***

 

ისედაც ვიცით ვისკენა ვართ ნუღარ გვაძალებთ

ნუ გვაიძულებთ დაგემსგავსოთ როცა ხანძარი

გაჩნდება ყველას დავანახოთ თუნდაც ბეღურის

გადასარჩენად მკერდს მივუშვერთ თავს ვანაცვალებთ

აბა შეგვხედეთ რა ყოჩაღად თქვენი ნაცარით

სახლებს ვიშენებთ და უხერხული

 

ხომ არ იქნება თქვენგან თითის ქნევა ნაბიჭვრებს

ყოველთვის ვცნობდი დიდ დარბაზშიც თითქოს ნაბიჯებს

მსგავსად ადგამენ ერთნაირად წრუპავენ სასმელს

გამოვლილი აქვთ შენზე უკეთ გრძნობენ რა გიჭირს

თუ დილით როგორ დაიზილო გულის ნაგლეჯი

ამ ღამეების სიზმრებით და სიმუნჯით სავსემ

 

კარგად შეხედე ჩემს თეთრ ხელებს დაიმახსოვრე

მათთვის ერთია მომავალი აწმყო წარსული

მათთვის რთულია დანაკარგის გააზრებაც კი

და ხშირად ხდება რომ უბრალოდ ცუდ როლს ვასრულებ

როგორ მიყვარდით და რამდენი ხანი გასულა

შვებაც ხომ მოდის და რა ყრია ან ამ შვებაში

 

 

 

***

 

ყოველთვის მიცნობ დაშვებული ჩემი მხრებივით

დაშვებულია ყველა დროშა ჩემგან საქნევი

ყოველთვის ისე ერთნაირი ისე ზეპირი

მოძრაობების მდგმური შვილი მოქალაქე ვარ

 

გადის დრო შენი გიშრებიდან ვირჩევ ყველაზე

თხელს უნდა შევძლო კიდევ ერთხელ თავის გართმევა

და ვწერო არა დაცემაზე ღმერთზე შველაზე

და ვიყო არა საცინებლად სამტროდ სათრევად

 

თუ არა ახლა ვგრძნობ ვერასდროს ვეღარ ვუშველი

თავს ყველაფრისგან გარიდებულს შენთან დარჩენილს

არ მახსოვს როგორ თენდებოდა დილა უშენოდ

არ მახსოვს თუ ვინ მოდიოდა გადასარჩენად

 

 

1 2 3 4