***

აჰა ჩემი გამარჯვება გენებათ

აჰა ჩემი ჯილდოები მედლები

დაცემული რად არ გეიმედებით

ყველაფერი ქარია და ჩვენება

 

ვის მოგწვდებათ ჩემი შუშის სიზმარი

გამჭვრივალე და ჭაღარა გოგონა

მე რაც ვქენი თქვენ ნუ იზამთ ოღონდაც

და ნურც თქვენი მეგობრები იზამენ

 

დაურეკეთ დაუბარეთ სამძიმარს

მიიღებენ ჩემი ეზოს მტრედები

ჩემს მეგობრებს ჩემი სენტიმენტები

ჩემს სიყვარულს ეს უგრძესი მანძილი

 

სამახსოვროდ თითო რამე წაიღოს

ყველამ როცა არაფერი ვიქნები

ჩემს ძმაკაცებს დარჩეთ ღვინის ჭიქები

როდესმე რომ არ ვიყო

 

ყველაფერი დასრულდება რაც არი

ფარდებს იქით ზეიმებს და მიტინგებს

არ მოუყვეთ თუ რამდენი ვიტანჯე

საქართველოს აშენება აცალეთ

 

და რომ გითხრათ სახლის ნახვა მინდოდა

ჩემი ძაღლის და მოხუცი ბებიის

ავადა ვარ გეუბნებით წლებია

ავადა ვარ ავად და ნუ მენდობით

 

მაგრამ თქვენი გაუძელი გასაჭირს

მაგრამ თქვენი მოედნისკენ ძახილი

სადაც ასე ცუდი დასანახი ვარ

სადაც ყველა ლამპიონი თვალსა მჭრის

 

მაგრამ თქვენი ხელის მხარზე დადება

მაგრამ თქვენთან დაგროვილი ვალები

თქვენს ცხოვრებას აღარ დავემალები

მეორედ თუ ცოცხლად დავიბადები

 

 

 

1 2 3 4 5