მდინარე

 

რამდენი ზამთრის გავლაა საჭირო

შემოდგომის მდინარეში შესასვლელად?

რომ შეეზარდო შენც მის დინებას,

ჩამავალი მზის მკლავებში ჩაწვე,

ორივე თვალი სიკვდილს მიაპყრო

და განთიადის ნათებად იქცე.

აქ ყველა დამახსოვრებული სიტყვა გაქრება:

ნუგეშის სიტყვები, ქენჯნის სიტყვები…

გაქრება, როგორც თამბაქოს კვამლი,

ხისმჭრელები რომ მშვიდად ფანტავდნენ

რცხილნარის ზემოთ, ცის უფსკრულებში,

საიდანაც უთუოდ ჩანდა

უხვმოელვარე ხსოვნის სიტყვებიც –

ხან ბუმბულივით მჩატე, ხანაც – დოლაბივით საზიდელი.

ვიდრე ბეღურაჩიტივით გაფრთხობს პატარა ჩრდილიც,

ვიდრე უკუსვლის ძალით ცდილობ გამოზამთრებას,

ამ მდინარემდე კვლავ გაშორებს ერთი სიზმარი:

თეთრი, უფრო კი –

უთეთრესი მტრედის სიშორე.

 

როცა სიტყვები ქარაგმებსაც დაივიწყებენ,

მტრედი თავს გათქვამს

და იტყვის,

რომ სიყვარულია.

 

1 2 3 4 5