ასი წლის წინ

 

რა უნდა ამ ქარის დახატვას

დაგიდგამ სარკმლებთან მოლბერტებს

სირბილმა მე ცუდად გამხადა

მე დიდხანს უძრავად მოვრბოდი

 

მოვრბოდი რომ შენთვის მომეგნო

რომ შენი ოთახი მეპოვა

რომ ყველა წაგება მომეგო

რომბოლოსდაბოლოს მეფე ვარ

 

და რა ცრუ ჩვენებებს მტენიან

ჩემს სახლში რატომღა ჩნდებიან

მდევნიან ძვირფასო მდევნიან

ეს ჩემზე საცდელი ცდებია

 

 

 

***

 

დაწყებული მიხაკიდან

ყველა ყვავილს გარქმევდი

უმიზეზოდ მიყვარდი და

უმიზეზოდ წახვედი

 

უმიზეზოდ დავიბზარე

უმიზეზოდ ავეწყვე

სამყოფელი გამიცვალე

შენს სანაცვლოდ დამლეწე

 

ახლა დიდი ფანჯრებიდან

სხვა სიხარულს მოველი

ახლა არ ვიტანჯები და

არ მაშინებს ყოველი

 

მაგრამ ასე ბედნიერსაც

შენი დარდი მადარდებს

თუ გადაწყვეტ სადმე შესვლას

გასასვლელად გადადე

 

სუნთქვა ერთი წვეთი სუნთქვა

ერთი გადასარჩენი

ეს შენ თორემ მე რა მსურდა

სული სულ სხვას ვაჩვენე

 

 

 

1 2 3 4