საშობაო მინიატურა

 

რა ხანია, სარკმელში აღარ ირეკლება

თოვლის სითეთრით სავსე სოფელი –

პირველმა თოვლა დაივიწყა ეს არე-მარე.

მაინც ემჩნევათ ხსოვნის ძაფებს

ის ნაკვალევი:

თითქოს უთვალავ წელიწადს ფლობს წრფელად განცდილი,

წლობით წლებს ჰყოფნის ერთხელ ნანახი.

ამიტომაა, ამ ტოტგამხმარ ნაძვის ხესაც კი

ვერ იმეტებ ცულის პირისთვის,

როგორც ოდინდელ მოგონებას –

დასავიწყებლად.

 

დღეს ერთადერთი ბზარიღა აქვს ამ უთოვლობას,

მაშასადამე, ფიქრში წასვლას,

ყოფნის შემჩნევას –

ეს ძველისძველი საშობაო მინიატურა

და მისი უბრად წრფელი თვალები,

რომელიც სადად მოუხატავთ დიდი ხნის წინათ.

 

თითქოს არაფერს უნდა ნიშნავდეს,

მაგრამ ამ თვალებს

ჯერ ისევ ახსოვთ

ბავშვის მხრებზე დაყრილი თოვლი,

ხასხასა ნაძვის ტოტებიდან

რომ იბნეოდა.

 

1 2 3 4 5