პარკში
” – რა ჯანდაბაა, არ გამოდის ოხერი ამინდები,
გაზაფხულია, ზამთარია – ვერაფრით გავიგე!” –
ამბობს და ცაში იყურება, ღრუბლები გროვდებიან,
ცივი ნიავი ჭადრის ფოთლებს მსუბუქად აშრიალებს.
” – უკვე სახლიდან გამოსვლა მძულს! საითაც გაიხედავ,
ყველგან ესენი როგორ არიან, თუ გინდა, დააკვირდი,
სპეციალურად ლაპარაკობენ ხმამაღლა, ყვირილით,
ხაზს უსვამენ, რო არ ეშინიათ; მაგრად რო ვკიდივართ!
რა გვიქნეს! ან უკრაინელებს რას უშვრებიან!” –
ამბობს და რუსებს, რუს ტურისტებს, თვალებით ემუქრება.
” – შეხედე, საწყალს, ძლივს რო დადის, რამდენის იქნება?!
ამის შვილები დამანახა, მარტო რო უშვებენ სახლიდან.
დედაჩემს კუდში დავყვები ხოლმე, ან ბავშვებს ვაყოლებ!” –
ამბობს და მოხუცს, ხელჯოხიანს, უყურებს თანაგრძნობით.
” – ნეტა, ამათი ჭკუისა მქნა, შეხედე, შეხედე,
ერთობიან და სულ არ ანაღვლებთ, რა ხდება ქვეყანაზე.
მხოლოდ ორი რამ აინტერესებთ: ჭამა და თამაში. –
ამბობს ბავშვებზე, მთელ პარკში რომ ხმაურით დარბიან. –
ჩემი უმცროსი შვიდი წლისაა, უფროსებს მირჩევნია,
იზრდებიან და ვირდებიან, პატარა სულ სხვაა…”
უცებ ადგება, სასრიალოსთან წამებში მიირბენს
და რუს ბავშვს, ქვედა საფეხურზე ფეხი რომ დაუცდა,
წამოაყენებს, დაამშვიდებს, მიიყვანს მშობლებთან.
” – ეგეც ბავშვია, მტერია თუ მოყვარეა. ბავშვმა რა დააშავა.
ბავშვის ტირილზე ცუდად ვხვდები, გული მეხლიჩება. ” –
ამბობს, როცა უკან ბრუნდება. ჩემს “ვინსტონს” უკიდებს.
ჩუმად ეწევა. სკამთან მოდის ვიღაცის ლაბრადორი.
ეფერება ზურგზე. კისერზე. ყურებზე. თავზე.
მერე კი ბოლო ნაფაზს არტყამს, თან, ამბობს აღტაცებით:
” – სამრეცხაოში, შესვენებებზე, სხვა რა ვქნათ, ბიჭები
ქუჩის ძაღლებს შევაგდებთ ხოლმე გალიაში და
კისტის თოფს ვესვრით მაზიანზე, მაგარი ღადავია.”
ხმას ვერ ვიღებ, ის კი მიყურებს გაღიმებული,
ელოდება, რომ აღვფრთოვანდები მისი ამ ნაამბობით.
რასაც ვახერხებ ის არი, რომ ვდგები და მივდივარ.
” – გრჩება, ძმა, გრჩება სიგარეტი!” – მომძახის უკნიდან.
შე ნაბიჭვარო, შენი იყოს, დაიტოვე, ფეხებზე მკიდია!
თევზაობა ღორჯოზე
დილით დარეკეს: თურმე წუხელ ინსულტი დამართნია,
გონზეა, მაგრამ ცალი ხელ-ფეხი ჰქონია წართმეული.
ვიწრო შუკა გვყოფს, მეზობელზე ათასჯერ მეტია –
მერე რა, რომ სხვა გვარისაა, ბიძას ვეძახი.
დარეკეს დილით… მას, ალბათ – არა, მე კი მახსენდება
(არც არასოდეს დამვიწყებია, ვიხსენებ ამჯერადაც),
სათევზაოდ რომ დავყავდი ხოლმე ბავშვობაში.
მივდგებოდით და მდინარის ტოტს ქვებით ჩავხერგავდით,
მერე კი ბელტებს მივაფენდით იმ ხერგილს შიგნიდან,
წყალი რომ არ გაპარულიყო, მერე ნაპირზე
ვისხედით და ველოდებოდით ტოტის დაწრეტას.
სათუთუნედ გადაკეთებულ ჯიბის აფთიაქს
ამოიღებდა, გაახვევდა… ვხედავდი, კვამლის მიღმა,
ულვაშებში რომ ეღიმებოდა ჩემს ბავშვურ ცქმუტვაზე.
და, აი, უცებ, იწყებოდა: ჯერ ოდნავ გასაგონად,
თანდათან კი – უფრო და უფრო, უფრო და უფრო
იწყებდნენ სხმარტალს ღორჯოები, უწყლოდ დარჩენილნი,
ჩვენ ვკრეფდით და ძალიან სწრაფად ვყრიდით სათლებში.
ორ-სამ წუთში კი, ბარით ხელში, ხერგილთან მიირბენდა –
უწყლოდ რომ არ დახოცილიყვნენ სხვა ღორჯოები –
რამდენიმეგან გაარღვევდა ხერგილს და მღვრიე წყალი
ისევ სიცოცხლედ ევლინებოდა დაწრეტილ ნატოტარს.
ვედროებს ვცლიდით ნაპირზე და ღორჯოებს ავაცვამდი
ალუმინის, ბოლომოღუნულ, მოზრდილ მავთულზე.
გამომართმევდა, გახედავდა, ღიმილით მეტყოდა,
ესეც ასე, დღესაც მშვენივრად ვითევზავეთო.
მერე მავთულს გადატეხდა და, როგორც ყოველთვის,
უფრო დიდ ნაწილს მე მომცემდა – შენ მეტი გერგება,
ჩემზე მეტი ხო იმუშავე, სხვანაირად არაფრით გამოვაო.
ბავშვი ვიყავი, თუმცა სულელი ნაღდად არ ვყოფილვარ,
კარგად ვიცოდი, მასზე მეტი არ მიმუშავია,
მაგრამ მაინც მიხაროდა და სახლში გავრბოდი,
ისე, თითქოს, თევზი კი არა, ოქრო მიმქონდა.
დარეკეს დილით… მას, ალბათ – არა, მე სულ მახსენდება…
