ნაკლოვანება

თევზი უნდა გამოვწელოო – გამომძახე და
გამოხედვიდან ამოგეპნა სევდის ის ფხები,
ხელმოცარული ცხოვრების ქსოვილს რომ ესობოდნენ
და მოულოდნელ  შეფერხებებეს ერქვა თავზარი.
მოგონებებმა რა  ნუგეშით უნდა იკვებონ,

მთელი ცხოვრების ნაგროვები მოგონებებით
ამ პირდაფჩენილ შიმშილსაც კი ვერ გავუმკლავდი

ვერ შევძელი და მუცელი ვერ ამოვუყორე.
ერთხელაც  ჩუმად  ჩამოდგება დიდი  წასვლის  დღე,

გაიხენდება უსარგებლო გამოცდილება.
რას არ გაიგებ დახშული ყურით,
რას არ გაიგებ დათვლილი წლებით
რას არ წაიღებ დაღლილი მხრებით,
ან რას წაიღებ დარჩენის გარდა.
მანამკი უნდა გავიაზრო სხვა ყოფის არსი.
და ისე უნდა გამოვშიგნო ყველა მომდევნო
სიტყვის თუ ქცევის საზიანო შესაძლებლობა,
როგორც სამსხვერპლოდ შესაწირი ცხოველის ფაშვი.
ახლა კი  ვდგავარ ღამის თაღთან მომზადებული,

ფართოდ გახელილ თვალებიდან ვდევნი ოხშივარს,

მთვარეს გამხელილ უძლურებას ნიკაპზე ვკიდებ

და მენტალური უტოპიის ჩვეული ფაზა
ჩემი კრანახით სამუდამოდ უჩინარდება.
არ შეიძლება სხვამ იცოდეს შფოთვის შესახებ,

საპირისპირო ფორმებით რომ მაფორიაქებს.

და მაინც ცეცხლი ისევ უნდა გავაძლიერო
და მივუფიცხო გამოუვალ სიტუაციებს
გადარჩენილი სურვილების კორიანტელი.

არაფერია ისეთი  მყარი რაზეც შევძლებდი,

არსებობისთვის საკმარისი ერთი მიზეზის

საგულდაგულოდ ჩამოკიდებას.
თავმაც კი  იცის მსგავსი ტკივილი.

თავმაცკი იცის ეს ყველაფერი.
თავმაც კი იცის უთავბოლობას ხანდახან როგორ დაემორჩილოს.
თავირად უნდათ  ადამიანებს,

ასეთ თავსა და ასეთ გულს შორის ნეტავ კავშირი რა საჭიროა.
მათ შორის არის ხშირი მცდელობა ერთი რომ იყოს უპირატესი.
არ მემეტება არავისთვის სასოწარკვეთა.
სიცოცხლეს როგორც საფუძვლიან აკვიატებას,
აქ არ კურნავენ.
თუ ბნელში მცირე სინათლესაც კი შეუძლია
რომ გამოკვეთოს სილუეტები.

ასევე საზღვრავს მნიშნელოვან  ეპიზოდების

ძლივს შესამჩნევი  ერთობლიობა,
ყოველდღიური გაქცევიდან ამოკრეფილი,
უსახურობის უნდობელ ნაკვთებს –

ცხოვრება რომ ჰქვია,
ამრეზითაც რომ მოგვჩერებია და გვაკვირდება,
როდის დავკარგავთ უკანასკნელი მცდელობის უნარს,
დრო რომ იხელთოს,გადაგვარწმუნოს სხვა სამყაროს არსებობაში.
მაინც თანაბრად მიკვირდა თითქმის, ჩემი დგომა და შენი ყვირილი
– გაჩერდი! უკვე ვეღარ გეწევი და  გათენება მეთაკილება…

 

 

1 2 3 4 5 6 7