* * *
ჩემი დღეები ჩემი საწოლივით ცარიელია,
ეს ვერაფერს გამოისყიდის,
ეს ვერ დამირწევს საქანელაზე შერჩენილ შიშებს,
ჩემ გვერდით სამოსს იძრობს შენი შეყვარებული,
ძვირფასო მეკვლევ.
ქალად ვიწოდები
და ყველა მათგანი, ვინც ჩემ ირგვლივ დაესახლა,
ნიშანს მთხოვს ჩემი ქალურობის დასტურად.
ჩემი გზა ღობესთან მთავრდება,
იქედან ხანდახან სიმთვრალეში თუ ამოვიძახებ,
ვინ მიყვარს.
სანამ ციცინათელების სეზონია,
საიდუმლოს არავინ გათქვამს
და როცა ყველაფერი ჩაქრება,
შემოდგომასავით დავმწიფდებით.
ყველა კაცი მათხოვარია,
ვინც ჩემ სხეულზე შენი ნაკვალევი ვერ ამოიცნო
და მაინც ჩემში დარჩენა უნდა,
ამბავი ბოლომდე ვერ მიმყავს,
სხვის შეთხზულ ისტორიებს არ ახასიათებთ კულმინაცია,
ჩემი ცეცხლისგან ფოლადი გამოიწრთობა,
ვინც რკინის არაა – ეშინია,
ვინც შიშველი არ დგას ჩემ წინაშე – ეშინია,
ვინც მოსულია ჩემ გადასაყლაპად – ეშინია.
ჩემ წელს ისევ მისი თითების ბალიშები მირბილებს
და თავდაუზოგავად ყვავის ზამბახები,
ყარს ბალბა –
ყველა ყვავილი სილამაზისთვის არის გაჩენილიო – ეს სიცრუეა,
ვინ მობერტყავს კაკალს?
ვისი ჭოკი შეწვდება ამ სიმაღლეებს?
მსხვილი მკლავები ტვირთისთვისაა განწირული,
ჩემი ზურგი – მწვანე დინებებისთვის,
რომელიც ზღვიდან მოიქცა.
ქაფივით იფანტება შენი სიტყვა,
თეძოზე გეჭიდები,
მხურვალეა ჩემს ტუჩებზე აღბეჭდილი შენი მუცელი.
