გზაზე

 

ივლისის ხვატი სოფლის ჭალებს მიუყვება, ქარებს ამუნჯებს.

საყოველთაო სიჩუმეა, უგამონაკლისო,

მხოლოდ,  აქა-იქ ჭრიჭინები, თავკომბალები,

ჭაობის კედლებს ეხლებიან, ქვიან ნაპირებს

და შორეთისთვის ყოველივე ხდება უჩინო.

 

აქ კი ახალი არაფერი, კვლავ ძველებურად,

ძველ საფლავებთან ახლა უკვე ახლებს ვივიწყებთ, –

მეტ-ნაკლებია ნიჭიცა და უშფოთველობაც,

საიმისოდ, რომ დაგვავიწყდეს,

გადაგვავიწყდეს

ან და – პირიქით.

რაღაც ყოველთვის გვაგონდება, რაღაც, რაც იყო,

და მერე ისევ ინტერვალი – სოფლის შარა-გზა.

 

ამ წელს, უთუოდ, ცივი ზამთრით მოგვეღრუბლება,

მოგვიწევს, უფრო შორ კუნჭულში მოვისაკლისოთ

ჩვენი არყოფნა – ყოფნისაგან განუყოფელი,

რადგანაც გული ასვენია ხსოვნის საწყისზე.

თითქოს, იმისთვის გამოგვიხრავს დღეთა ქსოვილიც,

რომ არყოფნის ცა კიდევ უფრო მოწეულიყო.

 

ივლისის ხვატი მიუყვება სოფლის შარა-გზას,

საყოველთაო სიჩუმეა, უგამონაკლისო.

 

 

1 2 3 4 5