თასმის გახსნა

 

შესაძლებელია ამოიცვა ფეხსაცმელი,

შესამჩნევად ამოიოხრო

და კინწის კვრით მიაბრძანო

მოვალეობით გამძღარი მოძრაობის ჯერადი ყოფა უმისამართოდ.

სადმე წასვლასავით თადარიგის დაჭერაც შესაბამისობას მოითხოვს.

წესიდან წესამდე გადაშლილ

ნასესხები დღეებივით თავმოქაჩლებულ თავისუფლებას

ხავიწის ფერი დაედება,

პირ მოთითხნილი ამოიქოშინებ და შეგზარდება

უნარების გამოძახილი,

საჭიროების მიხედვით გამომუშავებული

-,,გუნდური მუშაობის პრინციპი’’,

,,სტრესულ გარემოსთან აქტიური თავსებადობა’’

და უამრავი ხრინწი,

რომელსაც თმენის ძალაყინით ექაჩები სადღაც სიღრმეში,

რომ არ ამოსხლტეს,

სისუსტე არ ამოგატვიფროს

სიმშვიდით შელესილ ფასადზე,

არ ჩამოგაქციოს და ჩამოგანგრიოს იქამდე,

ვიდრე მოძრაობით გადაღლილს,

ქოფაკებივით შეზღუდული

ფეხების აშვება არ მოგინდება,

თუ მანამ თასმაზე არ  დაიბიჯე და გადაყირავდი.

 

 

 

მკვრივი პოეზია

 

ადრე თუ გვიან მოვინდომებ ვილაპარაკო

არის თუ არა პოეზია იმდენად მყარი,

რომ მოვახერხო წარმოდგენა – ვირი პარიკით

ქაფის ბუშტუკებს  ტლინკებს უქნევს და იბეგრება

ყველა ქმედების საპირწონედ. სადაც ბალახობს,

თმენით შეხვრიპოს გასათრევი ბარხანა-ბარგი

და მიაღწიოს ადგილამდე, დახვდეს ბოლო ხე,

ხეზე ბოლოკი მოქანავე, როგორც ნათურა

წითელ სიცილში გაწაფული, დამპალი გვერდი

იცვალონ გზებმა, შევიცვალო ენა და თუ რა

შედეგს კვირტივით გამოიღებს, მერე ვიღონო

რამე ისეთი, რაც სიმკვრივეს ააწრიალებს

და მოცულობის ერთეულზე სრული ფარდობა

მასის, რომელიც გააჩნია პოეტურ ტექსტებს

-ბოლო ხის ხმელი კენწეროდან გადმოვანთხიო,

თუ გავიმეტებ.

 

 

1 2 3 4