პაუზები

 

დეკემბრის ღამეთა სტაგნაცია.

შეხვედრებს შორის პაუზები.

ვფიქრობ, ამ ზამთარსაც გაუძლებენ

ხელები და ვიდრე გამაციებს

ქარი – შორეული სადგურიდან,

მიგდებულ ვაგონს ვეფარები…

ტერფებს კი სუსხი ეპარება.

შენგან ნახსოვარი ამულეტი

თითქოს შემეზარდა ხელისგულთან.

ეგ შენი გიშერი – უშავესი.

ახლა ქარის ხმა ყრუდ ჩამესმის.

ახლა ქედებიც შენისლულან.

იცი? გაზაფხულიც იგვიანებს.

მოსვლას აყოვნებენ მარტ – აპრილი.

ისევ ორი აბი კაპტოპრილი.

აღარც გულისცემა – რიგიანი.

აღარც მაჯისცემა – გვარიანად.

შეხვედრებს შორის პაუზები.

ნეტავ, ამ ზამთარსაც გავუძლებდე.

იცი? გაზაფხულიც აგვიანებს.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8