*     *      *

 

ჩემგან არ დადგება სიტყვა,

როგორ გინდათ გამასამართლოთ?

დღეს თვალები ხელისგულებზე მივიფარე,

ტკბილი იყო სიბნელე და შუადღის სამი საათი.

ჩემი აწმყო თითებს შორის გაცვენილი მოგონებებია,

რომლებიც პურის ნამცეცებივით დამეფანტნენ,

ახლა მათ მისი ნერწყვით შევკრავ –

ქალის, რომელიც თითქმის დამავიწყდა

ან მეორე ქალის, რომელიც მას არ ჰგავს.

ეს ფარდა მე არ ჩამომიფარებია საკუთარი თავისთვის,

ეს კარიც მე არ გამიღია,

თუ ფურცელზე მიმოვიფანტები ნაწერივით,

საით წაედინება ჩემი სისხლი?

მარჯვნივ? სადაც დასავლეთია,

სადაც ქუჩებს ცისფერი ზოლები მიუყვება,

სადაც წვიმა სხვა წვიმაზე უფრო მეტად თავგადასავალს გაგვახსენებს,

თუ მარცხნივ, სადაც თვალები ან ღია სარკმლებს ნიშნავს ან არაფერს,

სადაც ხაზი იქ მთავრდება,

საიდანაც მე ახლა დავიწყე,

საიდანაც წერტილივით არსად მივემართებოდი.

ჩემი მზერა ყველაფერს ისრუტავს,

ვისი მზერა შეიწოვოს ახლა,

გაზაფხულის თითქმის დადგომისას?

ყველა გზა ან ერთბაშად მოჩანს ან არასდროს,

მე – ბიპოლარული ქალი

შეხებას წარმოსახვასთან ვაერთებ

და მონსტრს ვქმნი …

 

დღეს ხელისგულები

თვალებზე მივიფარე,

თვალებზე რომელიც მე არ გამიხელია,

ცხელი იყო არარსებული ყველა შეხება

და შუადღის სამი საათი.

 

1 2 3 4