*

 

შემოდგომაა.

ნაზამთრალი დღეების მარაგს –

სიტყვებს გულის ჭიდან ვიღებ.

შენს ნამყოფარს ვამკობ,

წარსულს

და შენ –

წასულს,

ენის წვერზე გატრიალებთ,

პირი თქვენით მაქვს სავსე.

შემოდგომაა,

ფიქრებს მზეზე ვფენ,

ვავლებ,

ვაჩირებ.

უმწეო მზისგან ოფლი გადამდის,

იმავე გზაზე სიარულისგან ტერფები მტკივა,

ათასი ტონა ტვირთი მაწევს შენთან მოსვლისას,

მაინც მოვდივარ –

ვდარდობ,

ვიწვები,

მაშინ რომ

ვერ გადაგარჩინე.

შემოდგომაა,

ათასი ქალის ტირილი მესმის,

ათასი მკვდარის გლოვა მესმის,

თითქოს ვენებში ყველა ერთად მიგროვდებიან.

და გზა გოლგოთის,

ისინი რომ ახლა გადიან,

ისე მეცნობა,

ლამისაა ეს გზა ვასწავლო.

შემოდგომაა,

მეხეუთე და უფრო მტკივანი,

წასვლამდე კარი ისე მიიხურე,

არც გამიგია,

ახლა კი ისე ცხადად მესმის

ხმები, რომელიც

უნდა გამეგო,

მომესმინა –

ხმა ცის და მიწის,

ხმა არყოფნის,

ხმა ჩუმზე ჩუმი.

შემოდგომაა,

ნასიზმრალი ღამეებიდან –

შენს გაღიმებებს ნელა-ნელა,

განგებ ვიზოგავ.

და ამ უმწეო მზით გამთბარი

ცის უკან გეძებ,

თვალებით ვსერავ

თვითფრინავის ნავალ ბილიკებს,

მე სულ მგონია,

შენ ანათებ ყველაზე უფრო

და ყვითელ სხივებს ნება-ნება ციდან მოჰყვები.

მეხუთედ მტკივა,

მაშინ რომ ვერ გადაგარჩინე.

 

 

1 2 3 4 5 6