ბოთლი

 

დანიუსს უსიკვდილოდ უნდოდა დალევა.

მაღაზიაში, ბოთლებით სავსე თაროს წინ იდგა და არჩევდა. სათითაო სასმელი ვინ მოთვლის მერამდენედ გდაათვალიერა, ყველა გულს ურევდა.

– ღმერთო, ნეტავ ერთ ისეთ ბოთლს გამიჩენდე, დალევა რომ შევძლო და მერე მშვიდად დავიძინო, – ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალი მოჰკრა კიდეც უჩვეულოდ ლამაზ, მოელვარე ბოთლს ვერცხლისფერი ვასკვლავებით.

დანიუსი სასმელის სიმაგრემაც დააკმაყოფილა, ცოტა არ ოყოს ეძვირა, მაგრამ დაზოგვის დრო სად იყო, იყიდა და სახლში წაიღო. ბოთლის გახსნა რატომღაც გაუძნელდა, სასმელის სუნი და გემოც ეუცნაურა, ვერ მიხვდა, რას აგონებდა, თუმცა, ამის გამო დალევაზე უარი არ უთქვამს: „რა მნიშვნელობა აქვს, რისგან დაამზადეს, სპირტის გამოხდას მაინც ერთი მასალა სჭირდება – სხეული ან სისხლი.“

სასმელმა დანიუსზე უცნაურად იმოქმედა – მოგონებებიდან სურათები ამოუტივტივა: თითქოს დედამისი იქვე იჯდა და იმავდროულად სხვაგანაც იყო. დანიუსს ძალიან ენატრებოდა თავის გარდაცვლილი დედა, წლების განმავლობაში ენატრებოდა, ენატრებოდა, ენატრებოდა, დროც გადიოდა, გადიოდა, გადიოდა, შავი ხვრელის მსგავს სიცარიელეს აჩენდა, იმ სიცარიელეში კი მონატრების გრძნობა იზრდებოდა და იზრდებოდა.

ახლა კი, ამ საოცარმა ბოთლმა ის მოაგონა, რის გახსენებასაც დიდი ხანია გაურბოდა, დანიუსი დედისეულ სიგიჟეს, მის ავადობას უცქერდა: დედა სკამზე იჯდა, ქაშაყს შეექცეოდა და დანიუსს საყვედურობდა, ასე ცოტა რატომ მოიტანეო. ქაშაყი საკმარისზე მეტიც იყო, მაგრამ ის ვერ ხვდებოდა.

დანიუსი იჯდა და უცქერდა ადამიანს, რომელიც ასეთი ახლობელი და ამავე დროს შორეული იყო მისთვის. უეცრად, ვიღაც ქალის ყმუილი მოისმა და დედამ გადაიხარხარა:

– ყმუის და ყმუის, თავი ტყეში ჰგონია!

გარშემო მართლაც უამრავი ხე იდგა.

– დედა, აქ არ გეშინია? – ჰკითხა დანიუსმა.

ნისლიანი დღე იდგა, თითქოს სადაცაა გაწვიმდებაო, მაგრამ  დანიუსმა მაინც გაიყვანა დედა სასეირნოდ, ცოტა ხნით დააღწევინა თავი წამლისა და ადამიანის სუნით გაჟღენთილი პალატის ობმოდებული კედლებისგან.

– რატომ მოიტანე ასე ცოტა ქაშაყი, დანიუს? – ისევ ჰკითხა დედამ.

– შემდეგზე მეტს მოგიტან, – უპასუხა შვილმა და წავიდა.

დანიუსი მთიდან დაეშვა, ზურგსუკან ისევ ყმუოდა ქალი, რომელსაც საკუთარი თავი ტყეში დაკარგული ძუკნა ეგონა. მავთულხლართებიან ღობეს ფართოდ გაშლილი ხელებით ჩაფრენოდა დედამისი, ქალი უცქერდა მიმავალ შვილს და ვერაფერს ხვდებოდა. დანიუსმა დედა გორილას მიამგვანა, შეეშინდა და იქაურობას გაშორდა.

შემოდგომის ფოთლები ცვიოდა, წვიმამ დასცხო, დანიუსს უსიკვდილოდ მოუნდა დალევა, მაგრამ არ ეგულებოდა ბოთლი, რომელიც გულს არ აურევდა.

 

 

 

 

„სულისა და მასის თანაფარდობა“

 

  როგორ სიამოვნებს დანიუსს თავის საყვარელ ფიჭვნარში ყოფნა – იქ ხომ ყველაფერი, სათითაო კენჭი, ღერო თუ ტოტი ნაცნობი და ახლობელია. ხის კენწეროებზე მოქცეულ ციყვებს აღარ იკითხავთ, გემოზე რომ აკნაწუნებენ გირჩებს, რა სჯობს მათ ცქერას! ამ ჭალაში მოჭაჭანე ნებისმიერი სულდგმული თუ უსულო ნივთი: ქვა, მეტალი, ხე, პლასტმასი დანიუსის არსებობას შეჰხარის. მოშრიალე ტყე  სიმღერ-სიმღერით ლოცავს, მზე თავზე დაჰხარის, თხმელისა და არყის ფოთლებზე ირეკლება, ეალერსება და ამშვიდებს. მეთევზის გასაშლელ სკამზე მოკალათებული დანიუსი სიჩუმით იმსჭვალება და სამყაროს ცქერით ტკბება (ბოროტი ჭიანჭველების რომ არ ეშინოდეს, ხავსმოდებულ ჯირკზე ჩამოჯდებოდა და უფრო მეტადაც დაუახლოვდებოდა ბუნებას).

დანიუსს მხოლოდ ერთი რამ სურს – ჭალაში ყოფნა და ჭალით ტკბობა, ტკბობა და დუმილი, დუმილი და იმის ცქერა, როგორ მოწანწკარებს სულზე უტკბესი წვეთები და აუჩქარებლად ავსებს სამლიტრიან ქილას. „დარიც რა მშვენიერი გამოდგა ამ დალოცვილი სამაგონის გამოსახდელად,“ – ფიქრობს, გასაშლელი სკამიდან ზლაზვნით წამომდგარი, ქინქლების გამოსადევნად ჭიქას სულს მძლავრად ბერავს, კუბოკრული ქურთუკის კუთხით წმენდს და იხრება. ძალიან ფრთხილად, ისე რომ, ღმერთმა დაიფაროს და არ დაღვაროს, თლილ ჭიქას პირთამდე ავსებს და შუქზე გასცქერის – ამ დროს მეორე მხრიდან თუ შეხედავთ დანიუსს, უზარმაზარი თვალები მოუჩანს.

კამკამი გაუდის, _ ასკვნის სიამაყით, – ბროლია, ბროლი! – ადასტურებს და მეტი დამაჯერებლობისთვის ხარისხის ნიშანს ტვინში იბეჭდავს.

     აგემოვნებს და წრუპავს ტყის მადლიან ძღვენს, ნაზამთრალი თავთავის ელექსირს, ჭვავის სულსა და სიცოცხლის ძალას. აგემოვნებს, წრუპავს და ძლევამოსილებასთან ერთად სევდა, სილაღე და სიბრძნე ემატება. მისი გრძნობის ყველა ორგანო დაძაბულია, დანიუსი ახლა ადამიანი როდია, ის ერთი უზარმაზარი სენსორია, ყველაფერს რომ აღიქვამს, ერთი დიდებული ტვინია, ყველაფერს რომ ხვდება. სამყაროს სიდიადით გულაჩუყებულს ზოგჯერ ცრემლიც კი ადგება თვალზე, მოიწმენდს და გაფაციცებული კვლავ თვალყურს ადევნებს, თითქოს, სათითაო ქმნილებაზე, სიოს ყოველ გაფაჩუნებაზე, ყველასა და ყველაფერზე პასუხს აგებდეს!

– ბზზზ, ბზზზ, ბზზზ, – დანიუსის ყურთან რაღაც ბზუის.

ეს რა ოხრობაა? – უკვირს აუკშტაიტიის* ბუჩქნარის მფარველს, – ბაზი ბზუის? – თავის თავს ეკითხება, – არა, ბაზი არ უნდა იყოს, – თავადვე პასუხობს, – რა სასიამოვნოა ბუნებაში ბუნებისვე საიდუმლოებათა ამოცნობა, რა საამურია ტყის სულთა სმენა.

– ბზზზ, ბზზზ, ბზზზ, – ისევ ბზუილი ისმის.

– ბაზია, ბაზი, – ასკვნის ახლა უკვე ადამიანი.

– ბზზზ, ბზზზ, ბზზზ!

– აგერ, მესამეც, – ითვლის დანიუსი, – რაღაც ძალიან მომრავლდნენ, ზოგი სულ ერთი ციციქნაა და ისე ბზინავს, თითქოს ოქროს მტვერი აყრიაო, ზოგი კარგა მოზრდილია, მაგრამ ფერმკრთალი და მრგვალი, წითელი თვალებით იცქირება. შეხე, ბზიკებიც მოფრინდნენ, – აკვირდება და აინტერესებს რატომ ფრენენ მის გარშემო მზის პაწაწინა ნამსხვრევები, რა დაჰკარგვიათ აქ, ტყის შუაგულში, თხმელის ჭალაში.

– რისთვის მოფრინდით, თქვე სისხლისმსმელებო თქვენა?! – იცინის დანიუსი და მეორე ჭიქით ფრთოსან კოლეგებს ადღეგრძელებს.

 

 

 

1 2 3 4