიდას შლეპიკასმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1994 წელს ლექსების გამოქვეყნებით დაიწყო. 1997 და 2003 წლებში დაიბეჭდა მისი პირველი პოეტური კრებულები, 2005 წელს კი პირველი სქელტანიანი რომანი – „წვიმის ღმერთი.“ სერიოზული ლიტერატურული წარმატება მოუტანა წიგნმა „მე მქვია მარიტე,“ რომელიც 2012 წელს საუკეთესო რომანად დასახელდა ლიტვაში. „მე მქვია მარიტე“ მეორე მსოფლიო ომის დროს ლიტვაში უპატრონოდ დარჩენილი გერმანელი ბავშვების ბედზე მოგვითხრობს. მათგან ზოგიერთს გაუმართლა და მზრუნველ ოჯახში მოხვდა. ზოგიერთს კი მძიმე ცხოვრება ხვდა წილად: მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში მოუწიათ ხეტიალი, პროსტიტუციას მიჰყვეს ხელი ან ძალადობის მსხვერპლად იქცნენ. ასეთ ბავშვებს ლიტვაში „მგლის შვილებს“ უწოდებდნენ.

  ჟურნალ „ელექტროლიტის“ მკითხველს ვთავაზობთ დანიუსის შესახებ დაწერილ სამ მოთხრობას. ვინ არის დანიუსი? ვერ გეტყვით, რომ ჩვეულებრივი გმირია, მისი არაორდინალურობა თავად უნდა ამოხსნათ ავტორის სადა და მარტივი მონათხრობის მიღმა. ფრაგმენტები მისი ცხოვრებიდან (გამოსაშვები საღამოდან „სამაგონის“ გამოხდის რიტუალამდე) ცხადისა და წარმოსახვითის ორიგინალური ნაზავია. სად გაავლებთ მათ შორის ზღვარს – ეს თქვენი გადასაწყვეტია.

                                                                                  მთარგმნელისაგან

 

 

 

გამოსაშვები საღამოს ვალსი

 

–    სკოლას ხოტბას შევასხააამთ, კედლებს აღარ მივაფსააამთ!– მხიარულად ღიღინებდა მთვრალი ალგისი და სკოლის უკან, კუთხეში შარდავდა.

დანიუსი თანაკლასელებისგან მოშორებით ატუზულიყო, ეწეოდა და ცას შესცქეროდა. ნათელი, ჩუმი საღამო იდგა, ცაზე არაბუნებრივად დიდი ვარსკვლავები ციმციმებდნენ. დანიუსმა გაიფიქრა, ახლა, ამ წუთას აფრიკაში ან იტალიაში ვიღაც ხომ უსათუოდ უყურებს ამ ვარსკვლავებსო. გაიფიქრა და გაურკვეველი სევდა დაეუფლა. თუმცა გულის სიღრმეში მაშინვე გაკაწრა ცელქმა ეშმაკუნამ და მიახვედრა, რომ მალე თავისუფალი ადამიანი იქნებოდა,  მთელი საყარო მის საკუთრებად იქცეოდა.

–    რას გახერგილხარ შუა გზაზე! – გაღიზიანებულმა ზიგმასმა დანიუსი გვერდით გასწია.

ბიჭები სააქტო დარბაზში დაბრუნდნენ. დირექტორი სიტყვით გამოდიოდა, შამპამნიურით სავეს ბოკალი მაღლა აეწია და ახალგაზრდებს გზას ულოცავდა:

  • ასე რომ… მთავარიიი… ადამიანად ყოფნაა, ადამიანად!..

დანიუსი კართან ახლოს, კედელთან იდგა და საკუთარ დედას აკვირდებოდა, რომელიც წამებში დირექტორთან მიიჭრა, გადაეხვია და აკოცა. ამ მოულოდნელმა ენთუზიაზმმა დირქტორი სახტად დატოვა, თუმცა, დანიუსის დედა ამით არ შემოიფარგლა, შეკრებილებს მიუბრუნდა და დაიყვირა: დიახ, დიახ, ადამიანები უნდა იყვნენ, ადამიანები!.. მერე სავსე ბოკალი გამოსცალა და თამაგაწეწილ, წამოჭარხლებულ სახეზე დაუოკებელი, ცხოველური სიხარული დაეტყო. დანიუსმა თავის ფეხსაცმელებს დახედა, მიუხედავად იმისა, რომ გულდასმით გაეწმინდათ და გაეპრიალებინათ, მაინც ორ გომბეშოს მოგაგონებდათ.

–    აბა, გოგონებო და ბიჭუნებო, თქვენც დალიეთ, დღეიდან ნებადართულია! – ზიგმასის შეზარხოშებული მამა ყველას არყიან ჭიქას აჩეჩებდა, ეტყობოდა, სასმელის მიმართ გულგრილი რომ არ იყო. დანიუსი კვლავ გვერდიდან აკვირდებოდა, როგორ ცეკვავდნენ მასწავლებლები და მისი თანაკლასელების გამოპრანჭული მშობლები.

–    ეი, შე წითურო, მორჩა, ამიერიდან აღარ გაგაბითურებ, გესმის და შენს უაზრო სიფათსაც აღარ დავინახავ!.. ნუთუ არ მოგენატრები, და-ან?

–    ალგის, შეეშვი რა მაგ სულელს, დღეს მაინც შეეშვი!

–    ჰეჰ, ერთი ამას დამიხედეთ, გამოსაშვები კოსტიუმი თმის ფერისთვის რომ შეუხამებია, ნამდვილ მელას არ ჰგავს?! თავიდან ფეხებამდე წითელი მელაა!

დანიუსი ჩუმად იდგა – ან რა უნდა ეპასუხა? კოსტიუმი მართლაც საკუთარი  ქოჩორივით წითელი ეცვა, გარდაცვლილი მამინაცვალის ნაქონი, თითქმის უხმარი. დედამ მართალია საგანგებოდ მოუწესრიგა, მაგრამ მაინც ისე გრძნობდა თავს, თითქოს ტომარაში ჩააკერესო.

უეცრად დანიუსთან გამოცოცხლებული და კმაყოფილი დედა მიიჭრა. გაჭირვებაში გაზრდილი ვაჟი, რომლისთვისაც არასდროს ყოფნიდა საჭმელი, ახლა მის წინ ასვეტილიყო და რუდუნებით გადაკეთებული კოსტიუმი კოხტად და ელეგანტურად აჯდა ტანზე.

–    დანიუს, შენ რატომ არ ცეკვავ? გამოიწვიე გოგონები. იცეკვეთ, ბავშვებო, დღეს თქვენი დღეა!

დანიუსი დუმდა, უნდოდა, დედა რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა იქაურობას. საკუთარი ფეხსაცმელების გამო თავს ისედაც უხერხულად გრძნობდა, ვერც ხელებს უხერხებდა ვერაფერს, არ იცოდა სად წაეღო. როგორი გაუნათლებელი და ბრიყვული მოჩანდა დედამისი გამოწკელპილი და მოვლილი მშობლების ფონზე. როგორ ერცხვინებოდა დანიუსს მისი წამოწითლებული სახე, მწვანე, ბრჭყვიალა ყვავილებით მოქარგული ძველმოდური კაბა და სუნი! სუნი, რომელსაც მელიების ფერმაში მომუშავე ქალის თმა, ტანსაცმელი და ხელები ისე გაეჟღინთა, რომ ვერცერთი ოდეკოლონი ვერ აქარწყლებდა.

–    გოგონებო, რატომ არ ცეკვავათ? – დედა დანიუსის კლასელებს მიუბრუნდა, – მოდით, ხელი ჩაჰკიდეთ დანიუსს, ნახეთ, როგორი ბიჭი მყვას, როგორი ცეკვა ვასწავლე!

–    დედა!

–    რას უდგეხარ, გამოიცეკვე გოგონები, – სთხოვა დედამ და შვილის სახეს ხელით ისე შეეხო, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ეს დავაჟკაცებული, მგრამ მაინც ბავშვურად მორცხვი და მიამიტი ბიჭი ნამდვლად მისი შვილი იყო.

დანიუსს მოუნდა მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა – თანაკლასელი გოგონები მისკენ იხედებოდნენ, ჩურჩულებდნენ, დამცინავსა და ყალბ ღიმილს მათი ტუჩები შემზარავად დაებრიცა.

ამასობაში დედამ ვაჟი შუა დარბაზში ძალით გაიყვანა.

–    მე კი არა, შენ უნდა იჩენდე ინიციატივას, რამდენჯერ გასწავლე, შენ უნდა მიგყავდეს ქალი ცეკვის დროს, – ჩასჩურჩულა დედამ.

დანიუსი გრძნობდა, რომ ყველა მათ უყურებდა. ფეხებში ძალა გამოეცალა, ოფლი ასხამდა, ეჩვენებოდა რომ ეს ცეკვა არასდროს აღარ დასრულდებოდა. საღამოობით დედა მართლაც ასწავლიდა ვალსს, ცარიელ ოთახში წინ და უკან აბზრიალებდა, მაგრამ ვაჟს არაფერი გამოსდიოდა და გამუდმებით ფეხს ადგამდა პარტნიორს.

–    გამოიცეკვე  რა თანაკლასელი გოგო, კუნძივით ნუ აგდიხარ… რა ლამაზი ხარ, შვილო, როგორ მეამაყები!

–    დედა, შენ ნასვამი ხარ…

ცეკვა დასრულდა, ყველა სუფრას მიესია. დანიუსი მაგიდის ბოლოში დაჯდა. დედამისმა ბოკალი აიღო, დირექტორთან მივიდა, რაღაც უთხრა, დირექტორმა გადაიხარხარა, მერე ერთმანეთს ბოკლები მიუჭახუნეს და დალიეს. დანიუსი თეფშს ჩააშტრედა – თეფშზე მშვიდობიანად თანაცხოვრობდა გამოხრული ძვალი და ანანასის ქერქი.

–    დანიუს, მე სახლში მივდიდვარ, დირექტორს უკვე გამოვემშვიდობე. შენთვის ასე აჯობებს, იქნებ ასე მორცხვად აღარ იჯდე. აბა, შენ იცი, კარგად გაერთე, – ამოილუღლუღა დედამ და სველი ტუჩებით ლოყაზე აკოცა.

დანიუსმა იცოდა, დედა რომ უნდა გაეცილებინა, სახლამდე თუ არა, კარებამდე მაინც, მაგრამ, ადგილიდან არ იძროდა, ბინძურ თეფშს ჩასშტრებოდა.

ისევ ისმოდა მუსიკა, ვიღაც ცეკვავდა, ვიღაც ხმამღლა იცინოდა. ზიგმასის მამა შეხსნილი ქურთუკით, როგორც ამ საქმის კარგ მცოდნეს შეეფერებოდა, ყველას არაყს უსხამდა და აძალებდა – ბოლომდე გამოსცალეთო. დანიუსის რიგი რომ მოახლოვდა, ბიჭმა გადაწყვიტა მოსაწევად გარეთ გასულიყო. ის იყო წამოდგა, რომ მოულოდნელად დედას მოჰკრა თვალი,

–    ერთი შეხედეთ, ის შტერი ქალი, წითურის დედა დაბრუნდა! – გაისმა აქეთ-იქიდან.

დედა დაბნეული ჩანდა.

–    აქ რას აკეთებ? – ჰკითხა დანიუსმა.

–    არ ვიცი რა დამემართა… სკოლიდან გავედი და ვერ მივხვდი ჩვენი სახლი რომელ მხარეს იყო. ხან იქით წავედი, ხან აქეთ და მაინც ვერ გავერკვიე… გარეთ ისეთი ძლიერი ქარია, ხეებს ამტვრევს, შუქები ალაგ-ალაგ მოჩანს, მოკლედ, სახლს ვერ მივაგენი.

–    როგორ თუ სახლს ვერ მიაგენი? აკაციებს უნდა გაჰყოლოდი, მერე მარცხნივ შეგეხვია, ცოტაც გაგევლო და სახლსაც დაინახავდი…

–    ვიცი, ვიცი, მაგრამ თავბრუ დამეხვა, შემეშინდა, ასე არასდროს დამმართნია, სიმართლეს გეუბნები, შვილო, გთხოვ, გამყევი, მერიდება, მაგრამ რა ვქნა, გზას ვერ ვაგნებ. არავისთან გამამხილო, უბრალოდ ადექი და გამაცილე.

ქუჩაში რომ გავიდნენ, ყველაფარი შეცვლილი დახვდათ, ხის ტოტები თითქოს დაელექტროვებულ  ღამის ბნელ ცას კაწრავდნენ, ვარსკვლავები აღარ ჩანდა, საეკლესიო ზარების ყრუ გუგუნი ქარს ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოჰქონდა.

 

 

1 2 3 4