საუბრები აღდგომის წინა ღამეს

 

სოფლის ქუჩა წაბლის ტოტზე გაშლილ ღამეს გავს –

მოლივლივე სიზმარს,

ავტომანქანების იშვიათი შუქით ამღვრეულს,

სადაც მუშები ბრუნდებიან დღის შორეთიდან

და მწუხრისფერი ნაბიჯებით  ყვებიან ზამთარს,

უკვე ჩავლილს, მზეჩასვენებულს.

მათ ხომ რატომღაც აეკვიატათ,

თითქოს არიან უგაზაფხულოდ მკვდარი ხეები,

ცის მუცელზე არეკლილი გვალვითა

და მძიმედ, მძიმედ დახრილი მხრებით.

შენ ამოიცნობ მათივე მსგავს სახე-ხატებს

უხსოვარი დროის საყდრებში.

კირ-ქვის სევდიან, წყნარ კედლებზე გამოსახულებს

თვალები მიტოვებულ სამოთხეს მიუგავთ,

რომელსაც მხოლოდ ჩიტ-მტრედები ვერ ივიწყებენ.

 

სოფლის ქუჩა კი წაბლის ტოტზე გაშლილ ღამეს გავს.

ბავშვები – მწკრივად გაფენილი ორიონები,

ტყის ნაპირებთან შეყუჟულან, სოფლის მიწურულს.

ერთი შესძახებს:

– ხედავთ იმ ვარსკვლავს? მას შეუძლია დანარჩენი ძმების ანთებაც!

 

მათ ხომ სიზმრების ქარაგმული მძივებით სურთ ჩვენი დანახვა,

ციცინათელის ზურგსმოკრული განთიადებით.

 

 

 

1 2 3 4 5