არავინ იცის

მიწა ითხრება ცოცხლებისთვის და მკვდრებისთვისაც.
საცხოვრებელი ასე შენდება.
დაგიძახებენ – კარადები ავიტანოთო,საწოლები ავიტანოთო,
პიანინოც ავიტანოთო.
მორიდებით დაგიძახებენ, უარს არ ამბობ.
ერთად მივხედოთ სხვა ნივთების განლაგებასო,
მაღლა შენდება თავშესაფარი.
დარგავენ სახლებს,ფუსფუსებენ, ზრდიან ეზოებს,
დამშვიდდებიან, ოთახებში იმალებიან
მერე ბეზრდებათ.
კანი უჭკნობი ქსოვილი იყოს, ვის ემართლები?…
ჭერში გამხმარი კოჭები ეწყოს, რა გაეწყობა.
მინებს ორთქლავენ თბილი ჰაერით.
მიწა ფხიზლდება.
რატომ ეძებენ სხეულებში დაავადებებს,
რა აიძულებთ შვილებს მაშინ უსაყვედურონ,
როცა მარხავენ.
იქნებ მდუღარე ჩაის ნაცვლად ფინჯანი იტევს
განმარტოების უცნობ ოხშივარს,
სასას რომ უწვავს მძიმე ყლუპებით ადამიანებს
და ტოტებივით ამოზრდილი კიდურებიდან
რხევის სიხშირეს უთავსებენ უჰაერობას.
რა აიძულებთ კარს მოარგონ მძიმე ურდული
ორჭოფობისას.
ან უნდობლობის ორჩოფეხებს შემოაცოცდნენ
და ისე კრიფონ წვიმის მარცვლები.
არავინ იცის…

 

 

1 2 3 4 5 6 7