ამაოდ მეტყველება. მრავლის მეტყველება.
,,იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ,,
წმ. ანტონი დიდი
1
სიტყვებს ვამრავლებ…
მოუკლებლად თვალით ფურცლებს ვწონი,
არადა მოუკლებლად მინდა
ვლოცულობდე შენთვის…
ნელ-ნელა თვალის ჩინი აკლდებათ,
გამრავლებულ სიტყვებს და ისინი,
თითქოს ნაძვის ხის კენწეროზე მრჩება…
ძველმოდური ფურცელი ამაოდ მეტყველებს…
ძველმოდური ფეხსაცმლით, თითქოს
ახალ მიწას, ახალ ხმას, ახალი ხის კენწეროს ვეძებ…
ძველმოდურად ვამრავლებ სიტყვებს…
ძველმოდურად ვმეტყველებ ამაოდ,
ძველებურ ფირსაკრავს ვგავარ…
თან ესეც მახსოვს
,,ამოება ამაოთა და ყოველივე ამაო,,
სად უნდა დავრჩე, შეუსაბამო ვარ ამ დღესთან…
რა დავაკელი დღევანდელ დილას, იქნებ თვალის
ფართოდ გახელა, იქნებ მთქნარება, ან იქნებ ალერსი?!…
ენის წვერიდან – თვალის ჭრილიდან, სისხლივით
მდის დაბნეულობა, მოუთმენლობა,
ამბის თქმის შიში…
,,ბამბას დავადებ ამბის ნიშას…
გამრავლებულ სიტყვებზე შევდგები ,,
2
სიტყვებს ვამრავლებ – აღარ ვმალავ, რასაც
ვამრავლებ, თითქოს უკან ვფურცლავ იმ წიგნივით,
რომელსაც 12 ფურცელი აკლია და ნიავი ავსებს,
ხან ქუჩის მტვერი…
(ხანდახან, ალბათ შენი ხმაც კმარა…)
სიტყვებს ვამრავლებ, მაგრამ სიტყვას არ ვაიძულებ,
იმარხულოს, მხოლოდ ვაიძულებ უცხოს ეზიაროს…
რომელი სიტყვაც გამიტყუებს გარეთ, ან სახლში
შემიტყუებს, თვალს დამადგამს, მომკრავს,
თუ მომატყუებს,
ისე რომ აღმოსავლეთის ქარით ამივსოს
ამპარტავნება, ალბათ სხვა ენით ავმეტყველდები…
მაგრამ არა, ახლაც ამაოდ ვმეტყველებ.
სიტყვებს ვამრავლებ.
სიტყვების ნაცვლად პურს ვინც ამრავლებს,
მასთან ერთად მიჭირს ყოფნა…
მე ხომ ისევ გუშინდელი ვარ…
მე ხომ ისევ გუშინწინდელი ვარ…
მე ხომ წინდების ჩაცმის დროსაც,
სიტყვებს ვამრავლებ და დაწინდული
ვარ შენს კითხვებთან და უარყოფით პასუხებთან…
,,ლეღვის ხეებიც, ვეღარ შველიან სიტყვებში
სირცხვილს. ლეღვის ხეები ისევ ხმებიან…,,
3
სიტყვა ჩადგება, როგორც ქარი, ზამთრის
სუსხიან დღეს, შებინდებისას
და ყველა სიტყვა, რაც ამაოდ ვთქვი,
რაც გავამრავლე, ან შენთვის ჩავიჩურჩულე,
ამოიწვება იმ ფურცლებზე,
რომლებსაც ახლაც ვწონი…
იბატონე შენს ენაზე, იბატონე…
ერთი ტონით ლურჯ ცაზე,
ორი ტონით ნაცრისფერ ჩიტს
შენ ვერ აცდები…