რაღაც

ხარ – არარსებობის სიმბოლო, მიკრობი;
ხან ნისლის ცრემლები სიმშრალეს მოსავენ;
ხვალ, ვენებს შიგნიდან ისე მიეკრობი,
დაამხობ სისხლის დროს, იქნები – მესამე
რაინდი სიბრიყვის, უჟმური ხორციდან
გათრევა იქნება შენივე დასტური
და იმდენ გაფლანგულ სიცრუეს მოიტან,
საკუთარ ცხედარსაც მხატვრულად დასტირებ.
ასეა… და იცი… გიკვირს რომ ცივია,
ის ყველა პასაჟი ფიქრიდან აჭრილი,
ლანდები ფეხდაფეხ მოგდევენ, წივიან;
ყრუ სმენას სინდისის მახვილებს არჭობენ.
უმიზნოდ გაფლანგულ გრძნობების ნაფლეთებს,
კრეფდი და აკრავდი არქივში – სიშიშვლის;
ცხოვრება ისედაც მრავალჯერ გაფეთებს,
გაგიჟდი ! გაგიჟდი ! გაგიჟდი ! – ვინ გიშლის…
პალატის სითეთრეს ბარბაცით მიყვები,
განიცდი ხალათი რომ ძვლებზე მყარია,
ეძახი და მაინც ივიწყებ სიტყვებით
მეგობრებს, ვინც შენთან დღეს აღარ არიან.
გიცნობდი ოდესღაც მეგონა სხვანაირს,
გხედავდი, გხვდებოდი დიდების მოჰიკანს,
ყოველთვის სუნთქავდი დუმილის სხვა ჰაერს,
სიმშვიდეს ფიქრობდი, ხსოვნა რომ მოგიტანს.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7