მოხეტიალე დენი

 

დრო სწორად უნდა შეარჩიოს ადამიანმა

ბნელ პერიოდში.

ვინც ამას შეძლებს, აუცილებლად შევადარებ

მოხეტიალე დენს.

,,ატაპლენიის” მილიდან,  გადაფხეკილ ნაწილზე

შემოხვეული სადენის ერთი წვერი,

თორმეტ ვატიან ნათურაში შეღწევის მთავარ გზად

რომ აურჩევია

და გზის მეწყვილე, ელექტრო ქსელთან დაერთებით

წრედის შესაქმნელად,

შემოვლითი გზასავით აღმოუჩენია.

ასეთ დენზე უფრო მეტი საუბარია შესაძლებელი,

ვიდრე ადამიანის მოლოდინზე,

რომ ის საიდანმე მოვა, დაგენახვება და დაგაჯერებს რომ ამჩნევ.

ახლა კი მგონია ვიღაცის უცხო თვალებიდან ვჩიჩქნი საკუთარ თავს

და ამით  ვამხნევებ დროს,

რომელიც აღარ უნდა გადიოდეს.

 

 

 

სველი ტილო

 

იდაყვების ქვეშ ცივი ტილოა,

შეიძლება ოდნავ ნოტიოც,

როგორც არომატული ხელსახოცი

და მიჭირს დავიჯერო გამოფხიზლების სათადარიგო გეგმა

რანაირად შეიძლება მუშაობდეს ასე გაფენილად.

მის უკან აშკარად ვიღაც არის, უფრო სწორედ ვიღაც ჩანს.

პერიოდულად ფრჩხილებს მასობს,

ძვლების შემაერთებელ ნაწილს

ამოვსებული ხრტილისგან

მგონი გათავისუფლებას უპირებს.

კიდეებზე კი უსწორმასწორო წახნაგებიდან

აბურდული ძაფის ბუსუსები,

მინიატურულ კაქტუსებს გვანან.

მათი წარმოსახვითი ეკლის ძირებთან

რძის ფერი ცვარი შეინიშნება.

ამ დროს შეუმჩნეველი რჩება  გამორკვევისთვის

წინასწარ აკვიატებული არგუმენტებით თავდაჯერებული მსჯელობა,

რომელსაც თავისუფალი ზონის სტატუსივით შეუფერებია

ძიების პროცესით გაბეზრებული დამკვირვებლის აშკარა სილუეტი,

რომელშიც გამდინარეა ყოფიერების მაჩვენებლებით აკინძული  გამოსახულება

და მასში მხოლო უსასრულობის ნიშან-თვისება ილექება დილის ნაფაზივით.

 

 

1 2 3 4