ბაზები გაუბედავად ეპარებიან მოწანწკარე სითხეს, კასრს გარს უვლიან, სამაგონს ხარბად ეწაფებიან და პაწაწინა მუცლები ისე ებერებათ, აფრენა უჭირთ.

– ამდენი სმის მერე შორს ვერ წახვალთ, ვერააა! – იმუქრება დანიუსი.

– გავფრფრფრინდებიიით, – ბრაზზზობენ მაწუხელა სისხლისმსმელები და შუბლით ფიჭვის ხეს ეჯახებიან (ბუჰ!).

დანიუსს ეუხერხულება მთვრალი, ხეზე დაჯახებული, მიწაზე დაყრილი და მუცელამობურცული ბაზების ცქერა.

„რა იდუმალი და გამოუცნობია სამყარო. არავინ ვიცით როდის გაიელვებს ჩვენი უკანასკნელი წამი. განა ეს მწერები იფიქრებდნენ ასეთ მშვენიერ დღეს თუ აღესრულებოდნენ?“- გულში მოთქვამს დანიუსი.

უეცრად ისევ ბზუილი ისმის, „ბზზზზ, ბზზზზ,“ ის ფრთოსნები, დანიუსს მკვდრები რომ ეგონა, მიწას მხიარულად სწყდებიან და სიმღერ-სიმღერით მიფრინავენ. პირღია დანიუსს ენა მუცელში უვარდება. ოქროსფერი ბაზები კი ყურადღებას არაფერს აქცევენ, ცისკენ მიემართებიან, ზოგჯერ ისევ ხეს ან ფოთოლს ეჯახებიან, მიწაზე ვარდებიან, მაგრამ კვლავ დგებიან და მიექანებიან.

ლამაზია, – ამბობს დანიუსი, – მშვენიერია! შეხე, პატარა ბაზები სწრაფად ფრინდებიან, დიდებს კი ტანის აწევა უჭირთ, ნეტავ, რატომ? იმიტომ რომ, საიდუმლო ყველგან საიდუმლოა! როგორც ჩანს, აქ ყველაფერი ფიზიკის კანონებს ემორჩილება, მასისა და სულის თანაფარდობის საკითხი უნდა იყოს!

დანიუსი მთელი ძალით მიექანება და თავით ხეს ეჯახება. ხე გუგუნებს (ხმა მუსიკალურია, ალბათ ასეთებისგან ამზადებენ ვიოლინოებს), დანიუსი თავქვე ემხობა და მიწაზე იშხლართება.

– ბზზზ, – ფორიაქობენ ბაზები.

ნეტავ, რამდენ ხანს მოუწევს წოლა ამ უზარმაზარ ბაზს?

ვინ იცის სულისა და მასის როგორი თანაფარდობა აქვს?

მე კი შემიძლია გამოვთვალო, მაგრამ ეჭვი მეპარება, თქვენ ამდენ ხანს დამელოდოთ – მის წამოდგომასა და ცაში აფრენას უცადოთ.

ეჰ, სად არის ამის დრო, სად!


*აუკშტაიტია – მთიანი რეგიონი ლიტვაში.

თარგმნა მაკა ლდოკონენმა

პწკარედი ლიდა სავჩენკაიტე-გიორგობიანისა

 

 

 

 

 

1 2 3 4