ერთნაირობა

 

როდესაც ოდნავ უკეთ ყოფნას გაიძულებენ

გრილ კედელს მიყრდენი,

კისერთან დარჩენილ სივრცეში გამავალ ნიავს გაურიგდი

რომ შეხვედრის ადგილი უცვლელი იქნება

და თუ ის აშენებულია მცხუნვარე მზისგან შეწუხებული

მორიელების თავშესაფრებით,

შეიძლება ვიმსჯელოთ რომ ერთ-ერთი მათგანი

კეფასთანაც აღმოჩნდა შემთხვევით,

როგორც უძრავი და მზარდი წერტილი,

მოძრაობის სიხშირე მხოლოდ საკუთარ საზღვრებში რომ მოუქცევია,

იქიდან კი პერიოდულად ასავსავებენ სახიფათო კუდს.

უნდა გადარჩე. როგორ უნდა გადარჩე? რატომ უნდა გადარჩე?

რა არის გადარჩენა?

ვერგადარჩენების საშუალო მაჩვენებელთან შესადარებელი განსხვავება?

რა კავშირი აქვს ასეთ არასრულყოფილ შეფასებას გადარჩენასთან

ან სამომავლო ყოფილ ცოცხლებს რატომ უნდა გაურიგდე საერთო ღრიანცელში,

მათ შორის ხომ იმხელა განსხვავებასაც ვერ აღმოაჩენ,

რომლის გამოც საკუთარი თავის გამოჭერა უნდობლობაში იქნება შესაძლებელი?

უკან დაიხიე. ერთნაირობა იმდენად სახიფათოა,

რამდენადაც ნაკარნახევი – შეეწირე.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7