***
არასოდეს დაგტოვებს
შენც სულ მის გზას მიყვები
დაურიგე მათხოვრებს
სიტყვები
იქნებ შენი ვერსია
უფროთ უკეთესია
სხვებზე უფროთ მართალი
იქნებ აღარც გესვრიან
რაც კი დაგითესია
გეყოს მთელი ზამთარი
ხან ხელები გესვრება
ხან ღვინო არ გესმევა
ხან რაღაცას ამთავრებ
რამდენგან მოგესმება
შენი ვერმობეზრება
ვერ გიპოვეს სათავე
ვეღარავინ გეშვება
არაფერი გეშლება
ყველგან შენ ხარ მართალი
***
გაწყდება ერთხელაც ბილიკი
შევრჩებით საცალო სავალს
მე მგზავრი კი არა პირიქით
გზა ვარ
გაგიქრობ ერთხელაც მაგ შიშებს
იმედით აგივსებ თვალებს
ოღონდაც არ უთხრა კაციშვილს
სულს რამდენ წვრილ კენჭთან დავლევ
იხუმრე იცინე იცრუე
მიხვედრა იქნება რთული
მიყვარხარ ამ ჩემი ფიცრული
გულით
და ღამით ამიტომ ვიძინებ
ამიტომ ვიღვიძებ დილით
რომ შენი გულღია სიცილი
გავს ბავშვის დაკარგულ ღილებს
შენ მალე მიხვდები ყველაფერს
და მალე დამალავ მზერას
რომ თურმე არც ისე ფერადი
მზე ვარ
