რეგვენი

 

აი, უზიხარ ძვირფას სუფრას, მსუბუქად შემთვრალი,
აი, ისე ხარ, გინდა, სუყველა გულში რომ ჩაიკრა,
არც კი უშვებ, რამე ცუდი თუ არსებობს ქვეყნად,
ყველა ახლობლად მიგაჩნია, სრულიად უცნობებიც,
იმ რეგვენთანაც, წინ რომ გიზის, ცდილობ, გამონახო
რამე საერთო, გულით გინდა, საერთო საახლობლო
აღმოგაჩნდეთ – უხსენებ მწერალს (შენს უფროს მეგობარს),
რომელიც მისი კუთხიდანაა, რა იცი, რა ხდება,
იქნებ იცნობდეს, ინფანტილურად იმედოვნებ.

რეგვენი თავს წევს, თითქოს ძველი მოსისხლე გიპოვა,
თვალს თვალში გიყრის, ნაფაზს ქაჩავს, პაუზა იწელება,
ბოლოს კბილებში გამოსცრის, რომ არ აინტერესებს!
მერე კი გვერდზე მიბრუნდება, გააბამს საუბარს.

არ ხარ ისეთი მთვრალი, აჰყვე, ცხვირ-პირი დაუნაყო,
მას კი არაყი ბლომადა აქვს ხის თავში ავარდნილი,
ზიხარ შენთვის და გეღიმება, ლუდს წრუპავ (არაყს არ სვამ).
ზოგადად, ასეთ გამოხტომებს ძნელად თუ ეგუები,
მაგრამ, ამჯერად, თავს იკავებ, დაე, შეირჩინოს!
ამ ლამაზი დღის გაფუჭება არ გიღირს მის გამო.
ვინც კარგად გიცნობს, ყველა ხვდება, რატომ გაუტარე…

გეხსენებინა, აბა, ვინმე მაყუთის ტომარა ბიზნესმენი…
გეხსენებინა, აბა, ვინმე ქურდი ან ძველი ბიჭი…
გეხსენებინა პოლიტიკოსი, ან, სულაც, სპორტსმენი…
ვინც გინდა, ის გეხსენებინა, გარდა მწერლისა…

*
ლამპიონები ანათებენ ცარიელ ტროტუარს,
რეგვენი მიდის, ალბათ, სირეგვნით უსაზღვროდ კმაყოფილი,
ვინ იცის, იქნებ, რეგვენს ლამაზი ცოლ-შვილიც ელოდება…

რეგვენმა ხიდი გადაიარა, ცრის, მალე დაუშვებს,
ანძა ციმციმებს მთაწმინდაზე, ბურუსში, ლურჯ-წითლად.
ანძის ქვევით კი მკრთალად ანათებს პატარა ეკლესია…

 

 

 

რადიოკავშირი

 

“ამ დილით, გამთენიისას, მწვანე ზღვის ქუჩაზე, შუახნის მამაკაცი მერვე სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.”

დილის გაზეთიდან

” – … ასეთი რთული პერიოდები ყველას გვაქვს ცხოვრებაში,
არ ღირს ზედმეტი დრამატიზება, მსუბუქად შეხედე.
ეგოისტურად ნუ მოიქცევი, მარტო შენ ხო არ ხარ,
დედაშენია, შენი დაა, ცოლი გყავს, შვილები გყავს,
ნუ გაუმწარებ მთელ ცხოვრებას, დაფიქრდი! მიღება.”

” – კაი, არ გინდა, ძალიან გთხოვ! ტყუილად იღლები,
გადაწყვეტილი ამბავია! უკან ვერ დავიხევ!
ეს მე არ უნდა დამმართნოდა… მეგონა, გამიგებდი,
მგონი, შევცდი, რო შეგეხმიანე, ბოლოჯერ მინდოდა,
მელაპარაკა შენთან, მარა არ იშლი, ტვინს მიბურღავ,
ვიღაც ხო არ ვარ… მე უკეთ ვიცი, რა როგორ! მიღება.”

” – აბა, რა გითხრა, რას ელოდები, ტაშს ხო არ დაგიკრავ?!
დაფიქრდი ერთი, ჩემს ადგილას რას იზამდი, ძალიან მეეჭვება,
გულზე რო ხელი დაგეკრიფა, არ მჯერა! მიღება.”

” – ალბათ მეც მასე მოვიქცეოდი, თუმცა, იმ განსხვავებით,
რო ვეცდებოდი, გამეგო შენთვის, შენ ამას არ ცდილობ,
ჭკუას მასწავლი, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო,
ხო აგიხსენი, ეს ყველაფერი დღეს კი არ მომაფიქრდა,
წლებია, ვფიქრობ, სულ მინდოდა. უბრალოდ, გუშინდელი
ამბავი ბოლო წვეთი იყო, ამევსო, ეგ არი! მიღება.”

” – გასაგებია, მესმის, მარა… არც ვიცი, რა გითხრა,
სულ რაღაც ოცდათვრამეტის ხარ… ვის გამო, რის გამო…
არანაკლები გადავიტანე, ხო გახსოვს, რა დღეში ვიყავი,
მარა ასეთი სისულელე აზრად არ მომსვლია,
პირიქით, იმას ვცდილობდი, რო მოვრეოდი, ვიომე, ვიბრძოლე,
და ბოლოს მაინც გამოვძვერი, გადავრჩი. მიღება.”

” – კარგად მიცნობ, არ შემიძლია ასე მარტივად დაკიდება,
რომც დავიკიდო, მალე იმავე წრეზე წავალ,
შენც კარგად იცი… ხოდა, მაშინ თავს ვეღარ მოვერევი
და ვინმეს ნაღდად წავიყოლებ… ამიტო, მირჩევნია,
მარტო ჩემს თავს რო დავუშავო… სხვას – არა. მიღება.”

” – არადა, მთელი ბავშვობა ხო იმაზე ვოცნებობდით,
სადმე, გვერდიგვერდ, გვეცხოვრა და შვილიშვილებისთვის
ცხენზე ჯირითი გვესწავლებინა… ვერ ვიზამთ… მიღება.”

” – მარტო შენ იზამ, მაგ სფეროში, შენ უკეთ ერკვევი,
მე კი, უბრალოდ, გამიხსენეთ… წავედი, მეგობარო,
მიხარია, რო ყველაზე ბოლოს შენი ხმა მესმოდა,
მაგრად გეხვევი, აბა, მშვიდობით! კავშირის დასასრული.”

” – ჯერ არ წახვიდე, სულ ცოტა ხანს! მიღება! მიღება!”
” – ….”
” – სულ ერთი წუთით, სათქმელი მაქვს! მიღება! მიღება!”
” – ….”

*
გარეუბანი. ძველი კორპუსი. მალე მზე ამოვა.
მერვე სართულის კუთხის ბინის ფანჯარა იღება…

 

 

1 2 3