*     *      *

 

სად წავა ნეტავ ტკივილზე აღმოცენებული სიყვარული,

რომელ ცას დაფარავს,

რომელი სიკვდილით გამართლდება,

კვამლი ცახცახებს შეყვარებულებისგან მიტოვებულ ქუჩის კუთხეში,

ამ სიშიშვლეს

სისხლიან ზეწარზე დავავანებ,

სიტყვები ფარდებივით ფრიალებს  ფანჯრებიდან,

ალი კი  ნელა სწვდება  საკვამურებს,

საიდანაც მოუწესრიგებელი კრემატორიუმი ხრჩოლავს.

ჯარისკაცის ცარიელ თვალებში ყვითელი გვირილები იზრდება,

ნეტავ თუ ვუყვარვარ,

ღრმად ჩაფიქრდება ქალი,

გაიწვდის ხელებს წარსულისაკენ

და გულში ძალუმად ჩაიკრავს ჰოლოგრამად ქცეულ

მოგონებებს,

მე აქ ვიყავი,

აქ მჭირდებოდი,

როცა ტროტუარზე აცახცახდნენ თითები,

ჩემს სხეულს მოშორებულნი,

წამიკითხე ლექსები,

წაუღე ჩემი წერილები შეშინებულ შეყვარებულებს,

ამ წუთას,

ამ წელს

მე შენთან ვიყავი,

მე ყველასგან წავიღე შიში

და ჩავფალი ყვავილების ნაცვლად ჩემს ბაღში,

ღმერთო,

ყველაზე ლამაზი ქალაქი არის მარიუპოლი,

ქარო, გაფანტე კვამლი

ავარდნილი კუსტარული კრემატორიუმებიდან.

 

 

 

1 2 3 4