წვნიანი სიტყვით

 

იმდენ ხანს ვეღარ ვიჯერებდი სანახავ ამბებს,

ნანახში ისე მერეოდა ერთად და ცალკე,

თითოეული, რომ  მერჩივნა გავმხდარიყავი

მყარი საზურგე ან ხანმოკლე სიზმარი მაგრამ,

ოდნავ შევბრუნდი, დავინახე შემოსასვლელთან

მათლაფა ისევ იქ დაედოთ სადაც სტუმარი,

უნდა მჯდარიყო მაგიდასთან და უფრო ახლოს

მიედგა სკამი, სკამზე ტანი ჩამოეკიდა,

როგორც ბუხართან მოკაკვული თეთრი სანთელი,

რომელიც ალბათ სულ ერთია დნება თუ ჩაქრა,

მოხერხებულად მოექცია თითებში კოვზი,

წვენში ჩაფშვნილი პურის ქერქი მანამ ერია,

სანამ ჩამბალი გუმანით არ ამოსძახებდა

მთავარ სიმდაბლით შეზავებულ წინადადებას

-მიხმიე როგორც უცხო ხორცი, იქნებ განელდეს,

ბოლოს და ბოლოს ინტერესი მიმართ წარსულის,

წარმართის კუჭი შეინახავს საგზლის ნარჩენებს,

თუ დათქმულ დროზე მენავეებს გადაეყრება,

ნიჩბის გარეშე, უცხო ქარის მიუხედავად,

ნაპირის შეცვლა არ გახდება შეუძლებელი.

არ გამოჩნდება მისი სახის კალაპოტიდან

რა უფრო მეტად დაუგრძელებს  ნიკაპს კანკალი

თუ ხელოვნური სიმშვიდისგან თავშეკავება.

გადავიფიქრე, კარებისკენ მიმართულება

არ შემიცვლია, მანამ უფრო მეტად  არ გავხდი

დამაჯერებლად მოუცლელი, აჩქარებული,

საქმიანივით –  დარჩენისთვის შეუსაბამო,

მარტოობასთან მეტისმეტად შესაბამისი,

და გამოხშირვა სურვილების იმავდროულად

დამჭირდა როგორც სამკურნალო მედიკამენტი.

შემოსასვლელი გასასვლელად გამოვიყენე,

გავხდი სხეულის ხორკლიანი დამრეცი ენა,

რომლითაც თხრობა დავასრულე უძრაობაზე

და მოძრაობას გავურიგდი მომგებიანად.

რა იყო მაშინ მარცხენა და მარჯვენა წვერის

ფუნქცია დღემდე სიზმარივით ზუსტად არ მახსოვს,

შეიძლებოდა გაყოფილი ენის ნაწილებს

შორის გაზრდილი მანძილისთვის უნდა მეკითხა,

სად ვარდებიან უცხო სიტყვის კუნაპეტები

როცა ერთიდან მეორეზე ხტუნვას სწავლობენ

და უხალისოდ ერთმანეთზე იბეჟებიან.

ენის ქვეშ დარჩეს საიდუმლო როგორც საღეჭი

რეზინი, სანამ გაბერვამდე ენას დაფარავს,

სანამ ჰაერით შეივსება სიცარიელე,

იქამდე ვიდრე არ გასკდება ხმაურიანად,

რომ ის მათლაფა სამუდამოდ ამოყირავდეს

და გაიწუწოს ახლო-მახლო ვინც კი იქნება.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7