ლექსი – ლექსში

მოდი ამ ლექსიდან ამოვიღებ სიტყვას ,,ლექსი,,
მე ხომ პოეტი ვარ ან, როგორც ერთი
კარგი პოეტი იტყოდა ლექსების მწერალი…

მოდი ამ ლექსიდან ამოვიღებ სიტყვას ,,ლექსი,,
თითებს გავატკაცუნებ, მხრებში გავიშლები
და მერე ამ ლექსს, რომელიც არ უნდა მეხსენებინა
და მაინც წამომცდა,
(რა ქნას ლექსია…)
წელში მოვხრი და ჯოხს დავაჭერინებ,
(ან გავათლევინებ…)
მერე ჯოხს წავართმევ ამ ლექსს და
ძაღლს გადავუგდებ…
(ძაღლსაც ხომ უნდა ამ ლექსში თამაში…)
აი, კიდევ წამომცდა სიტყვა ,,ლექსი,,…
მერე დექსტერ გორდონის ჯაზს
ჩავურთავ – მერე გამოვურთავ,
3-4 წუთში და ტომასო ალბინონის
ოპერებზე გადავალ,
ცოტა იწვალოს ლექსმაც…
(აბა, მე როგორ ვწვალობ…)
აი, კიდევ წამომცდა….
მერე ედ რეინჰარდტის შავ ნახატს
ვაჩვენებ, მერე თვალებზე
მისივე, ნახატს ავაფარებ
და ბრაიან დეტმერის სკალპელით
დავუჭრი …
(ლექსი არ დაზიანდება…)
არ იცით ეს ორი ადამიანი?
დაგუგლეთ…
(მე , როგორ ვგუგლავ…)
და თუ გამოქვეყნდება
ეს ლექსი, რომელიმე ლიტერატურულ
ჟურნალში, ან გაზეთში გეტყვით
და ესეც დაგუგლეთ…
(მეც დავგუგლავ…)
ამ ლექსის ყველა მკითხველს
კი სათითაოდ გავუგზავნი
პატიების წერილს, ან ხმოვან
შეტყობინებას, რადგან არ უნდა
მეხსენებინა ამ ლექსში,
სიტყვა ,,ლექსი,,
მე კი, ის მრავალგზის ვახსენე…
სხვა გზა არ მქონდა? მქონდა…
(თუ კითხულობთ, ახლაც მომიტევეთ…)
ეს ხომ ლექსია, ხანდახან ამაოდაც მეტყველებს…

 

 

 

1 2 3 4