* * *

 

პირქვე დამხობილ სიტყვებზე ვწერდი

საგალობელს და სამუდარებელს

როგორმე იქნებ წამომდგარიყვნენ

და უცხო თანმიმდევრულობით ეცადათ ფრენა.

ქვაბის კიდეზე მიმხმარ ფელამუშს

ვფხეკდი არც ისე პირბასრი დანით,

რომელსაც ბებო  ნახშირთან ერთად

წყალში ავლებდა ხოლმე ბუტბუტით

და შიშებს ასე  იმორჩილებდა

გაფითრებული სულიერიდან.

ვეღარ წამომდგარ სიტყვებზე ვწერდი,

მათი ნარჩენი ნაწილები იღრიცებოდნენ,

იხედებოდნენ ერთმანეთში გაუთავებლად

და შეთავსების მოლოდინით იმღვრევდნენ ფორმებს.

მათში ვიწექი, ვიმხნევებდი უამრავ ამბავს,

ვიგერიებდი თითქმის ყველა შეკუმშვის მიზეზს

რომ გამეჩინა მომავალი სადაც ნაკლები

სიტყვა იღვიძებს ძილნაკლული ჩვილი ბავშვივით

და ჭირვეულულობს.

 

 

 

 

,,დანაშაული

 

დაბეგვე შენი ოხშივარი – სხეულის სითბო

ტანზე რომ ქშინავს,

დაბერე სული გაღვიძებას ნოტიო ძილით.

ჩაიტკბარუნე პირი  გათენდი-თ.

ჯერ არაფერი გამოგსვლია ისეთი მშვიდი,

როგორც იდაყვში მკლავის მოკეცვა.

ისეთი მკვრივი ვერაფერი დევნე ტანიდან,

როგორც მხრებს ქვემოთ წინა ნაწილი.

არც უცნაური არაფერი დაგსიზმრებია,

გარდა ქაფქაფა სიცოცხლის ტალღა,

სულის შებერვის გარეშე რომ ხვრეპდა რხევებით

თავშეკავების უარმყოფელი გამბედაობა.

ვერ გიკარნახებ რა უნდა გეცვას.

ვერც იმას ვხვდები რა უფრე დიდი ,,დანაშაულია”,

პეპლის ფარფატის მაგვარი ცეკვა რომ შეგიძლია,

თუ ჩემი გაყუჩება შენი უძრაობით.

 

 

1 2 3 4