მოუსმენელი
ჩემი ხმა უნდა დაგელია.
ჩემი შედედებული ხმა სულმოუთქმელად უნდა დაგელია.
გულზე დაგადგებოდა გამყინავად.
სულის მოთქმამდე უნდა დაგელია დალექილ ხრინწთან ერთად
საჩურჩულოდ გამზადებული.
გულს რა სიმძიმით დააწვებოდა
რომ ვერ გაგეძლო?…
ჩემი ხმა უნდა დაგელია,
ჩემი ოვალური ხმა.
მისგან გამოწვეული სიჩუმე
ყურებში ისე უნდა ჩაგეჩურთა,
როგორც ღრიჭოში ათავსებენ რამე დაკუჭულს,
ზუზუნმა რომ არ შეაწუხოთ,
ან ტარაკნების გამოჩენით არ გაბეზრდნენ,
თუმცა ერთია მე რას ვამბობ
და პოეზიით ახირებულს
მოუსვენრობა რისთვის გამიშინაურდა,
თუ არ მიმსხვერპლებს.
,,გამორჩეული” დღე
ისეთი დღეა რომელიმე კონფესიის აღმსარებლობა
დამატებითი სამსახურივით რომ უნდა შეითავსო,
მცირე დანამატის მოლოდინში,
საერთო ჯამში პრომლემებსაც შეამსუბუქებს,
ხალხს შეერიო,
მაგრამ გვიანია.
დილას სუდნოსავით გადავღვარე სიტყვების ორომტრიალი
სოციალურ ქსელში.
ვიჯექი კოპწია ჟალუზით მოხდენილ ფანჯარასთან და
ვუყურებდი ასფალტის გამორჩეულ მონაკვეთს,
ჩავრდნილი ადგილიდან
წყლის დაზიანებულ მილს თუჯის ბაკანი მოუჩანდა,
მასში გამავალი ნარეცხი
ცხოვრებასავით მიედინებოდა ჭებში დასაწრეტად.
არც კი ვაქცევდი ყურადღებას გაზონზე ამოჩიჩქნილ მიწას,
რომელიც ალბათ გაიზმორა კიდეც და
გამომშრალი მოძრაობით
მომდევნო ეტაპზე გადასვლის ნიშანი მომცა.
ამასობაში მეზობლის დაქოქილი მანქანაც დაიძრა,
შლაგბაუმთან შეჩერდა,
ტაქსის ტრაფარეტი შემოიდგა სახურავზე
და შარშანდელი თოვლივით გაუჩინარდა.