დანიუსი და დედამისი აკაციების გასწვრივ მიდიოდნენ, მერე ეკლესიისკენ შეუხვიეს, რაც უფრო შორდებოდნენ სკოლას, მით უფრო ბნელდებოდა. შორს თითქოს რაღაც გასკდა, შესაძლოა ძველი ნეკერჩხლის ტოტი გადატყდა, ელექტროგაყვანილობის სადენებიდან ნაპერწკლები გადმოცვივდა და ქალაქი  მთლიანად ჩაბნელდა.

დედა-შვილი წინ მიიწევდა, დანიუსი არ იყო დარწმუნებული სწორ გზას ადგა თუ არა. დედა ვეღარაფერს ხედავდა, წონასწორობა რომ დაეცვა, შვილის ხელს ეყრდნობოდა. სიბნელე ყოველი მხრიდან უტევდათ და უცნაურად სქელდებოდა. შორს რაღაცამ დაიღმუვლა, მერე ისე დაიქუხა, თითქოს გაზაფხულის ჭექა-ქუხილიაო, ცა წამიერად განათდა, თუმცა, გარშემო მაინც ბნელოდა.

–    ვაი თუ იქ ხანძარია! – შიშით გამოღერღა დედამ.

შორეული ცის პირი წითლად ელავდა, ქარის ღმუილს დროდადრო ავისმომასწავებელი, გაურკვეველი ხმები ერეოდა. დაბნეულმა დედა-შვილმა აღარ იცოდა საით წასულიყო. მერე, თითქოს უზარმაზარმა დანამ გაკვეთაო, შავი ღრუბლები გაირღვა, უზარმაზარი, თვალისმომჭრელი მთვარე გამოჩნდა და მის შუქზე გადატეხილი ხეების კონტურები გამოიკვეთა. ქარი არ ცხრებოდა. წარმოუდგენლად ცხელოდა, დანიუსს ნამწვის სუნი ეცა.

–    შვილო, – ამოხდა დედას და ვაჟს ხელებში ჩაებღაუჭა, – ღმერთო ჩემო, ეს რა არის, დანიკ?

დანიუსმაც დაინახა როგორ წამოიმართა მათ თავზე რაღაც უზარმაზარი, ჯოჯოხეთური გარეგნობის არსება. ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ ის რაღაცა ხეს ჩაებღაუჭა და თვალის დახამხამებაში ტოტები გააცალა. დედა-შვილი შიშმა აიტანა, თითქოს ფეხები მიწაში ჩაეზარდათ და იქ ფესვები გაიდგესო, ადგილიდან ვერ იძროდნენ. გიგანტი აუტანლად ყარდა, გაცოფებული ქარი კი ამ სუნს უფრო ამძაფრებდა. ადამიანებისკენ რომ შებრუნდა, ურჩხულს ორი თვალი გამოუჩნდა – თითოეული მთვარის ზომისა იყო.

–    გავიქცეთ, შვილო, გავიქცეთ! – დაიყვირა დედამ.

–    დედა… – ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა დანიუსმა.

დედა-შვილი გარბოდა, გზადაგზა ეცემოდნენ, ბუჩქების ტოტები სახეს უკაწრავდათ, ესმოდათ მათ ზურგსუკან როგორ იმტვრეოდა ხეები. უეცრად გაიელვა, გარემო განათდა და ერთმანეთზე დახვავებული ხეთა ვარჯები, ბეტონის ნაწილები და მეტალის ნატეხები გამოჩნდა. დანიუსი და დედამისი ქვების გროვაში შეიმალნენ. თანდათან ცეცხლი მინავლდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ეუფლებოდათ, თითქოს მიწა იწვისო. თავშესაფარიდან გამოსულებმა დაინახეს, რომ ურჩხული იქვე ჩასაფრებულიყო. თავგზააბნეულებმა მოჰკურცხლეს, მაგრამ დანიუსს ფეხი დაუცდა, დაეცა, იდაყვი გადაიტყავა და სახეც დაეკაწრა. მიწაზე გაშხლართული და არაქათგაცლილი აკვირდებოდა როგორ მიუახლოვდა უზარმაზარი თავი, გველის გუგებით მიაჩერდა, მერე პირი დააღო და ხახიდან ისეთი ცხელი ჰაერი ამოუშვა, თითქოს შიგნით შეშის ღუმელი უნთიაო.

დანიუსი იწვა და გრძნობდა, როგორ უახლოვდებოდა სიკვდილი. ურჩხულმა თავი გაიქნია, იმ ქათამივით, ჭიაყელას რომ მოჰკრავს თვალს და პირი უფრო ფართოდ გააღო. უეცრად დედის ხმა გისმა, ქალი შვილის დასაცავად წინ გავარდა, დანიუსსა და იმ საძაგლობას შორის ჩადგა, სასოწარკვეთილი გაჰკიოდა და ნესტოებში ჯოხს ურჭობდა. ურჩხული აღმუვლდა, შეტორტმანდა და ერთი მძლავრი მოქნევით დანიუსის დედას უზარმაზარკბილებიანი პირი ჩაავლო, აქეთ-იქით ისე გაააქნია, თითქოს წეროს თევზი დაუჭერიაო. დანიუსს ძვლების მსხვრევის ხმა შემოესმა, სისხლმა იხუვლა და სახე ჩამოუთხუპნა. ურჩხულმა თავი უკან გადააქნია და ქერცლიანი კისრის რხევით მსხვერპლი გადაყლაპა. შვილმა დაინახა აქოთებულ ხახაში როგორ გაუჩინარდა დედამისის ფეხები.

დანიუსს ეგონა გული მკერდიდან ამოუხტებოდა, ცდილობდა გამორკვეულიყო, გამოეღვიძა, თუმცა ეს ყველაფერი სიზმარი როდი იყო. ურჩხულს ხახიდან ხის ჯოხი მოუჩანდა, ჯოხი, რომელიც დანიუსის დედამ გაუყარა. ჭრილობიდან აყროლებული სისხლი გადმოსდიოდა, თავი უკანკალებდა, სახეს მიწაზე უსვამდა, ტკივილისგან ღრიალებდა და დანიუსს ზედ აღარ უყურებდა. მერე ხახიდან ცეცხლი ამოანთხია და მუხის ტოტები ააბრიალა, გასწორდა, გაშლილი ფრთებით ცა დაფარა, თავიდან აფრენა გაუჭირდა, მოქუფრულ ცას რამდენიმე წრე დაარტყა და თვალს მიეფარა. დანიუსი ცოტა ხანს მიწაზე იწვა,  ვარსკვლავებს აკვირდებოდა, თვალისმომჭრელად ანათებდა გაბოროტებული მთვარე, ქარი თანდათან ჩაწყნარდა. დანიუსი მძიმედ წამოდგა და ნატკენი ხელით დაკაწრული სახიდან სისხლი მოიწმინდა.

–    დედა…  დედა, – ჩუმად წარმოთქვა დანიუსმა.

დანიუსი მარტო იყო.

მიმოიხედა – გარშემო ყველაფერი გადასხვაფერებულიყო, თითქოს თვალებს უხილავი აპკი გადასძვრაო: ქალაქის განაპირას იდგა და მეზობლის სახლს გარკვევით ხედავდა.

დანიუსმა მიაყურადა. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, დროდადრო ქარს მუსიკის ჰანგები მოჰქონდა სკოლიდან – თითქოს დროთა მტვერში აღწევსო, მწარედ და უიმედოდ ისმოდა გამოსაშვები საღამოს ვალსი.

 

 

 

1 2 3 4