ცრუდმეტყველება
,,ჭეშმარიტად: მხოლოდ ის ეზიარა მარადიულს
ვინც უარყო ცრუბრძნობა და ცრუმეტყველება,,

                            XIX ლაო ძი. ,,ყოველი კაცი ცრუ არს,, ფსალმუნი 115

საცობში ვდგავარ – ცრუდ ვმეტყველებ.
ბოთლის ხის საცობებით შენთვის
ლექსებს ვწერ – ცრუდ ვმეტყველებ.
ცას ღრუბელს ვაცლი, როგორც იარლიყს
პერანგს,
ცა ცარიელი არ რჩება,
რაღაც შუქს ვხედავ დაპირებულს – ცრუდ ვმეტყველებ.
წარსულში გაშლილ სარეცელზე
ახლა ვწვები, თბილია – ცრუდ ვმეტყველებ.
ლექცია მაქვს ჩასატარებელი,
ცარცი შემოაქვთ, დაფაზე წერია
,,სიცარიელე,, – ცრუდ ვმეტყველებ.
ქალი, ჩემი ლექსიდან გადის და
აღარ ბრუნდება – ცრუდ ვმეტყველებ.

 

თქვენთვის წერილია

სოციელურ ქსელში ვაზიარებდი
შენ ფოტოებს.
ბეჭდურ ფოტოებს,
ცალხაზიან რვეულში ვაკრავდი.
უჯრიან რვეულში მხოლოდ
სიცოცხლის განტოლებას ვხსნიდი
ხოლმე ხანდახან, როცა დრო მქონდა
და ვფიქრობდი, რომ მისი ამონახსნი
შენ იყავი…
ოთახში ვიჯექი, ერთი ზომით
დიდი ფეხსაცმლით და ორი
ზომით დიდი სიყვარულით,
ხან კომპიუტერთან, ხან მისაღებ
ოთახში მაგიდასთან,
რომელზეც შენი ფოტოები მქონდა,
ღიმილის და ჩაფიქრების მიხედვით
დალაგებული…

მუყაოს გულს, რაღაც მიკაწრავდა…
(არ ვიცი რა მქონდა ჩანაფიქრი…
ოჰ, როგორი დაულაგებელი ვარ!)
ზამთარი იყო, დაზაფრული.
დიდხანს ველოდი ფოსტალიონის
მოსვლას და კარებთან მისი
სიტყვების ხმას ,,თქვენთვის წერილია,,
თქვენთის ქეთლინის წერილია…

თვეები გადიოდა.
მე კი, ვიჯექი ოთახში ერთი ზომით
დიდი ფეხსაცმლით, ორი ზომით
დიდი სიყვარულით და სამი ზომით
მოკლე წინათგრძნობით,
რომ კიდევ, გავიგონებდი ფოსტალიონის
ხმას, რომელიც იტყოდა,
,,თქვენთვის წერილია,,

***
მაისის ნიავი ყელზე გამოვისვი, დანასავით…
ყნოსვა დაკარგა მაისის ჩიტმა,
რომელიც ჩემს სულში, სინანულის ტოტზე
იჯდა – თვლემდა და ფრთების გაშლის
პირველი დღე ესიზმრებოდა.

 

 

 

1 2 3 4