ბამპი. სულმოკლეობა.

1
წერას ვიწყებ, ხან გალაკტიონის ფოტოს
გავხედავ, რომელიც დღეების წინ,
ლურჯ ჩარჩოში ჩავსი, ხან კედელზე
გაკრულ, ფერლინგეტის
და სემუელ ბეკეტის ფოტოებს…
ფურცელი ცარიელია, თითქოს
ახალ სიტყვას ველოდები,
როგორც გოდოს…

 

2
  მიმტანი ბამპის მოგონება

როცა მაგიდას სულ ვუბერავ
მე მრჩება რაღაც, რაღაც უცნაური
დ გამოუთქმელი.
თან, თითქოს სულმოკლე ვხდები…

როცა შარვალი გიმოკლდება,
შეგიძლია გადაჭრა და საზაფხულოდ
გადააკეთო, მაგრამ როგორ უნდა გადაჭრა
პრობლემა სულმოკლეობის, არ ვიცი…

ჩემი სახელია ბამპი
,,მიმტანი ბამპი,,
ჰარლემში დავიბადე,
ვცხოვრობ 125-ე ქუჩის მეშვიდე
ავენიუსთან ახლოს…

3
ახლა მხოლოდ ფერლინგეტის
ფოტოს ვუყურებ…
ვაგრძელებ.

ძალიან მარტივია აალაგო მაგიდა
და სტუმრებს ყავა ან ჩაი
ისე მიართვა, რომ ხელი არ აგიკანკალდეს,
მაგრამ როცა სულმოკლე ხარ
რთულდება ეს საქმე…
ორ თვალს, ორ თვალშიც ვეღარ ვუყრი ადამიანს.
უსიამოვნო ფაქტია და საერთოდ ადამიანი
უსიამოვნოა…
შხაპსაც ვეღარ ვიღებ ისე, რომ ყოველდღე
სული არ დამისველდეს…

სულმოკლე დიდ ნაბიჯებს ვერ დგამს,
მხოლოდ წარმოიდგენს…

ყოველდღე კაფეში შემოსულ
ადამიანებს ვუთვალთვალებ…
მაგიდაზე რამე ხომ არ დაექცათ, ჩაის
კოვზი ხომ არ გადასცდა ვინმეს და ა.შ..
ისინი ვერ მამჩნევენ…
მე გოდო ვარ, რომელსაც კი არ
უნდა ელოდო, არამედ მოიშორო…

სახლში მივდივარ.
ამორალური საღამოა.
ჩემს სულში შურის კვალს
ვერ ვიღებ და რეალობიდან
სიკვდილში გასაყრელად
დანერწყვილ ძაფს…
ეს სიგიჟეა…
თან მაინტერესებს,
სად მიდის თანამედროვე
ქარი, როგორც ბოლო მოდელის
აუდი…

4.
კედლიდან ბეკეტი და ფერლინგეტი
მიყურებენ…
ვაგრძელებ…

მანქანა ღია კაფესთან ჩერდება,
სადაც მე ვმუშაობ,
მე ბამპი…
ეს საშინელი უიქენდი იყო, ამბობს
ვულგარულად ჩაცმული ქალი
და მანქანის კარს უჯახუნებს კაცს,
რომელიც გამხმარ ლეღვის ხეს
ჰგავს…
მე მინდა ქალთან მივიდე და დავამშვიდო…
პაუზა…
მივდივარ.
მჯერა ჩემი მოკლე სული, მის სულს
მოითქვამს… დიახ, სწორად მოგესმათ
ჩემი სული, იმ ქალის სულს მოითქვამს…

ამ დროს იწყება სროლა და ძირს ვეცემი…
ბოლო მოდელის აუდიდან
ჯაზ მუსიკის ხმამაღალი ხმა ისმის…
მე დაჭრილი ვარ…
შემოდგომის მშვიდი საღამოა…
თანამედროვე ქარი აგრძელებს
ქროლვას…

პაუზა.
ახლა, ამ ყველაფერს კომპიუტერში გადავიტან…
გაგრძელება არ იქნება…

 

 

 

 

1 2 3 4