*     *      *

ყველა ჩემი განცდა ლეგიტიმურია,

ამ პრეტენზიით წარვსდექი დეკემბრის

ერთი ჩვეულებრივი განთიადის წინაშე

ოდნავი რწმენით,

რომ შემორჩენილი ფოთლებიდან

შესაძლებელია თანნხმობამ გამოჟონოს.

 

მე პრემენსტრუაციული სინდრომი მაქვს,

აპლიკაცია მაწვდის რჩევებს

და არსაიდან მოსულ განგაშს ვითმენ.

 

მე არ ვარ ჩემი ტკივილების ექო,

საკუთარ თავს ვარწმუნებ,

მაწვნიანი კოვზი მხოლოდ

პირის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს,

მხოლოდ დამახსოვრებულ შიმშილს,

უწოველ ძუძუს.

სითეთრე შეიძლება იყოს ბლანტი,

მჟავე,

ცხიმგამოცლილი და მატყუარა,

არ ღირს სარკეში თვალი აარიდო

საკუთარ სილუეტს,

თითქოს უბრალოდ სწრაფად ჩაუარე,

დილის საუზმისკენ გეჩქარებოდა.

აგერ ყველა ქვეწარმავალი

მიწაში ჩაძვრა ზამთრის შიშით,

მე რატომ უნდა გადავუდგე წინ მოქნეულ მახვილს

ანდაც მჭრელ ისრებს?

ზამთარი გვიცავს,

აკონსერვებს ყველა იმ პირობას,

რომელსაც რამდენიმე თვეში დააკმაყოფილებ,

მაშინ გამოფუთფუთდებიან შენი ოცნებები,

სურვილები,

გიწოდებენ ქალს,

შეგრაცხავენ ნაყოფიერების სიმბოლოდ,

დიადემად დაგადგამენ ყველა გარყვნილ გაზრახვას,

სადამდე წავიდეთ?

 

ჩემი თვალები ვერ აღწევენ ჰორიზონტს მიღმა,

თუმცა ჩემი ყველა განცდა ლეგიტიმურია,

ჩემი ხვრელებიდან ქვეწარმავლები იყურებიან,

ჩემი კანი თოვლივით თეთრდება

და ყინულით ვიფარები.

 

 

1 2 3 4