მარტივი ლექსი

 

როგორღაც ხდება ისეც

ირგვლივ ყველაფერი იმსხვრევა,

თავისებური რიტმის თანხლებით და

ნაკაწრების ვერ აღმოჩენა იმ სხეულზე

რომელშიც ცხოვრობ –  არც კი გაფიქრებს.

მე ვიზამ ამას:

თითქოს გეგონა რომ არსებობობდი,

ან ,,თითქოს გეგონა’’ – დან

ურთიერთგამომრიცხაობის იმედით წვეთავ.

გეგონოს როგორც არის, ისედაც ამარტივებ ამით ყველაფერს

და თითქოს – ობანას თამაში გეადვილება.

ახლა რა ხმითაც გესაუბრები – საჩოთიროა.

ისეთი ძაბრი გამოვიგონე – გაშლილ ნაწილში

ვეღარაფერს ჩააპირქვავებ,

ვერც თხევადსა და მითუმეტეს ვერც ფხვიერ სიტყვას

მიუშვებ უწინდელივით თავის ნებაზე.

გამოგონებას ფიქრზე მეტად შიში დაჭირდა,

შიშის მერე უსაშველო გამბედაობა,

თავდაპირველად ოდნავ დამრეცი, შემდეგ სიცილი

რადგანაც ჩემი გამოგონება

ძაბრის ამოტრიალებით შემოიფარგლა.

თუ გამოგონებას ჩავანაცვლებ სიტყვით – მიგნება,

სიცილს ტირილით, გამბედაობას სიმხდალით – მიგიღებ შენ,

რომელიც ნაკლები ან ტოლი შეიძლება აღმოჩნდე უტოლობის ნიშნის

საპირისპირო მხარეს არსებული მოცემულობისთვის.

მაგრამ ამას არ ვიზამ,

რადგან უტოლობის ნიშანი ისეთი ჩაზნექილია,

მეეჭვება წონასწორობის შენარჩუნება გამოუვიდეს.

აუცილებლად გადასახრელი ცალ მხარესაც არაფერია.

შეტრიალდი და გაიზმორე.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7