მაისი
მეზობელმა სახლი წლების წინ მიატოვა.
იგი წავიდა ლიხსაქეთა საქართველოდან
ლიხსიქითა საქართველოში.
ეს უწყინარი გადაფრენა ჩემთვის დავმარცვლე,
როგორც ბავშვობის ერთი ფურცლიდან
მეორეზე გადაბიჯება.
მეზობლის სახლს კი ყველაფერი თბილი ემოსა –
ივლისის მზეში ამოქარგული,
ეზოში ვერხვი შრიალებდა:
ზაფხულს,
დიდედას…
როცა ერთხელაც ჩავიარე მეზობლის სახლთან,
მაისის ბოლოს,
ჩემი ბავშვობის უშორესი სიმღერაც
რომ მიწურულიყო,
ღობის ხავსიან სხეულიდან თავი გამოყვეს
ნაწვიმარმა, ქორფა ვარდებმა.
მაისის ბოლო საღამო იყო.
თვალებიდან ცრემლი წამომსკდა
და გამახსენდა ჩვენი დიდედა –
ხის ღობისძირა ყვავილებით,
დახუნძლული ბლის ტოტები რომ დასცქეროდათ,
თეთრი ბლისა,
თეთრი ტოტები.
თითქოს სიზმარში ლივლივებდა ნელთბილი კვამლი,
მეზობლის სახლში ნაწვიმარი ვარდი ყვაოდა…
