ძმის ძმა

 

ასე უცხოდ  რომ დადიხარ და ცარიელდები,

რა გჭირს ნეტავი,

ასე გამქრალა შენი ცარიელი გზისთვის კვალი ფხვიერი,

ძმა გყავს მეტივე,

ორ ნაპირისკენ თანაბარი მანძილის თვლემით

წყალს ეღობება

და შენ ცრემლში ყურყუმალაობს.

არ შრება თურმე მოთმინების ნოტიო ფსკერზე

გულის ძახილი,

ხანდახან  ისიც თითქოს ხმაურობს.

უფრო მგონია დინება ხარ, რა ვქნა მეტი ვერ-

აფერი გკითხე გარდა ამისა –  ვისთვის ხარ ახლა?

რაც გადმოგცემდა საშუალებას გეშუამდგომლა

თავთან საკუთარ, თავთან სხვის ან თავთან უბრალოდ

და გეპასუხა – მე აღარ ვარ დიდი ხანია.

ოჭივარია მოსარგები შენი სიტყვისთვის,

მხარზე იცოცე.

ოხშივარია ადენილი ყველა ფიცისთვის,

რაც მხარ-თეძოზე წამოწოლით გაგიმხელია,

აღარ იცოდი რა გეღონა, რა გაგეგონა,

უმარხავ თავზე,

აღარ ქარგავდი უღონობით გაბუღულ სარჩულს

კართან მდგომისთვის,

კაკუნის ხმაზე იწყებდი ლხენას,

მთელი სიმღერა გამხდარიყო ყალბი მოტივი,

უფრო დაღლილი ცხოვრების თმენა.

მიფიქრე ხშირად სიცოცხლის გემო,

ყველა ნაცადი ხერხი გახდა  უემოციო,

რას მეტყვი ახლა…

ჩვილი ღრუბლების მარათონში ჩვენ ვართ ჩიტები,

რომლებიც ფიჭვის ნადნობს მზეში კარგად ამჩნევენ

და აღარ ესმით წებოვანი ტალღების ხმაში

რა უხარიათ პრიალა მატლებს.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7