*    *    *

ძაღლმა ზურგი შემაქცია და წავიდა,

აიძურწა და წავიდა,

მე აივანზე ვდგავარ,

მყრალ ყავას ვსვამ და მშვიდობაა.

წვეთები თავზე მეღვენთებიან,

ეს ურწმუნო ადამიანის ლოცვასავითაა,

სხვა გზა რომ აღარ აქვს,

გაზაფხულის მტვერი სახეში მეყრება

და სახელოთი ვიწმენდ.

ვის გაუმხელია აქამდე წრფელი სიყვარული,

წრფელი სიყვარული ხეზე ბუდეს იკეთებს

და გაჰკივის

“დამიბრუნდი ჯარისკაცო”

ფრთას შემოვკრავ ფრთას,

გავინავარდებ,

ცაზე გაწერილია ჩემი გასაფრენი

ყველა ხაზი.

გაკვირვება ვერ მოიტანს სიჩუმეს,

მან შეიძლება პეშვით წყალი მოიტანოს

და ყვავილებს მიასხას,

გუშინ დავთესე,

ყველა ამოვა,

რადგან სათითაოდ სახელი დავარქვი,

ერთიც არ დამვიწყებია.

შემცვალა მიწამ,

მე მას კი არა,

ის მე მტკეპნის,

ვერ ავფუვდები, სანამ ვინმე არ გამთოხნის,

უთესლოდ ვერ ვინაყოფიერებ.

გამხმარი ტოტები

სკდებიან ვარჯზე,

ველური ჩიტები ფრთხებიან,

ჭიანჭველები კვდებიან ბრაზისგან,

მე აივანზე მყრალ ყავას ვსვამ და მშვიდობაა.

 

 

 

1 2 3 4