***

გადამექცევა დარდი სიმღერად

ავიკვიატებ ლექსებს

რომ სიყვარული ვიცი იმხელა

მტერსაც მივუალერსებ

 

ამ ჩემ უღრანებს ვის დავუმალავ

ვინ ჩამადნება ხელში

და ჩემს ბინაში როგორც სტუმარის

შენი მოსვლები შემშლის

 

გადამექცევა ბორგვა სიმშვიდედ

და უკუნები შუქად

უნდა მიშველო უნდა მიშლიდე

არ მივიხედო უკან

 

 

 

***

გზა  კი გაივსო აპრილებით

მაგრამ დაცვენას აპირებენ

გახარებამდე კვირტები

ისევ დავკარგე ნაპირები

ბოლომდე დედანატირები

ჩემ ცივ ბინაში ვმკვიდრდები

 

ისე ვერაფრით დამითმობენ

კვლავ უნებლიეთ დავითოვე

უნდა ვეძიო სხვა მხარე

ან ზეიმებზე დამიტოვეთ

ან სიგარეტი დამიტოვეთ

ან რამე კარგი მახარეთ

 

გაჩნდება ძველი სანათები

რომ თეთრი ღამის სამართებლებს

ვუნთო ერთი ხომ მოვიტოვე

 

არ დამითმობენ წამართმევენ

კვლავ საგიჟეთში წამათრევენ

მერე ნაცნობი კორიდორი

მერე კი ისევ “Rolling Stones”

მერე კი ნაცრის მტრედები

ისევ ცისფერი მონიტორი

ძვირფასო გზასაც მოგისწორებ

წასასვლელად თუ გჭირდება

 

 

 

1 2 3 4 5