***

 

სიზმარი ვნახე

რომ შენი ჩრდილი

როგორც საბანი მეკვროდა

და მერე დილით

წარმოგიდგინე შემცივნული რომ

ამოდიოდი მეტროდან

ისე მიყვარდი

მზად ვიყავი რომ გავმხდარიყავი სუყველა

ვინც გჭირდებოდა

დედის საფლავი მამის გიტარა

შვილის სიცილი

წუხელაც

მე იმ სიზმარში

სიზმარი გნახე

რომ ზურგის ქარად გედექი

და შენი სახე

ეგ გიშრის სახე

ჩემი წარსულის შედეგი

ისე მტკიოდი

როგორც ძმაკაცი

ნაომარი და კიდევ მეორე

ომში წასული ომიდან

როგორ დავმარცხდე

დაგინახე და

კვლავ გამარჯვება მომინდა

შენ ხომ იცოდი

მარადიული რომ იყო ჩემი შიმშილი

რა მიხაროდა

მხოლოდ ლექსი და მხოლოდ სიმღერა

და თოვლისფერი დიშვილი

სიზმარი ვნახე

რომ შენმა მხრებმა

ვერ ნახეს ჩემი ჟაკეტი

იქ კი ისვრიან

და ვიღაც კვდება

და მე კი მესმის ეს ყველაფერი

ვიწრო ოთახში ჩაკეტილს

 

 

1 2 3 4