გერმანული ნაგაზი

 

ქუჩაში გოგოს გერმანული ნაგაზი მოჰყავდა.
საჭიროდ სულ არ ჩამითვლია, ნებართვა ამეღო –
გადავუდექი, დავაპირე, ძაღლს მოვფერებოდი.
– Кусает! – უცებ შემომესმა მკაცრი ხმა პატრონის
და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე: სლავური გარეგნობა;
ამპარტავნული გამოხედვა; შეკრული წარბები…
მოკლედ, ყველა ის სამკაული, ჩვენთან, ამ ბოლო დროს,
ჯგროდ ჩამოსულებს, უმეტესობას, რომ ამშვენებთ.

“ბორდიურთან კი ბავშვი იდგა, ბიჭი იყო, შინდის
ტოტით ხელში და ჩვენ გვიცქერდა დაბნეული, შინდის
ყვავილის სურნელს ვგრძნობდი, ალბათ, შენც იგრძენი, შინდის
ყვავილის ფურცლებს, ბიჭის ფეხთან რომ ეყარა, მისი
ჩრდილი ეფინა (მზეზე იდგა)… შენს ენაზე – Кизил,
ჩემს ენაზე კი, ჩემს უძველეს ენაზე კი – შინდი…”

თვალწინ დამიდგა ორიათას რვის აგვისტოს დღეები,
როცა სამხედრო კომისარიატს მივადექი
და მოხალისედ ჩავეწერე, მსურველთა რიგი იდგა,
უწყვეტი რიგი – პირტიტველა ბიჭები, კაცები…
ჩემსავით, ალბათ, ზოგიერთ მათგანს არც გაუმხელია
მშობლებისთვის, რომ აპირებდა, აეღო იარაღი
და იმ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულიყო.
სამაგიეროდ, მზად იყვნენ თავის გასაწირად…

“ბორდიურთან კი ბავშვი იდგა, ბიჭი იყო, შინდის
ტოტით ხელში და ჩვენ გვიცქერდა დაბნეული, შინდის
ყვავილის სურნელს ვგრძნობდი, ალბათ, შენც იგრძენი, შინდის
ყვავილის ფურცლებს, ბიჭის ფეხთან რომ ეყარა, მისი
ჩრდილი ეფინა (მზეზე იდგა)… შენს ენაზე – Кизил,
ჩემს ენაზე კი, ჩემს უძველეს ენაზე კი – შინდი…”

ყველას იმედი გაგვიცრუვდა, კომისრის მოადგილემ,
ახალგაზრდა ლეიტენანტმა ჩუმად რომ გვითხრა:
ამდენი ხართ და მიხარია, არ მინდა, მოგატყუოთ,
ფორმალობაა, თქვენს წაყვანას არავინ აპირებსო…
მაგრამ მე მაინც ველოდებოდი, იმედს არ ვკარგავდი,
როგორც სამხედროკათედრაგავლილს, მეგონა, გამიწვევდნენ,
ტელეფონისკენ მქონდა ყური, პირველს რომ მიმესწრო,
მთავარი იყო, დაერეკათ, მშობლებს კი როგორმე ავუხსნიდი.

“ბორდიურთან კი ბავშვი იდგა, ბიჭი იყო, შინდის
ტოტით ხელში და ჩვენ გვიცქერდა დაბნეული, შინდის
ყვავილის სურნელს ვგრძნობდი, ალბათ, შენც იგრძენი, შინდის
ყვავილის ფურცლებს, ბიჭის ფეხთან რომ ეყარა, მისი
ჩრდილი ეფინა (მზეზე იდგა)… შენს ენაზე – Кизил,
ჩემს ენაზე კი, ჩემს უძველეს ენაზე კი – შინდი…”

მაგრამ არავის დაურეკავს, დამუნჯდა ტელეფონი.
ტელევიზორში გადმოსცემდნენ ომის ცხელ ნიუსებს,
ცხელს და სისხლიანს. დროდადრო, როცა მიჭირდა დატევა,
ვიკეტებოდი ჩემს ოთახში, ბალიშს ჩავღმუოდი
მოგუდულად და ხმადაბლა, რომ მშობლებს არ გაეგოთ.
ზოგჯერ შინ ვეღარ ვჩერდებოდი და გავრბოდი სახლიდან,
არავის ნახვა არ მინდოდა, ჩავდიოდი ვერეს ხეობაში
იმის იმედით, რომ დაბრუნებულს ომი არ დამხვდებოდა.

“ბორდიურთან კი ბავშვი იდგა, ბიჭი იყო, შინდის
ტოტით ხელში და ჩვენ გვიცქერდა დაბნეული, შინდის
ყვავილის სურნელს ვგრძნობდი, ალბათ, შენც იგრძენი, შინდის
ყვავილის ფურცლებს, ბიჭის ფეხთან რომ ეყარა, მისი
ჩრდილი ეფინა (მზეზე იდგა)… შენს ენაზე – Кизил,
ჩემს ენაზე კი, ჩემს უძველეს ენაზე კი – შინდი…”

ჩემი კორპუსის სიახლოვეს, ორას მეტრში, სამხედრო ბაზაა,
ამბობდნენ, რომ შეიძლებოდა, დაბომბილიყო,
დარჩენა ირგვლივ კორპუსებში არ იყო უსაფრთხო,
ჩემი კორპუსიც თითქმის ბოლომდე დაიცალა.
მიუხედავად იმისა, რომ დასარჩენი ჩვენც გვქონდა არაერთგან,
სახლში დავრჩით, არსად წასულა ჩემი ოჯახი.
ზეწრის ნაგლეჯზე გულმოდგინედ დავხატე ჩვენი დროშა
და გამოვფინე აივანზე, რაღაცის მოლოდინში…

“ბორდიურთან კი ბავშვი იდგა, ბიჭი იყო, შინდის
ტოტით ხელში და ჩვენ გვიცქერდა დაბნეული, შინდის
ყვავილის სურნელს ვგრძნობდი, ალბათ, შენც იგრძენი, შინდის
ყვავილის ფურცლებს, ბიჭის ფეხთან რომ ეყარა, მისი
ჩრდილი ეფინა (მზეზე იდგა)… შენს ენაზე – Кизил,
ჩემს ენაზე კი, ჩემს უძველეს ენაზე კი – შინდი…”

თვალწინ დამიდგა… ძაღლის პატრონმა საბელი მოქაჩა
და გვერდით ჩავლა დააპირა, მაგრამ არ გავუშვი,
მივუახლოვდი აღრენილ ნაგაზს, ნელ-ნელა დავიხარე,
წამებში მოლბა, ააქიცინა ფუმფულა კუდი და,
რომ ჩავეხუტე, ლოკვა დამიწყო, გაბრაზდა პატრონი
და გამარიდა… – Сумасшедший! – მომესმა ზურგს უკან…
მივაბიჯებდი ტროტუარზე შეშლილი ქართველი,
მივაბიჯებდი, მივდიოდი საოცრად ამაყი
საკუთარი პრიმიტიული გამბედაობით.

 

 

სიკვდილის ჭამა

 

დილაობით რომ ჩავეყრებოდით ბავშვები მდინარეში,
სანამ მზე არ გადავიდოდა, ვინ იყო ამომსვლელი,
მხოლოდ შიმშილი გვახსენებდა სახლებში წასვლის დროს,
ჭამის შემდეგ კი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა.

მე და ის ერთად მივდიოდით, ჩვენ ერთი გზა გვქონდა,
უნდა გამევლო მისი სახლი, ჩემი – მერე იყო.
დამელოდეო! – შეირბენდა სახლში და, მალევე,
მჭადით და ყველით ბრუნდებოდა, ვსხდებოდით ჭიშკართან.

მჭადს და ყველს ზუსტად, ერთი ერთში, თანაბრად გატეხდა,
ჭამაზე მეტად მსიამოვნებდა აი, ეს მომენტი,
როგორ ცდილობდა მთელი გულით, გაეყო შუაზე,
ისე, რომ არცერთს არ შეგვხვედროდა ნაკლები ულუფა.

სხვები მხოლოდ ერთი ბეწოს თუ წაგიტეხავდნენ.
გაგრძნობინებდნენ – მათი იყო, ეს მცირე წყალობა
მადლიერებით უნდა მიგეღო (მე მათ არ ვართმევდი,
მერჩივნა, სახლში წავსულიყავი)… ის ამას არასდროს
არ იკადრებდა, არ იზამდა, არადა, მთელ სოფელში,
ყველაზე მეტად, ბევრად მეტად, მის ოჯახს უჭირდა.

ასეთი იყო… დრო გავიდა, ორივე გავიზარდეთ.
ერთხელაც ჩხუბში წამომყვა და… თავიდან ვერც მივხვდი,
ასე დიდი და ღონიერი, სულ რაღაც წამებში
როგორ დავარდა… როცა უცებ გაიქცნენ ისინი,
დავინახე სისხლით დასვრილი მისი პერანგი,
ბალახებში – შავტარიანი, მოზრდილი დანა…

მთელი ცხოვრება გასაოცრად კარგმა და კეთილმა,
სიკვდილი, როგორც მჭადი და ყველი, სულ თვითონ შეჭამა,
იქნებ მინდოდა?! არც უკითხავს – ცოტაც არ მომიტეხა.

და ვდგავარ ახლა მის საფლავთან, რვა წელი გავიდა…

 

 

 

1 2 3