*    *    *

ზღვიდან წამოღებული კენჭები
ჯერ ისევ სველია
და ახლა შესანიშნავი დროა,
თავიდან დავაბრუნო შენი არსებობა –
ახალი გაზაფხული გამოვიგონო.

ატმის ყვავილებს შემოჯარული ფუტკრები
მაფიქრებენ,
როგორც ყველა ერთი,
ისიც მრავალი თავისი თავია
და ყოველდღე სხვადასხვა მელაპარაკება.

სახსოვარი დატოვებულია,
ეს იმდენად არაცვლადია,
რამდენადაც უბრალოდ საზღვრულია ჩემი სიცოცხლე
და ჩემს სახლს რაზე ავაგებ,
ჩაფიქრებულია წინასწარ.

ტყიდან გამოხმობილია  ნადირობის ყველა ქალღმერთი
და ყველა ნადირი ჩემში შემოვისახლე,
შენ არ გცნობია საკუთარი თავი,
რადგან რაც ჩემგან გახვედი,
მწვანე ფოთლების სიღრმეებიდან ბუს კივილი გესმის.

ჩემი ყოფიერება  უსაფრთხოა –
ტყის შუაგულ ჯუნგლებში შეგიძლია
სიბნელესავით გაიარო,
კანჭებს მხოლოდ მაღალი ბალახი თუ გაგისერავს,
რადგან მე ახლა ტყის დედოფალი ვარ,
მანამდე კი,

სანამ ყველაფერი ასე ულაპარაკოდ დასრულდებოდა,
ჩემი სიტყვებით ერთი ტკივილიც კი ვერ მოგაყენე.

 

 

 

1 2 3 4