დილა

 

 

დილაა. იღვიძებ. ერთჯერად მაკკოფეს-

ბლექ ტიპთან ახამებ და ჯდები საწერად,

რამდენი ხანია, ნერვები არ გყოფნის,

დატოვო სამყარო-აჩრდილთა კარცერი.

ქალებსაც ამბორზე უარი მიუგო,

ქუჩიდან გეძახდეს ბეტონის თბილისი

და ფიქრის გარეშე მოროშო ჰიუგო,

უბრალოდ მორიგი სარითმო წყვილისთვის.

ქუჩიდან გეძახდეს თბილისი. ბეტონი.

მოსკვიჩი. ზემელი. სან-ზონა. პრიუს ცე.

ცოტა ხნით გადადო სარტრი და ბრეტონი.

ქალაქის ყაყანით თრობას რომ მიეცე.

გახვიდე თავიდან ბოლოში ქალაქის,

მტვერივით გაუყვე გლდანიდან-ვარკეთილს,

გიჟივით გავარდე და ცხელი ყავა კი

შუამდე დალიო. იყიდო ვარდები-

ახვიდე საცოლის საფლავზე-კუკიის,

დატოვო ოთახი, ყავა და საწოლი,

ერთგული ძაღლივით თვალებში უყურო,

ერთგული ძაღლივით გიცქერდეს საცოლე,

დაიწყო ბავშვივით უაზრო სლუკუნი,

დაიწყო ბავშვივით უაზრო გოდება,

დაიწყო ბავშვივით უაზრო სლოკინი,

ბავშვივით დაწერო უაზრო ოდები,

დაბრუნდე ბინაში, ჩამოჯდე საწერად

და ბოლო მოუღო მორჩენილ მაკკოფეს,

რამდენი ხანია, ნერვები არ გყოფნის,

დატოვო სამყარო-აჩრდილთა კარცერი.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8